ავტორი:

"თამამი კოსტიუმები არ მიხდება და ცეკვაზე უარს ვამბობდი" - რა კომპლექსები მოუხსნა ნინო ჩხეიძეს "ცეკვავენ ვარსკვლავებმა"

"თამამი კოსტიუმები არ მიხდება და ცეკვაზე უარს ვამბობდი" - რა კომპლექსები მოუხსნა ნინო ჩხეიძეს "ცეკვავენ ვარსკვლავებმა"

მომღერალი ნინო ჩხეიძე, რომელიც მეგაშოუ "ცეკვავენ ვარსკვლავების" ერთ-ერთი კონკურსანტია, ამბობს, რომ წლების განმავლობაში პროექტში მონაწილეობას თავს არიდებდა, თუმცა წელს შოუდან მიღებულ შემოთავაზებას დათანხმდა, რადგანაც ამისკენ სხვა მონაწილეებმაც უბიძგეს:

"ჯერ ერთი, ძალიან დიდ შრომას მოითხოვს და მეორე, ისეთი დეტალები, რაც თუნდაც ჩაცმის სტილს ეხება, თამამ კოსტიუმებს, ვიცი, რომ არ მიხდება და ამის გამო უარს ვამბობდი...

ახლა კი არ ვნანობ, რომ დავთანხმდი, ჯერ ორი ლაივი იყო და უკვე ბევრი რამ ვისწავლე. თან, მთელი ცხოვრება ვაპირებდი ვარჯიში დამეწყო და ვერ მოვახერხე, აქ ახლა ისე ჩავები, დღეში 5-6 საათი აქტიურად ვვარჯიშობ. მოკლედ, ცეკვა-ცეკვით ვვარჯიშობ. აქამდე კონკურსში არასდროს მიმიღია მონაწილეობა და თურმე უდიდესი გამოცდილება ყოფილა. რაღაც ბრძოლისუნარიანი გავხდი, ცოტა დამოუკიდებელიც. არც ისეთი პატარა ვარ და წარმოიდგინეთ, ცეკვას ახლა ვსწავლობ, აქამდე მსაგავსი რამ არ გამომიცდია", - გვეუბნება ჩხეიძე და გვიმხელს, რომ პროექტმა ლამის 10 წლით გააახალგაზრდავა და წლები მოაკლო.

"მინდა, პროექტში რამდენი ხანიც დავრჩები, მაყურებლის წინაშე კარგად გამოვიდე. იმაზე არ ვფიქრობ, რომ მაინცდამაინც ფინალში მოვხვდე. მით უფრო, რომ არიან კონკურსანტები, რომლებიც ჩემზე გაცილებით კარგად ცეკვავენ. თან, მაღიზიანებს ადამიანები, თავისზე ნიჭიერ ადამიანს რომ ეჭიდავებიან. ამას არ ვაპირებ, თუმცა შეიძლება თანდათან ისე კარგად გამომივიდეს ცეკვა, რომ ვთქვა - არა, ახლა მეც ძალიან კარგად ვცეკვავ...

იმასაც გეტყვით, რომ რთული აღმოჩნდა ცეკვის ილეთების სწავლა, რადგანაც არასდროს, არც ერთი დღე არ მიცეკვია. ტანის, ხელის დაჭერა, ხომ ელემენტარულია, მაგრამ გამიჭირდა. მაგრამ როცა პროექტში ხარ, მნიშვნელობა არ აქვს, სხვა დროს გიცეკვია თუ არა, უნდა შეძლო. ამიტომ, რამდენი ხანიც ვიქნები, მინდა, ლამაზი ცეკვა წარმოვადგინო" - გვეუბნება მომღერალი.

როგორც ნინო ამბობს, ცეკვებმა სცენაზე უფრო უკომპლექსო გახადა. პროექტმა მეტი თავისუფლება მისცა.

"რამდენიმე დღის წინ ისრაელში კონცერტი მქონდა და ბევრად ლაღი ვიყავი. ასე რომ, პროექტის შემდეგ საკუთარ თავს აუცილებლად ვაიძულებ, ცეკვით ფიზიკურ აქტივობას. კი, ცეკვას უცილებლად გავაგრძელებ!

ჩემი კონცერტები და საგასტროლო პროგრამა ერთი წლით ადრე მქონდა გაწერილი, ამიტომ, ამ შოუს მსვლელობისას, შუალედებში ფრენა მიწევს და რეპეტიციებზე 2 დღე მაკლდება, თუმცა წუწუნიც არ მომწონს. ამჯერად ჩემთვის მთავარი მიზანი ის არის, რომ ლამაზი ნომერი წარმოვადგინო. ამაზე ვარ ორიენტირებული და ჯერჯერობით ამის გამო მინდა პროექტში ყოფნა. ჯერ მინდა პროექტში ყოფნა და კარგი ნომრების წარმოდგენა", - ამბობს ჩხეიძე.

პარტნიორზე ფიქრობს, რომ საუკეთესოდ შეეფერებიან ერთმანეთს და პროდიუსერებმა სწორად შეურჩიეს მეწყვილე:

"რამაზ ლაზარიშვილი ამ პროექტში გავიცანი, ვფიქრობ, საუკეთესო მოცეკვავეა, რომელიც ამ შოუს მონაწილეებიდან მომიხდებოდა - პროდუსერებმა სწორად შეარჩიეს წყვილები. ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ, რამაზი, როგორც პარტნიორი, ძალიან მიხდება. მუშაობაში ძალიან მომთხოვნია, რაც მთავარია, პროფესიონალია. ცოტა იმაზე ვნერვიულობდი, პირველ ეთერში როგორ იქნებოდა და ძალიან მომეწონა. კომფორტული მეწყვილეა, საშუალებას არ გაძლევს, შეცდომა დაუშვა. აბსოლუტურად თვალდახუჭული ენდობი.

- მეუღლემ როგორ შეგიფასა ცეკვა და საერთოდ, პროექტში მონაწილეობა?

- გიორგიმ თქვა, რომ ძალიან ვინერვიულეო. საერთოდ, ძალიან განიცდიან ჩემი ოჯახის წევრები და ამის გამო ჩემი ძმა შოუს საერთოდ არ უყურებს, გიორგიც ასეა, ოღონდ, მგულშემატკივრობს და უყურებს კიდეც. თავიდან კი ამბობდა - რად გინდოდაო, მაგრამ ახლა სულ მეკითხება, როგორ გამომდის, რამდენად კმაყოფილი ვარ. გიორგი ამჟამად უკრაინაშია და აქედან ვუგზავნი რეპეტიციის ჩანაწერებსაც.

- თუმცა, როდესაც პროექტში მონაწილეობას დასთანხმდი, მეუღლისთვის არ შეგითანხმებია, ხომ?

- 15 წელია, ცოლ-ქმარი ვართ, უკვე ავტომატურად ხდება რაღაცები. არ მითქვამს, არ შემითანხმებია, ვიცი, რომ არანაირი პრობლემა არ იქნებოდა.

- შვილი გგულშემატკივრობს?

- ჩემი შვილი კრიტიკულია, ყველაფერზე არ მეუბნება, რომ კარგია. შეიძლება სამოსიც დამიწუნოს და სიმღერაც...

- შენი სიმღერები მოსწონს?

- ზოგი მოსწონს, ზოგი - არა. საერთოდ სხვა მუსიკას უსმენს, "ნირვანას" ფანია. ამ შოუში მონაწილეობა მომიწონა...

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს