ხშირად გვყოლია სტუმრად ადამიანები, რომლებმაც საკუთარ თავში რაღაც ახალი უნარები აღმოაჩინეს, საქმეც წამოიწყეს, გამოუვიდათ და ახლა ამ საქმის კეთება სიამოვნებთ. როგორც ჩვენი რესპონდენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "ნაშუადღევის" წამყვანი ირაკლი გაფრინდაშვილი ამბობს, მთავარია, საქმის კეთება გინდოდეს და მერე ყველაფერი გამოგივა. ბოლო დროს ხეზე მუშაობა დაიწყო, ხეს გარემოში, ბუნებაში მოიპოვებს, საკუთარ თავს კი დურგალი შეარქვა... მრავალმხრივი ადამიანია, ადრე ლექსებსაც წერდა, ერთი კრებულიც აქვს გამოცემული, მაგრამ დიდი ხანია, არაფერი დაუწერია, "რასაც დავწერ, ხანდახან ვმალავ, რაღაცები აღარ მომწონს... აი, დურგლობა მართლა მომწონს, რომელიც შემთხვევით მოხდა. თავიდან ვიფიქრე, ხატვას დავიწყებ-მეთქი, ფუნჯები და სახატავი ფურცლები მოვიმარაგე, რაღაცები დავხატე, მაგრამ დიდად არ გამოვიდა. მერე არტისტ კრისტი ელსონის ნამუშევრები ვნახე და იდეა გამიჩნდა. მაშინვე მშრალ ხიდზე წავედი, რაღაც დეტალები ვიყიდე და პირველი ნამუშევარი ეს კაცი იყო, დურგალი. მისი პორტრეტი ღვინის ბოთლის გასახსნელით (ეს ღვინის სიყვარულს განასახიერებს), კალმებით (ეს წერის სიყვარულია) და გასაღებით (სახლს ნიშნავს) შევქმენი... სიტყვა დურგალი მომწონს, არადა, ამ სიტყვას თითქმის აღარ იყენებენ, მხოლოდ ზღაპრებში დაგვრჩა, თუმცა მგონია, რომ გემრიელი სიტყვაა. ამ ნახატს ეს სახელოსნო მოჰყვა, რომელიც მეზობელმა მათხოვა, მერე სკივრებიც მაჩუქეს, სადაც საჭირო მასალას ვალაგებ და იქიდან შემდეგ ჯადოსნობები ამომაქვს, რისგანაც კომპოზიციებს ვაკეთებ. ახლა შედუღება უნდა ვისწავლო და ამ ყველაფერში სკამები და ველოსიპედებიც გაჩნდება, მეტი პატარა ამბავი დაემატება და ნამუშევრები უფრო საინტერესო იქნება. მიმაჩნია, რომ ეს ძვირად ღირებული არტია, რა თქმა უნდა, თუ კარგად შეფუთავ.
- ამ ყველაფერში მთავარია, რომ მასალა არის ხე და ყველაფერი ბუნებრივი...
- ყველაფერი იქიდან იწყება, საწყისს რომ იპოვი, რაც გეუბნება, როგორ იმოქმედო! აი, ის კარის გული როგორც ვიპოვე, ისევე ავიღე, არც საღებავი ამიცლია და არც ახალი წამისვამს, რადგანაც მიმაჩნია, რომ შესაბამის განწყობას ქმნის, უბრალოდ, სხვა ელემენტები მივუსადაგე, რაც ახალ გარემოს, ფონს და განწყობას იწვევს. მერე სახლებსაც, რომლებსაც ვაკეთებ, "ვაძველებ", ხომ ვამბობ, სიტუაციას ვარგებ.
- მასალას სად აგროვებ?
