ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოფნის დროს მასთან ერთად მარიხუანას პოლიტსაბჭოს არაერთი წევრი ეწეოდა, რამდენიმე წევრი კი სახლში ზრდიდა კანაფს პირადი მოხმარებისთვის, „გირჩის“ ლიდერი ამის შესახებ „ფეისბუქზე“ წერს.
„ენმ-ამ საარჩევნო დროშად აქცია კანაფის თემა. იდეებისგან სრულიად დაცლილმა და დაღმართზე ტემპ-აკრეფილმა პარტიამ გადაწყვიტა ამ თემით მოახდინოს პოლიტიკური დივიდენდების მოპოვება და საპატრიარქოსთან ჩახუტება. "კონსტიტუციაში ჩაიწეროს", "კანაფის რესპუბლიკა", "დემოგრაფია"..თვალსა და ხელს შუა გადაიქცნენ კოლექტიურ სოფო კილაძეებად.
ჰოდა, ვინც ამ ფარისეველ ხალხს უსმენთ:
ენმ-ის ნახევარ პოლიტსაბჭოსთან ერთად მაქვს მოწეული, თან არაერთხელ.
მათ შორის იმათთანაც ვინც დღეს ყველაზე აქტიურად ითხოვენ "მომავალი თაობის გადარჩენას" კანაფისგან.
იმ 2 წლის განმავლობაში, როცა მაგ პარტიაში ვიყავი, პოლიტსაბჭოს არაერთი წევრი გვთხოვდა მოსაწევს თითქმის რეგულარულად (ვაძლევდით, ან ვაწევინებდით, ცხადია). რამდენიმე წევრი სახლში ზრდიდა და სავარაუდოდ, დღესაც ზრდის კანაფს პირადი მოხმარებისთვის (აქეთაც გვაწევინებდნენ).
ეგეთი ხალხი არიან - ძალაუფლების ხელში ჩაგდების გულისთვის მზად არიან საკუთარი პრეზიდენტობის კანდიდატის მხრიდან "პედოფილის" დაძახება აიტანონ.
მერე ძმაკაცებთან ერთად მოწიონ და იბაზრონ კაცობაზე, ძმობაზე და გაგებაზე,“ - წერს ჯაფარიძე.