საქართველოში ფარული ჩანაწერების სკანდალი გრძელდება. ის რამდენიმე კვირის წინ ოქუაშვილი-ყიფიანის სკანდალით დაიწყო, სუბელიანი-ჯაფარიძის ჩანაწერებით გაგრძელდა და გუშინ კიდევ ახალი სერია - ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის აუდიოჩანაწერები მოვისმინეთ.
თბილისის პროკურატურაში კვლავ მიმდინარეობს გამოძიება ლევან ყიფიანსა და ზაზა ოქუაშვილს შორის საუბრის აუდიოჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით. ჩანაწერებში საუბარი ეხებოდა „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების გავრცელების შესაძლებლობებსა და ზოგადად კომპანიის შემდგომ საქმიანობას, რის გამოც ეს ჩანაწერებიც დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.
გამოძიებამ მედიასაშუალებებიდან გამოითხოვა აუდიოჩანაწერები და მათი ავთენტურობის და მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით, შესაბამისი ექსპერტიზაც დაინიშნა. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ვიდეო და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ჩანაწერები არ არის ავთენტური, დამზადებულია მონტაჟის გზით, ამავდროულად, ყველა აუდიოჩანაწერი დამზადებულია წყვეტებით და მათზე მრავლობით აღინიშნება ციფრული და მექანიკური მონტაჟის კვალი.
დასკვნის შეფასება AMBEBI.GE-მ დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ "ალტერნატივას" დირექტორს, დამოუკიდებელ ექსპერტ-ფონოსკოპისტ მარიკა ტოკლიკიშვილს სთხოვა:
"ავთენტურობა ნიშნავს ნამდვილობას. ფირი ავთენტურია, თუ ორივე მხარე ადასტურებს შეხვედრასა და საუბარს. შეიძლება ვიღაცამ ამის შემდეგ დაჭრას ჩანაწერი, ეს უკვე მონტაჟია, მაგრამ ფირი ავთენტურია. იმის თქმა, რომ ფირი დამონტაჟებულია და ამიტომ არაავთენტური, ანუ არ არის ნამდვილი, ეს აბსურდია. როგორც ცნობილია, ორივე მხარე აღიარებს, რომ ნამდვილად ისაუბრეს და ექსპერტი რატომ წერს, რომ ჩანაწერები არ არის ავთენტური, ჩემთვის სრულიად გაუგებარია.
ექსპერტმა უნდა თქვას, რომ არის მონტაჟი და იმ შემთხვევაში, თუ სატელეფონო ჩანაწერი აქვს, მოითხოვოს ანძიდან ამონაწერი. თუ დადასტურდა, რომ მათ შორის შედგა სატელეფონო საუბარი და ექსპერტს მიუვიდა ეს ჩანაწერი, იტყვის, რომ ის ავთენტურია. ეს მხოლოდ სატელეფონო საუბარზე, ხოლო მე თუ დიქტოფონზე, ან სხვა საშუალებით ჩავიწერე, ექსპერტი როგორ დაამტკიცებს, ნამდვილია, თუ არა? ექსპერტს მხოლოდ შეუძლია დაამტკიცოს, მონტაჟია, თუ - არა.
- სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის დასკვნაში ვკითხულობთ: ჩანაწერები არ არის ავთენტური, ყველა ჩანაწერი დამზადებულია წყვეტებით და მათზე მრავლობით აღინიშნება ციფრული და მექანიკური მონტაჟის კვალი. ამას როგორ ახსნით?
- ცხადია, რომ აღნიშნული ჩანაწერები ციფრულია. დღეს სადმე გსმენიათ, ბაბინებზე ჩაეწეროს ვინმეს რამე? კასეტებიც კი აღარაა გამოყენებაში. მექანიკური მონტაჟი ჩვენი ტერმინოლოგიით ნიშნავს შემდეგს: ადრე ბაბინას რომ გაწყვეტდნენ და მერე წებოთი, ან ფრჩხილის ლაქით გადააწებებდნენ, ლუპით ვუყურებდით, იყო თუ არა გაწყვეტილი მექანიკური მონტაჟით, მერე კი აუდიტორულად უნდა დაგვედგინა, ნამდვილად იყო თუ არა გადაბმა.
ციფრულზე ამას ვერ გააკეთებ. როდესაც იდენტიფიკაციაზე მუშაობ, აკვირდები ყველა ნიუანსს - სიტყვით და სუნთქვით პაუზას, კითხვის და მეტყველებით ინტონაციას და ა.შ. ასე რომ, ციფრულ ჩანაწერში მექანიკური მონტაჟი რას ნიშნავს, თვითონ უნდა განმარტოს ექსპერტმა, ეს ჩემთვის გაუგებარია. ალბათ გაუაზრებლად ჩაწერა, თორემ ამას ციფრულ ჩანაწერში ვერ ნახავდა.
- თუნდაც წყვეტილი, თუნდაც დამონტაჟებული, დაჩეხილი ჩანაწერი საუბრის შინაარსს რა დროს ცვლის და ადვილია ამის გარკვევა?