- ხის სამხერხაოებში დავდივარ და გადაყრილ ნარჩენებში ხის ნაჭრებს, ნაფოტებს ვეძებ, რომლებსაც მერე ერთმანეთს ვაწებებ. ტყეშიც ვპოულობ და ვაგროვებ ხეს, იქ ხომ უამრავი საინტერესო მასალის აღმოჩენა შეიძლება. გარდა ამისა, ვიყენებ რკინას, ლურსმანს, ჟანგიანი ლურსმანი განსაკუთრებულად მიყვარს, აი, ის სახლი ჟანგიანი ლურსმნის გარეშე არაფერი იქნებოდა. ვიყენებ, ასევე გამხმარ მცენარეებს. საქართველო ხომ შემოვლილი მაქვს, მაგრამ ხელახლა დავიწყე მოგზაურობა. აბასთუმნის ტყე ცოტა ხნის წინ მოვინახულე, ტყე კიდევ სხვა შეგრძნებებს და შთაგონებას გაწვდის. რომელი ხის ძირას რას წავაწყდები, ნამდვილად არ ვიცი, ზოგჯერ ბუნებრივად გდია რაღაც ხის ნაჭერი, რომელიც რაღაცას ჰგავს. შეიძლება ფესვი იყოს, მოტეხილი ტოტი, ნაფოტი. გუშინ კუნძი ვიპოვე და ძალიან მომწონს... მინდა, ეს ყველაფერი უფრო განვავითარო, რომ შემოსავლის წყაროდ იქცეს. უმაგრესი რამ არის.
საერთოდ, ეს დურგლობა ჩემთვის უფრო ზღაპრულია, თბილია, როცა ვმუშაობ, კარგი შეგრძნებები მოდის, ჩემთვის ვზივარ, ვსაქმიანობ და მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რასაც ვაკეთებ. საოცარი შეგრძნებაა, როცა არაფრისგან რაღაცას შექმნი. ეს საქმე იმდენად მექაჩება, ისე, რომ დილის 8 საათზე შემოვდივარ სახელოსნოში და ღამის პირველ საათამდე არ გავდივარ. დროის შეგრძნება მეკარგება. ხესთან კომუნიკაცია საოცარი რამ არის. უზარმაზარ ენერგიას ვიღებ.
- ქვაზე რას იტყვი?
- იმავეს. ბავშვობაში სამეგრელოში ვისვენებდი ხოლმე, აი, ეს ნამუშევარი იქ ვიპოვე და გამოვთალე - ქვაც ძალიან მიყვარს. ანიმაციის გაკეთება მინდა, სცენარიც მაქვს ჩემზე და ბაბუაზე. გივი ნაჭყებიას დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რასაც ახლა ვაკეთებ. დედაჩემს ვუთხარი, სოფელში ბაბუის ნაქონი ძველი სალაშინი უნდა მოძებნო-მეთქი... მას მუდმივად რაღაცის გაკეთებაში ვყავდი ჩართული. ახლა ვხვდები, ბაშვობაში მიღებული ის გამოცდილება მადგება. ასე რომ, ასეთი კავშირი მაქვს დღეს ბაბუასთან.
- შენ მიერ დამზადებული ულამაზესი ჩიტის ბუდეები ვნახე, სადაც გამოყენებული გქონდა არაერთი საინტერესო მასალა (ღვინის საცობები, ორშიმო, ხის ფესვები, ტოტები...)
- ეგ პირველი შეკვეთა იყო, ერთ-ერთი სასტუმროსთვის დავამზადე 13 ჩიტის სახლი. პირობა ისეთი იყო, რომ ბუნებაში არსებულ შატოში უნდა მეცხოვრა, მეფიქრა ჩიტებზე და მათთვის სახლები დამემზადებინა... ამ ზაფხულს კარგად ვიმუშავე, იმედი მაქვს, ჩიტები წლევანდელ ზამთარს კარგად გადააგორებენ.
- რას ურჩევთ ადამიანებს, როგორ დაიწყონ?
- მთავარია სურვილი და თუ მიდრეკილებაც აქვთ, სცადონ. ამაზე კარგი თერაპია არ არსებობს. პროცესი ისეთი საინტერესოა, რომ მაგნიტივით გიზიდავს და თან, დღევანდელ დღეს კარგი დამამშვიდებელია.