2018 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის მე-5 პრეზიდენტს აირჩევს, არჩევანის გაკეთება კი 25 კანდიდატს შორის მოუწევს. საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და თითოეული კანდიდატი ცდილობს მოსახლეობას განსხვავებული დაპირება მისცეს.
როგორ აწარმოებენ საარჩევნო კამპანიას კანდიდატები და რა შეცდომებს უშვებენ - ამ საკითხზე AMBEBI.GE პიარ სპეციალისტს ელდარ პირმისაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, ეს საარჩევნო კამპანია და აქტივობები გვიან დაიწყო, რაც კანდიდატებზე ცუდად მოქმედებს.
„კამპანია ძალიან ძველმოდური და არათანამედროვეა. თვითმმართველობის არჩევნებზე გაცილებით საინტერესო მეთოდები იყო გამოყენებული, გაცილებით ტექნოლოგიური და თანამედროვე კამპანია იყო და კარგად გავდა ისეთ პიარ კამპანიას, როგორსაც არჩევნების დროს უნდა აწარმოებდნენ.
ჯერ ერთი, თვითმმართველობის საარჩევნო კამპანია არჩევნებამდე ორთვენახევრით ადრე დაიწყო. მეორე, ჯგუფები სხვადასხვა ტიპის სეგმენტებად ჰქონდათ დაყოფილი და მათთან კომუნიკაცია ერთი და იგივენაირად არ ხდებოდა. სოციალურ ქსელს და ვიდეო ტექნიკას ახალგაზრდებთან კომუნიკაციებისთვის იყენებდნენ, ხოლო შეხვედრები და ბილბორდები, ძირითადად ასაკიანი ხალხისთვის იყო განკუთვნილი. ეს ყველაფერი დაყოფილი და ორგანიზებული ჩანდა.
ეს საპრეზიდენტო არჩევნები კი ქაოტურად განვითარდა - წარდგენებიც ძალიან ზოგადია. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა, გზავნილები ძალიან ბუნდოვანია. რა უნდათ და ვისზე აკეთებენ აქცენტს, ძალიან ბუნდოვანია," - გვითხრა პირმისაშვილმა.
ხშირად პოლიტიკური პარტიები და მათი კანდიდატები საარჩევნო კამპანიის დროს ერთი და იმავე შეცდომებს უშვებენ. პიარ სპეციალისტის თქმით, ყველაზე ხშირად არჩევნებისას კანდიდატების შეცდომა ისაა, რომ საკუთარი დამკვიდრებული იმიჯიდან ვერ გამოდიან.
„როდესაც საზოგადოება იცვლება, ისინი ფიქრობენ, რომ თავად არ უნდა შეიცვალონ. მეორე შეცდომა ისაა, რომ ფაქტობრივად, ახალ ტექნოლოგიებს არ იყენებენ. მაგალითად, კახი კალაძემ ძალიან კარგად გამოიყენა ტექნოლოგია, მიხვდა რომ სოციალური ქსელი აქტუალურია და ჩართვების გაკეთება დაიწყო, რაც ძალიან კარგად მუშაობს. კანდიდატები როგორც წესი, აქცენტს დიდ ჯგუფებზე აკეთებენ მაგალითად, პენსიონირებზე და ა.შ. მათ ხმებზე ნადირობენ“ - ამბობს ელდარ პირმისაშვილი.
რაც შეეხება კონკრეტული საპრეზიდენტო კანდიდატების საარჩევნო კამპანიებს, აი, როგორ ახასიათებს მათ პიარის სპეციალისტი:
მისი წარდგენა მასშტაბური და პომპეზური არ ყოფილა. ვიცით, რომ ის მმართველი პარტიის მხრიდან მხარდაჭერას ელოდებოდა. შესაბამისად, მან ეს დრო დაკარგა. საერთოდ იმიჯის თემაში, ასეთი მნიშვნელოვანი მოსაზრება არსებობს: "მართეთ თქვენი იმიჯი, თორემ ამას სხვები გააკეთებენ". იმის გამო, რომ ზურაბიშვილმა კარგად ვერ ჩამოაყალიბა, რა და როგორ უნდოდა, ოპოზიციამ და სხვადასხვა მედიასაშუალებებმა მისი იმიჯი მისგან დამოუკიდებლად შექმნეს.
მას ახლა ფაქტობრივად ერთდროულად უწევს, შექმნილი უარყოფითი იმიჯის დანგრევა და ამაზე პასუხის გაცემა. ამას ემატება ახალი ინიციატივების გაჟღერება. თუმცა მისი მთავარი პლიუსი ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა აქვს. თუ დავაკვირდებით, ქალაქში სალომე ზურაბიშვილის ბილბორდების 80 პროცენტი, ბოლო დღეებში გამოჩნდა.
"ევროპული საქართველოს" კანდიდატს როგორი პარტიაც ჰყავს, ისეთივე საარჩევნო კამპანიას აწარმოებს. მისი საარჩევნო კამპანია შედარებით ნეიტრალური, ნაკლებაგრესიულია. როგორი კანდიდატიც იყო ადრე, იგივე ტიპის მიდგომები აქვს ახლაც, არაფერი არ შეუცვლია, რაც კარგი არ არის. საზოგადოება იცვლება და კანდიდატებმა ამ ცვლილებას მხარი უნდა აუბან.
"ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის მიდგომა რევოლუციურია, მაგრამ უფრო უარყოფითი მიმართულებით, იმიტომ რომ სხვადასხვა კანდიდატს სულ თავს ესხმის. მის კამპანიაში ხშირად ერთვება ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რაც მის კანდიდატურას უფრო აქტუალურს ხდის. თუმცა, უარყოფითი მომენტები ამასაც აქვს, რადგან „ქართული ოცნება“ მის დისკრედიტაციას ახდენს, ანუ იმ 9 წელთან აკავშირებს, რომელიც მათი გადასახედიდან უარყოფითი იყო.
"გირჩის" ლიდერს თავისი სეგმენტი, თავისი ვიწრო ჯგუფი ჰყავს და ძირითადად ორიენტირებულია იმ გზაზე, რაც აქამდე ჰქონდა. როცა შენი ჯგუფი გყავს არჩევნებისთვის, ეს კარგია. "გირჩი" ისეთ თემებს უკეთებს აქტუალიზაციას, რომელიც მედიაში ხშირად ხვდება, შესაბამისად ჯაფარიძეც ხშირად ჩანს მედიით. მთავარია საზოგადოებამ კანდიდატი კარგად გაიცნოს. როდესაც კანდიდატს ამის შესაძლებლობა არ აქვს და მედიაც არ აძლევს შესაძლებლობას, რა თქმა უნდა, ყველაფერი რთულდება.
"შენების მოძრაობის" ლიდერის მთავარი პრობლემა ისაა, რომ არსად არ ჩანს. ზოგადად ადამიანები 3-4 კანდიდატზე მეტს ვერ იმახსოვრებენ, მედიას შესაძლებლობა არ აქვს, რომ ყველა კანდიდატზე ისაუბროს, ამიტომ ცდილობს წამყვანი კანდადატები დაასახელოს. ასევე უსუფაშვილის მთავარი პრობლემა, მისი აკადემიურობაა. ის ასოცირდება თავის პარტიასთან და იმ მიდგომებთან, რაც ალბათ მთელმა საქართველომ ვერ გაიგო, იმიტომ რომ ის ძალიან აკადემიური და ინტელექტუალურია.
პიარის სპეციალისტი კახა მაღრაძე AMBEBI.GE-სთან საუბრისას ამბობს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებზე ნეგატიური და სახალისო ინფორმაცია უფრო მარტივად ვრცელდება.
"საპრეზიდენტო კანდიდატებმა კომუნიკაცია ძალიან გვიან დაიწყეს, შესაბამისად სიღრმისეული კომუნიკაციის წარმოებას ვერ ახერხებენ. მათი გზავნილები, დაპირებები და აქტივობები ძალიან ზედაპირული კომუნიკაციის ხასიათს ატარებს, ამიტომ მათზე ნეგატიური და სახალისო ინფორმაცია უფრო ადვილად ვრცელდება.
ბოლო პერიოდში სოციალური ქსელები სულ უფრო და უფრო ვითარდება, ამიტომ მათი მოღვაწეობისა თუ სიტყვით გამოსვლების „გაშარჟება“ ჩვევაში გადაგვივიდა. აქედან გამომდინარე საპრეზიდენტო კანდიდატებს საკუთარი კომუნიკაციის წარმოების კუთხით მეტი ყურადღება მართებთ. ყველა კანდიდატი ყველა მიმართულებით საკმაოდ ბევრ შეცდომას უშვებს“ - გვეუბნება მაღრაძემ.
პიარის სპეციალისტის თქმით, კანდიდატების უმრავლესობის სტრატეგიაა, საკუთარი ოპონენტი დააკნინონ და ნაგატიური კუთხით წარმოაჩინონ. "ყველა კამპანია სტანდარტულია - რაღაც ღონისძიებას აწყობენ, მოსახლეობას ხვდებიან და ერთმანეთს აგინებენ. მთელი კამპანია ესაა", - ამბობს მაღრაძე.
"არჩევნებში წარმატება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვანია, როგორ მუშაობენ პოლიტიკური გუნდის აქტიური წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის დარწმუნებისა და მათი მობილიზების კუთხით, ქართულ საარჩევნო პრაქტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ამას აქვს. თუმცა, იმდენად არაპროგნოზირებადი არჩევნებია, რომ პირველი შემთხვევაა, როცა გამარჯვებულის ვინაობა წინასწარ ნათელი არ არის. ეს თავის მხრივ საინტერესოა და თან არჩევანს ძალიან ართულებს.
პრეზიდენტის ინსტიტუტი ფუნქციებში იმდენად შევიწროვდა, რომ კანდიდატები განსაკუთრებულ დაპირებებს ვერ გასცემენ. არაადეკვატურ დაპირებებსაც აქვს ადგილი, განსაკუთრებით ოპოზიციური კანდიდატების მხრიდან. თუმცა ზოგადად კონკრეტულ დაპირებებს, რამაც შეიძლება ამომრჩეველი მოხიბლოს, ვერც იძლევიან. ამიტომ პოლიტიკური გემოვნებისა და შეხედულებების ჭიდილი უფროა, ვიდრე კონკრეტული დაპირებების, როგორიცაა - გზას გაგიკეთებ, ხელფასს მოგიმატებ და პენსიას გაგიზრდი. ასეთი გზავნილებიც არის, მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს პრეზიდენტის ფუნქციებში არ შედის.
რაც შეეხება სლოგანს, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. კვლევა რომ ჩავატაროთ და ქუჩაში ადამიანები გამოვკითხოთ, რომელი სლოგანი ახსოვთ, დავასკვნით რომ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს“ - დასძინა მაღრაძემ.