„ვიტალი საფაროვის მკვლელობის ერთ-ერთი გამომწვევი შესაძლებელია იყოს ის, რომ საფაროვი ბარში სტუმრებს სახელმწიფო ენაზე არ ესაუბრებოდა“, - ამის შესახებ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორმა ალეკო ცქიტიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მოკლული ვიტალი საფაროვის ოჯახის ინტერესებს იცავს. მათი ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს. ცენტრის იურისტები აღნიშნავენ, რომ სახეზეა 109-ე მუხლით ჩადენილი დანაშაული. კერძოდ, მკვლელობა ჩადენილია ჯგუფურად, ხულიგნური ქვენა გრძნობით, რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუმწყნარებლობის გამო.
„ამ საქმეში ერთ მხარეს არის მოკლული უფლებადამცველი, რომელიც წლების განმავლობაში დისკრიმინაციის, ქსენოფობიისა და რასიზმის წინააღმდეგ იბრძოდა, ხოლო მეორე მხარეს არიან ნეონაცისტური დაჯგუფების წევრი ბრალდებულები. დაკავებულთაგან ერთ-ერთს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალი აქვს წაყენებული, ხოლო მეორეს ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა მოხდეს საქმის გადაკვალიფიცირება 109-ე მუხლით, რადგან სახეზეა ქსენოფობიურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული. ეს არის ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული და გამოკვეთილია სიძულვილის მოტივი.
ვიტალი საფაროვის მკვლელობის ერთ-ერთი გამომწვევი შესაძლებელია იყოს ის, რომ საფაროვი ბარში სტუმრებს სახელმწიფო ენაზე არ ესაუბრებოდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, კონფლიქტის დროს საუბარი ეხებოდა სამშობლოსა და ქართველობას. ამის გათვალისწინებით, ვიტალი საფაროვის მკვლელობა, სავარაუდოდ, ქსენოფობიურ ნიადაგზე განხორციელდა,"- განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.
მისი ინფორმაციით, იმ ბარში, სადაც ვიტალი საფაროვის მკვლელობა მოხდა, პერსონალმა არაერთხელ გამოიძახა პოლიცია იმის გამო, რომ მკვლელობაში ბრალდებული პირები ავიწროვებდნენ უცხოელ მოქალაქეებს და აცხადებდნენ, რომ ვინც ქართველი არ არის, უნდა მოკვდეს.
25 წლის უფლებადამცველი ვიტალი საფაროვი 2018 წლის 30 სექტემბერს მოკლეს. საფაროვი არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩართულობის და განვითარების ცენტრში" მუშაობდა.