შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისიდან გატაცებული ახალგაზრდა მამაკაცი გაათავისუფლა და 10-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა
თბილისის პოლიციისა და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ერთად იმერეთსა და თბილისში ერთდროულად ჩატარებული რამდენიმე სპეცოპერაციის შედეგად, მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით, 10-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს, - ამის შესახებ განცხადება შსს-ში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გაკეთა. უწყების ცნობით, ჩადენილი დანაშაული 9-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 1995 წელს დაბადებულ ახალგაზრდას თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა გატაცებულის მამამ და აცნობა, რომ გამტაცებლები მას მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდნენ, შვილის გამოსასყიდად დიდი ოდენობით თანხა მოსთხოვეს, ფულის გადაუხდელობის შემთხვევაში კი მძევლის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.
„სამართალდამცველებმა, ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გატაცებულის ადგილსამყოფელი დაადგინეს. გამოძიების ინფორმაციით, გ.დ. შეიარაღებულ გამტაცებლებს იმერეთის ერთ-ერთ სოფელში ჰყავდათ გადამალული.
პოლიციამ გატაცებული ახალგაზრდა წარმატებული სპეცოპერაციის შედეგად გაათავისუფლა. სამართალდამცველებმა სახლიდან, სადაც გამტაცებლებს მძევალი ჰყავდათ გადამალული, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი.
პოლიციამ გ.დ. ოჯახში უვნებლად დააბრუნა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლით მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა“, - აღნიშნეს შსს-ში.
მომხდარი გატაცების შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ შსს-ს ოფიციალურ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე გაავრცელა. „ინტერპრესნიუსის“ წყარო 18-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფის დაკავების შესახებ იუწყებოდა. იმავე წყაროს ცნობით, გატაცებული გალში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს და მისი გათავისუფლების სანაცვლოდ სოლიდურ გამოსასყიდს ითხოვდნენ.