საქართველოს სამშვიდობო ინიციატივა განისაზღვრება მხოლოდ იმით, თუ როგორ აღიქვამენ მას სოხუმსა და ცხინვალში, - ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარში გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრემიერის გამოსვლასთან დაკავშირებით.
"ყურადღება მივაქციეთ საქართველოს მთავრობის მეთაურის გამოსვლას გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე, რომელშიც მან რუსეთს მოუწოდა ხელი არ შეუშალოს რაღაც ახალი სამშვიდობო ინიციატივის განხორციელებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში. ამ გამოსვლამ უცნაური შეგრძნება დატოვა. როგორც ვხედავთ, საერთაშორისო საზოგადოებას არწმუნებენ იმაში, რაც რეალობისგან შორს არის, რომ ამ რესპუბლიკების მოსახლეობა სიხარულით დაბრუნდებოდა საქართველოს შემადგენლობაში, რომ არა რუსი ოკუპანტები. იმედს ვიტოვებთ, რომ ქართველი პოლიტიკოსები პროპაგანდისტური ვარჯიშებისგან თავისუფალ დროს მაინც აცნობიერებენ არსებულ რეალობას", - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების კომენტარში.
"მივმართავ რუსეთის ფედერაციას, შეასრულეთ ნაკისრი და ხელმოწერილი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანეთ თქვენი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან", - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაეროს ტრიბუნიდან გააკეთა.
გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო ცდილობს, აქტიურად გამოიყენოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი.
"თუმცა, ჩვენი მცდელობა მოლაპარაკების მაგიდასთან დღემდე რუსეთის მხრიდან დაუსაბუთებელ და ყოვლად მიუღებელ წინააღმდეგობებს აწყდება. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაეროს ძალისხმევა ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში, რომელსაც ეუთოსა და ევროკავშირთან ერთად დისკუსიების თანათავმჯდომარის ფუნქცია აკისრია. დღეს, 21-ე საუკუნეში, როდესაც ადამიანები, ერები და კულტურები ისწრაფვიან მეტი ინტეგრაციისა და განვითარებისკენ, ყოვლად დაუშვებელია ხელოვნური ბარიერების შექმნა და მავთულხლართების გაბმა. ჩვენ გვინდა ურთიერთობების ჩიხიდან გამოყვანა, მაგრამ მხოლოდ სახელწიფო სუვერენეტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემის საფუძველზე" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.