- საუბრის თემა თუ იცვლება, მაგ. ამინდზე ვსაუბრობთ და უცებ ჩანთებზე, ან პოლიტიკაზე გადავედით, ერთი თემიდან მეორეზე რბილი გადასვლა თუ არაა, რა თქმა უნდა, შინაარსი იცვლება. ჩამწერმა წინადადებები თუ ამოიღო და შეაერთა იმ მიზნით, რომ საერთო სურათი შეედგინა (მაგ. პირველ დღეს ვერა და მეორე დღეს მივიდნენ შეთანხმებამდე), წარადგენს მთლიან ფირს, ჩანაწერს და მერე ექსპერტმა უნდა დაადგინოს, რომ მონტაჟია.
როდესაც ჩვენ ვუყურებთ სატელევიზიო გადაცემებს, ხომ ვიცით, რომ ისინი დამონტაჟებულია? ჟურნალისტი სიუჟეტს აწყობს და შეიძლება, თავში რაც თქვა, ის ბოლოში გადაიტანოს. მაგალითად, მთლიანი ჩანაწერიდან რეიტინგისთვის სჭირდებოდა მოსაუბრის ხმაურიანი გამონათქვამები, რომელიმე პიროვნების გვარის გაჟღერება და ამიტომ 24-წამიან ჩანაწერში ისინი უნდა მოხვდეს, მეტი დრო და ადგილი არ აქვს, ამიტომ საჭიროებისამებრ შეაკოწიწებს, მაგრამ ესაა სატელევიზიო სიუჟეტი, რომელიც ჟურნალისტმა შექმნა, ჩასვა ჩანაწერები და ასეთი მიუტანა ექსპერტს. მე რომ ასეთი ჩანაწერები მომიტანონ, მაშინვე ვეტყვი, რომ ის სატელევიზიო სიუჟეტია და, შესაბამისად, მონტაჟი. ამას კვლევა არ სჭირდება.
როცა მითხრეს, სამხარაულის დასკვნა დაიდოო, პირველი ეს ვიკითხე, რა მასალა მიაწოდეს მათ - სრული ჩანაწერი, თუ დამონტაჟებული. ექსპერტიზისთვის მნიშვნელოვანია, თუ რა მასალაა წარმოდგენილი: ჟურნალისტის დამონტაჟებული, თუ დედანი ჩანაწერი. მათ ექსპერტს ვებგვერდიდან ამოღებული ლინკი მიაწოდეს და გადაცემის სიუჟეტზე ექსპერტიზის ჩატარება მოსთხოვეს. მე რომ ეს ვინმემ მომიტანოს, გამეცინება და კვლევის გარეშეც მაშინვე ვეტყვი, რომ მასალა მონტაჟი იქნება და სხვა შეკითხვა უნდა დასვას. მნიშვნელობა აქვს იმას, რა მასალიდან დამონტაჟდა ჩანაწერი.
ჩხარტიშვილის ადვოკატის რწმუნებით, ჩანაწერი 7 თვის ნაგროვები საუბრებიდანაა დამონტაჟებული. სასაცილოდ მეჩვენება, რომ გროვდებოდა და ყველაფერი ერთ ჩანაწერში შეაკოწიწეს. მეც მოვისმინე 2-3 ჩანაწერი და იქ დამონტაჟებულს არაფერი ჰგავდა - ორი პიროვნება საუბრობს ძალიან მშვიდად და გაწონასწორებულად, მათგან ერთი ცოტა დაბნეულია. დადგმულია თუ არა, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, ერთი და იგივე თემა გრძელდება, ინტონაცია და გარემო არ იცვლება. ექსპერტი წერს, ფონი შეიცვალაო. ფონი ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს, მაგ. მანქანამ გაიაროს და საუბრის ფონი შეიცვლება, მთავარია წყვეტა დააფიქსირო და მისი სურათი დადო. ექსპერტისთვის შეურაცხმყოფელია, როცა სატელევიზიო ჩანაწერი მიუტანეს და იმაზე ეკითხებიან, მონტაჟია თუ არაო და ისიც ამაზე წერს მონტაჟიაო, ეს ხომ ისედაც უნდა სცოდნოდა?
- როცა საუბრის ერთ-ერთი მონაწილე ნათქვამს უარყოფს?
- თუ ასეა, ამაზე უნდა წავიდეს დავა და არა იმაზე, ავთენტურია, მონტაჟია თუ სხვა. როცა ყველა მხარე ადასტურებს, რომ იყო ჩანაწერი, რომ მათი ხმაა, მაგრამ ზოგი ამტკიცებს, რომ სპეციალურად ისაუბრა ასე, რომ დადგმულია, მე ეს არ მითქვამსო... ჩანაწერები ხომ არსებობს? არ უარყოფენ მონაწილეობას, საუბარს და ახლა ექსპერტს ის კი არ უნდა დაეწერა, ავთენტურია, მონტაჟია თუ სხვა, არამედ შემდეგი: გადმომეცა სატელევიზიო გადაცემის ჩანაწერი, რომელიც თავიდანვე დამონტაჟებულია, რადგან სიუჟეტია, აქედან ამოვკრიბე ჩანაწერები, რომლებიც შედგება ცალკეული სხვადასხვა, ან ერთი და იმავე ნაწილებისაგან (ექსპერტი იმასაც უნდა ხვდებოდეს, ერთი და იმავე დღის ჩანაწერია, დილისაა, თუ - საღამოსი, იმდენად განსხვავებულია ადამიანის მეტყველების სიხშირე) და შევადარე ისინიო.
შიგნით თუ რაიმე მონტაჟია და წყვეტა, ექსპერტს ჩანაწერებში უნდა აღეწერა. ასევე, რევერბერაცია, ანუ ექო თუა სამივე საუბარში, ერთი და იმავე გარემოში, თუ - სხვადასხვაში. მეტყველების მიხედვით პიროვნების ფსიქოემოციური და ფსიქოსოციალური მდგომარეობის დიაგნოსტირებაც შესაძლებელია. ამ შემთხვევაში ექსპერტს შეეძლო დაედგინა მოსაუბრეების მდგომარეობა - როდისაა შეკავებული, როდისაა არტისტიზმი გამოყენებული, როდის კითხულობს დაზეპირებულ, თუ დაწერილ ტექსტს.
ვფიქრობ, დამკვეთს მხოლოდ ის აინტერესებდა, მონტაჟია თუ არა “იბერიადან” და “რუსთავი-2”-დან ამოღებულ ჩანაწერებში, ანუ დამკვეთი ექსპერტს თვითონვე უბიძგებს, დამიწერე, რომ მონტაჟიაო, არა და, ყველამ იცოდა, რომ სატელევიზიო მონტაჟი იყო. არაჯანსაღი ფონი შეიქმნა. ექსპერტს ავთენტურობაზე საერთოდ არ უნდა ესაუბრა. ასე მგონია, შეკითხვაც იყო ზედაპირული და პასუხიც დაუსაბუთებელი. მოსთხოვეს ვინმეს დედანი? გამოდის, ექსპერტი არც უნდა ჩაღრმავებოდა ექსპერტიზას, ასეთი იყო ალბათ დაკვეთა.
- ბრიტანელი ექსპერტის დასკვნას იზიარებთ?
- ბრიტანელი ექსპერტის პირველი დასკვნა ვნახე და ვერც ის გავიგე, რა იყო. შვიდგვერდიან დასკვნაში ექსპერტი ორ გვერდს უთმობს თავის და იმ ორგანიზაციის დახასიათება-აღწერას, სადაც მოღვაწეობს, მესამე-მეოთხეზე წერს, აღვწერე ეს და ესო, მეშვიდეზე - რას ნიშნავს არტეფაქტი და სმენა-მოსმენა... მას არც მეთოდიკა აქვს მოყვანილი, რის მიხედვით ჩაატარა კვლევა, არც ის, რომელი მეთოდური სახელმძღვანელო გამოიყენა. წერს, დავადგინე რომ ამ წუთსა და იმ წუთზე არის წყვეტა და ამ წუთსა და იმ წუთზე მონტაჟიო. მასთანაც სატელევიზიო სიუჟეტი იქნა გაგზავნილი და რატომ წვალობდნენ, ისედაც ყველამ ვიცით, რომ მონტაჟთან გვაქვს საქმე. მთავარია, ჩაუღრმავდე და სადაც აღმოაჩენ, იქ დაადასტურო, რა სახის მონტაჟია, რა ნაწილებია შეერთებული და სხვა.
მოკლედ, იმაზე არ ვდავობთ, რომ ფირები ავთენტურია და დამონტაჟებული. ჩანაწერი რაც უნდა ამონტაჟო, ავთენტურობას არ კარგავს. შინაარსის ცვლილება, მაგ. სიტყვების გადაწყობა, სხვა წინადადების მიღება ციფრულში ადვილია, მაგრამ ეგეც აღმოჩენადი - ადამიანი წინადადებას სხვა შემართებით იწყებს, ზოგი აღმავალია, ზოგი - დაღმავალი, ბოლო სიტყვა თუ გადმოიტანე თავში, იმწუთას მიხვდები, როგორ მონოტონურადაც არ უნდა საუბრობდეს ადამიანი, ლინგვისტიკური ანალიზით სიტყვების გადაწყობა ადვილად აღმოჩენადია. მაგრამ ამ საუბრებში ასეთი წვალება ნამდვილად არ ჩანს. ადამიანები ადასტურებენ, რომ ისაუბრეს, არც იმას უარყოფენ, რომ იმ თემაზე ისაუბრეს, რომ ოქუაშვილს აქვს ჩანაწერი და როცა ექსპერტი ამბობს – ჩანაწერი არაავთენტიურია, ძალიან სასაცილოა.
ავტორი: ნანა ფიცხელაური