kvirispalitra.ge-ს ინფორმაციით, პრეზიდენტის მიერ რამდენიმე დღის წინ შეწყალებულ პატიმართა შორის ერთ-ერთი უვადო პატიმარი, 52 წლის მარნეულელი საიათ ისმაილოვია, რომელსაც 2007 წელს უვადო პატიმრობა განსაკუთრებულად დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ბრალდებით მიესაჯა.
„პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ისმაილოვს გათავისულების ვადად 2025 წელი დაუდგინა. იმის გასარკვევად, თუ რა მოტივით მოხდა ისმაილოვის შეწყალება, პრეზიდენტის ადმინისტრაციას დავუკავშირდით. მათ შეწყალების კომისიის თავმჯდომარესთან გადაგვამისამართეს. ზვიად ქორიძემ ლაკონურად განმარტა, რომ "სულეიმანოვს ჰქონდა შემოტანილი განცხადება, რომელიც განვიხილეთ, ვიმსჯელეთ და პრეზიდენტს შევთავაზეთ რეკომენდაცია, მან გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაცია და პატიმარს დაუდგინა გათავისუფლების თარიღი“, - წერს kvirispalitra.ge.
მათივე ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა მისი პრეზიდენტობის განმავლობაში რვა უვადო პატიმარი შეიწყალა - მათ გათავისუფლების ვადა განუსაზღვრა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეწყალების მორიგი აქტი 27 სექტემბერს გამოსცა და 111 მსჯავრდადებული შეიწყალა. შეწყალებულ პირთაგან 42-მა იმავე დღეს დატოვა საპატიმრო დაწესებულება, რომელთაგან 3 ქალი და 1 არასრულწლოვანი იყო.
ვადიანი, ან უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი 69 პირს შეუმცირდა, მათ შორის 4 ქალი და 6 არასრულწლოვანია.
შეწყალების კომისიამ სულ 866 საქმე განიხილა, მათ შორის იყო დეკანოზი გიორგი მამალაძე, თუმცა მის შეწყალებაზე კომისიამ უარყოფითი რეკომენდაცია გასცა. იხილეთ სტატია