ავტორი:

"ბატონო დავით! - შვილი ასე მომმართავს" - რა შეცვალა "ცეკვავენ ვარსკვლავებმა" დათო გომართელის ცხოვრებაში

"ბატონო დავით! - შვილი ასე მომმართავს" - რა შეცვალა "ცეკვავენ ვარსკვლავებმა" დათო გომართელის ცხოვრებაში

გუშინ პროექტი "ცეკვავენ ვარსკვლავები" ერთ-ერთმა კონკურსანტმა, "იმედის" ჟურნალისტმა თორნიკე კვერენჩხილაძემ დატოვა. კონკურსს მომღერალი დათო გომართელი აგრძელებს და ამბობს, რომ შოუში მოწვევას წლების განმავლობაში იღებდა, მაგრამ არ თანხმდებოდა, წელს კი, პროექტის პროდიუსერებმა აჯობეს და მონაწილეობაზე დაითანხმეს.

"პირველი ცეკვით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენი წყვილის ცეკვა პირველი იყო, სეზონი ჩვენ გავხსენით, ნერვიულობა, ემოციები მეტი გვქონდა. შემდეგ, როდესაც უკვე საკუთარი შესრულებული ნომერი ვნახე, უფრო მომეწონა, რა თქმა უნდა, უკეთესის წარმოდგენაც შეიძლებოდა. ალბათ ჟიურის წინაშე მეორედ რომ მეცეკვა, ის შეცდომები აღარ იქნებოდა. ხომ ვამბობ, სეზონის გახსნაზე ემოცია ჭარბობდა. ჟიურის წინაშე გამოსვლა, პირველი ნომერი, არ იყო ადვილი და შესაბამისად შეცდომებიც დავუშვი, მაგრამ მიმაჩნია, რომ რა ქულებიც დაწერეს, ალბათ იმ ყველაფერს ასახავდა", - გვეუბნება მომღერალი, რომელიც სცენაზე სიმღერის წარმოდგენისას, პარალელურად ცეკვავს კიდეც, თუმცა დასძენს, რომ ცეკვით პროფესიონალურად არასდროს დაკავებულა, ახლა კი მიაჩნია, რომ ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი და ძალიანაც მოსწონს.

"თუმცა ვფიქრობ, რომ ადამიანი ამას ახალგაზრდობაში უნდა აკეთებდეს... ისე, დრო რომ მქონდეს, იმდენად საინტერესოა სამეჯლისო ცეკვები, ცეკვაზე ვივლიდი, პროფესიული თვასაზრისითაც დავაკვირდებოდი, რომ მეტად მოძრავი და პლასტიკური გავმხდარიყავი და სცენაზე უფრო პროფესიონალური ყოფილიყო ჩემი ნომერი, მაგრამ ახლაც შეიძლება პატარა ნიუანსების გამოსწორება და ცეკვის უკეთ წარმოდგენა", - აღნიშნავს გომართელი.

მისი თქმით, რეპეტციას დიდი დრო მიაქვს, "რთული იყო ჩემი პირველი ცეკვა, სპორტული ჯაივი, დიდი ენერგია და სისწრაფე უნდოდა... ჩვენი მასწავლებლები, ქორეოგრაფები პროფესიონალები არიან და ყველაფერში სერიოზულად გვეხმარებიან"... მომღერალი ასევე ამბობს, რომ თავიდან ცოტა დაძაბული იყო, თან, რაღაც რომ არ გამოგდის, ეს ხასიათზეც ისახება, მაგრამ მიაჩნია, რომ თანდათან უფრო გაიხსნა, მიეჩვია ცეკვის ილეთებს და თავსაც უკეთესად გრძნობს. პარტნიორი - ირინა კვიტინსკაიაც მოსწონს. "საოცარი გოგოა, პროფესიონალი მოცეკვავე, სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებებზე გამოდის. როგორც ამბობენ, როგორც წყვილი, ცეკვის დროს ერთმანეთს უხდებითო", - დასძენს რესპონდენტი.

- კონკურსის გამო თქვენს ძირითად საქმეს დროებით მოწყდით?

- ამ რეპეტიციების პარალელურად ძნელია ძირითადი საქმის კეთება, მაგრამ ჩემს პირველ საცეკვაო ნომერს რომ დავუბრუნდეთ, რა შეცდომებიც მქონდა, სწორედ იმას ვაბრალებ, რომ ძირითადი საქმის გამო, ერთი კვირა ვარჯიში გავაცდინე. ნომერი სამ დღეში ვისწავლე, მერე იტალიაში კლიპის გადაღება მქონდა, ერთი კვირა იქ გახლდით და ასეთ პირობებში მოვამზადე ის, რაც წარმოვადგინე. რამდენიმე დღის წინ ბათუმში, ოზურგეთში კონცერტები მქონდა, სადაც რეპეტიციის შემდეგ წავედი. ასე რომ, ჩემს საქმეს ვერ შევაჩერებ, შემოსავლის წყარო ეგ არის.

- შვილი როგორ გაფასებთ მოცეკვავე მამას?

- ლაივებზე ვერ დადის, პატარაა ამისთვის, შოუ გვიან მთავრდება, ამიტომ ტელევიზორში უყურებს, მოსწონს და რატომღაც ასე მომმართავს - ბატონო დავით. ეტყობა, "ცეკვამ" იმოქმედა, ამ ამპლუაში არ ვახსოვარ. რაღაცნაირად მის თვალში ავმაღლდი... ბოლოს კი ვიტყვი, რომ ყოველთვის მაინტერსებდა და მაინტერესებს ახალი პროექტები. ასეთ დროს ადამიანის დაფარული უნარები ვლინდება, შოუ მის წარმოჩენაში ეხმარება. ყოველ შემთხვევაში, ჩემს გულშემატკივარს, მსმენელს მინდა, ჩემი თავი ახალი კუთხით დავანახო და კიდევ ერთხელ ვაჩვენო საკუთარი შესაძლებლობები, რაც გამაჩნია და რაც შეიძლებოდა სხვა დროს ვერ ენახა ვერავის. აქედან გამომდინარე, მე ალალი ვარ და პროექტიც მიზნად ამას ისახავს. დიახ, ალალი ვარ ჩემი საქციელით, გრძნობით მაყურებლის წინაშე. სანამ გავქაჩავ, გავქვაჩავ, მიყურონ, მიგულშემატკივრონ და თუ უნდათ, სმს-ები გამომიგზავნონ.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება