გამოძიების ეტაპზე დაკითხვისას ლადო გრიგალაშვილმა განაცხადა, რომ მან მოკლა ანა ნაცვლიშვილი, - ამის შესახებ თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის საქმეზე მოწმის სახით დაკითხვისას გამომძიებელმა ლაშა ტუხაშვილმა განაცხადა. გამომძიებლის ინფორმაციით, დაკითხვისას ლადო გრიგალაშვილზე არანაირი ტიპის ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და ჩვენების მიცემის შემდეგ თავად გრიგალაშვილმა მოაწერა დაკითხვის ოქმს ხელი.
„მე დავკითხე ამჟამად უკვე ბრალდებული ლადო გროგალაშვილი და მან დაკითხვისას დაადასტურა, რომ უშუალოდ მან მოკლა ანა ნაცვლიშვილი. ასევე მოყვა თუ როგორ მოიცილა დანაშაულის იარაღი, სისხლიანი დანა", - განაცხადა გამომძიებელმა.
შეგახსენებთ, რომ თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა ქონდა მიყენებული და ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.