ავტორი:

"ღმერთის შექმნილი საოცრებაა" - რას ამბობს პარტნიორზე ირაკლი კაკაბაძე, რომელიც "ცეკვავენ ვარსკვლავებში" იცეკვებს

"ღმერთის შექმნილი საოცრებაა" - რას ამბობს პარტნიორზე ირაკლი კაკაბაძე, რომელიც "ცეკვავენ ვარსკვლავებში" იცეკვებს

პროექტის "ცეკვავენ ვარსკვლავები" ერთ-ერთი კონკურსანტი მწერალი, პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძეა, რომელიც საკუთარ თავს ასე წარადგენს: "მწერალი, მომრიგებელი და საზოგადო მოღვაწე". სწორედ ამიტომაც იყო, რომ მისი ამ პროექტში მონაწილეობა ბევრს გაუკვირდა, თუმცა როგორც თავად ამბობს, ამ ფაქტით თვითონაც გაოცებულია, მაგრამ დიდი ნდობა აქვს იმ ადამიანების, ვინც კონკურსანტობა შესთავაზა და ასევე მათი, ვისთან ერთადაც ახლა უკვე რეპეტიციებს გადის და შოუსთვის დარბაზში მუშაობს.

"კარგი ხალხია, მიხარია მათთან ყოფნა და ამით ბედნიერი ვარ, რომ ამ სიტუაციაში რამდენიმე კვირით მაინც ვიქნები... რატომ ვმონაწილეობ "ცეკვავენ ვარსკვლავებში"? იმიტომ, რომ ხელოვნება ადამიანს უკეთესად ხდის და ეს უკვე გამარჯვებაა. ადამიანი დაბადებულია ორი რამისთვის: შემოქმედებისთვის და სიყვარულისთვის. ამას ხელოვნება აერთიანებს. ადამიანებო, ძალიან მიყვარხართ! ასე რომ, დაელოდეთ შოუს. სანამ ჩემს პარტნიორს ნახავთ, გეტყვით, რომ ნამდვილად ღმერთის შექმნილი საოცრებაა - საოცრად ლამაზი და კარგი მოცეკვავეა. ნამდვილი ამომავალი ვარსკვლავი ისაა", - ამბობს ირაკლი და საუბარს იმით განაგრძობს, რომ მას პერფომანსების დიდი გამოცდილება აქვს და არის პირველი ქართველი პერფომერი მწერალი, რომელიც ნიუ-იორკში პენფესტივალზე 2008-2010 წლებში ცნობილ მწერლებთან ერთად გამოვიდა.

2010 წელს ლონდონის ლიტერატურულ ფესტივლზე Free the Word ცნობილ ეგვიპტელ მწერალ ნავალ ალ საადავისთან ერთად წარდგა. იმავე 2010 წელს სტამბოლის ლიტერატურულ ფესტივალზე ტრიბუნა გაიყო გამოჩენილ მეცნიერებთან ერთად, როგორებიც არიან ნოამ ჩომსკი, რიჩარდ ფალკი.

2012 წელს, როგორც მწერალი-ლაურეატი პენსილვანიის შტატში ორთვიან სემინარზე რობერტ მორისის უნივერსიტეტში მიიწვიეს.

2008 წელს ნორვეგიის ქალაქ სტავანგერში ევროპაში წლის ერთ-ერთი მწერალი გახდა. გვეუბნება იმასაც, რომ 2008-2012 წლებში კორნელის უნივერსიტეტში მისი მოღვაწეობის პერიოდში როგორც მწერალი-პროფესორი ამკვიდრებს ახალი ტრანსფორმაციული დრამატურგიის ფორმას - ტრაგედიის გააზრება. ამ მეთოდს იგი ამკვიდრებს მის კოლეგებთან, ბრუს ლევიტთან და ქეროლ ჯენინგსთან ერთად.

- პერფომანსის მიმართულებით ამხელა გამოცდილება კი გაქვთ, მაგრამ სამეჯლისო-სპორტული ცეკვები სპეციფიკური ჟანრია. შემოთავაზება რომ მიიღეთ, ამაზე არ დაფიქრდით?

- როგორ არა, თავიდან კინაღამ გადავირიე, მაგრამ პროდიუსერებს რომ დაველაპარაკე, დავმშვიდდი და მონაწილეობა სხვა მონაწილეების ფაქტორმაც გადამაწყვეტინა. ეს არის პროექტი, სადაც პოზიტიურად დაიმუხტები და კარგ გამოცდილებას მიიღებ. სამეჯლისო-სპორტული ცეკვების მიმართულებით არანაირი გამოცდილება არ მაქვს. იმასაც მივხვდი, რომ საჭიროა უდიდესი ფიზიკური დატვირთვა და აქვე ძალიან მნიშვნელოვანია განწყობა, კრეატიულობა და დისციპლინა. ასევე მივხვდი, რომ ყველა ნაბიჯის გადადგმას აქვს მნიშვნელობა და ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც ამას ჩემი პროფესიის ადამიანი აკეთებს, როცა ცხოვრებაში, აქამდე, 50 წლის ასაკში, 2 ერთნაირი ნაბიჯიც არ გადამიდგამს... და კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ აღფრთოვანებული ვარ ჩემი პარტნიორით, ძალიან მაგარი გოგოა.

- რა არის ამ შოუში თქვენთვის როგორც მონაწილისთვის მთავარი?

- მაყურებლისთვის, პარტნიორისთვის სიამოვნების მინიჭება, მაყურებლისთვის სიყვარულის ახსნა ცეკვის საშუალებით, - ეს არის ჩემი მთავარი მიზანი.

- გამარჯვებაზე არ ფიქრობთ?

- კონკურენციის არ მწამს, მწამს შემოქმედების და სიყვარულის. ამ პროექტში მონაწილეობა თავისთავად გამარჯვებაა! აქედან გამომდინარე, ჟიურის მოეწონება თუ არა, ეს მისი საქმეა, ფაქტია, რომ კონკურსანტები (ჩემი ე.წ. კონკურენტები) ძალიან ბევრს და მაგრად მუშაობენ, რომლებსაც დიდ პატივს ვცემ, მათ რეპეტიციებს დიდი აღფრთოვანებით ვუყურებ. ვფიქრობ, რომ მთავარი პრობლემა, რაც ჩვენს ქვეყანაშია, ადამიანებმა უნდა ვისწავლოთ, აღმოვაჩინოთ ერთმანეთი. შევიყვაროთ ერთმანეთი, სიყვარული ღმერთია. ღმერთი ამავე დროს შემოქმედიცაა და თუ ეს 2 ფაქტორი აღმოვაჩინეთ, მაშინ ცოტა უკეთ იქნება საქმე.

- და ბოლოს, თქვენი "წარმატების ტანგოს" შესახებ გვითხარით, რომელიც ინტერნეტში ძალიან პოპულარული იყო...

- "წარმატების ტანგო" სალომე კორკოტაშვილთან ერთად, 2014 წელს ნიუ ორლეანში შევასრულე. ამ ცეკვის "იმპრუვ ეტიუდი" ინტერნეტში მართლაც პოპულარული გახდა.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს