პაატა ბურჭულაძის განცხადებით, მის მეუღლეს პროკურატურისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვს მისაწოდებელი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილიც ფიგურირებს. აღნიშნულის შესახებ ბურჭულაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს განუცხადა.
მისივე თქმით, ცდილობენ ისე გამოაჩინონ, რომ ვიღაც ქვეყნიდან გაიქცა, რეალურად კი, როგორც ბურჭულაძე აცხადებს, მისი მეუღლე და გამომძიებელი შეთანხმდნენ, რომ დაკითხვა მოსამართლის თანდასწრებით მოხდებოდა.
"გუშინ მობრძანდა პროკურატურის გამომძიებელი გიორგი ლომთაძე. ჩემმა მეუღლემ უთხრა, რომ მოსამართლის თანდასწრებითო და შეთანხმდნენ, რომ 8 რიცხვში მივიდოდნენ და დაკითხავდნენ. ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს სათქმელი, რაშიც სხვათა შორის ფიგურირებს ბიძინა ივანიშვილი. ისინი თავს არიდებდნენ ამას. უნდათ შექმნან სურათი, თითქოს ვინმე გაიქცა ქვეყნიდან. ჩემი აზრით, გასაქცევად ბიძინა ივანიშვილი ემზადება. 2012 წელს მასაც ჰქონდა შეხვედრა ფონდ "იავნანას" პარიზში წასვლასთან დაკავშირებით, მაგრამ იქ გადაუხვიეს თემას და სხვა თემაზე ჰქონდა საუბარი. ამასაც მოუყვება მათ. ძალიან საინტერესო დაკითხვა იქნება", - განაცხადა ბურჭულაძემ.
შეგახსენებთ, რომ ფონდ "იავნანას" დამფუძნებლის, პაატა ბურჭულაძის მეუღლის, ანჟელა ვასილენკოს წინააღმდეგ შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს. პროკურატურა ვასილენკოს მიერ გამოკითხვაზე გამოუცხადებლობის საკითხზე მსჯელობას გეგმავს. როგორც ფონდ "იავნანას" საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროკურორმა ამირან გულუაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ვასილენკოს მიერ სასამართლოში გამოკითხვაზე გამოუცხადებლობით ზიანი ადგება გამოძიების ინტერესებს.