თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამა მამუკა ნაცვლიშვილი შს მინისტრს ხვდება. მამუკა ნაცვლიშვილს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
შს მინისტრთან შეხვედრის სურვილი მამუკა ნაცვლიშვილმა თავად გამოთქვა.
"ვთხოვ ბატონ გახარიას, რამდენიმე წუთი დამითმოს, რათა ჩემი სათქმელი პირადად მოვახსენო. ჩემთვის მისი აზრი, როგორც ამ უწყების ხელმძღვანელის მნიშვნელოვანია ისეთ საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა - უნდა მუშაობდეს თუ არა ჩემი შვილის მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილის მამა, ზაქარია გრიგალაშვილი კვლავ სამართალდამცავ ორგანოში.
მაინტერესებს, აქვს თუ არა მას კანონიერი და მორალური უფლება, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იყოს. ვიმედოვნებ, ბატონი მინისტრი ჩემს თხოვნას უყურადღებოდ არ დატოვებს", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.