ეს ამბავი შოკისმომგვრელი და წარმოუდგენლად მძიმეა. ისტორიის გმირები ორი წელია იმ მწარე რეალობაში ცხოვრობენ, რასაც აზარტულ თამაშებს შეწირული ცხოვრება ჰქვია.
ლევანისა და ნათიას ერთწლიანი რომანი 2016 წელს ბედნიერად უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ყველაფერი თავდაყირა დადგა... ქორწილის მეორე დღეს დილით გაღვიძებულ გოგონას საწოლში არც მეუღლე დახვდა და ვერც ქორწილში ნაჩუქარ ძვირფასეულობას მიაგნო. რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ სიძე უგონოდ იპოვეს - თვითმკვლელობა უცდია. გადარჩა, თუმცა...
ლელა, ოჯახის ახლობელი: "სიყვარულით შექმნილ ოჯახს ქორწილის მეორე ღამეს რომ დაანგრევ და ცოლს გაძარცვავ, ამას ახსნა არა აქვს. ნათია დედისერთაა და მთელი ცხოვრება დაჰფოფინებდა ოჯახი. ქორწილიც დიდებული გადაუხადეს. ლევანს პედაგოგი მშობლები ჰყავს, პატიოსანი და მშრომელი ხალხი...
ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა რაიონში ინტერნეტი შემოიყვანეს. ლევანი ონლაინთამაშებში ჩართულა და ეს მხოლოდ განქორწინების შემდეგ გავიგეთ. თავდაპირველად უმნიშვნელო თანხებით დაუწყია თამაში, მერე კი აზარტმა მეტი და მეტი ხარკი მოითხოვა. ლევანის ოჯახს რაიონში დიდ პატივს სცემენ. მისმა მშობლებმა უამრავი ახალგაზრდა დააყენეს გზაზე, მაგრამ შვილმა გამოუტანა განაჩენი...
ქორწილში ნაჩუქარი ფული და ძვირფასეულობა ლევანს შინ ეგულებოდა, ორი დღის მოყვანილი ცოლი გაძარცვა და სათამაშოდ გაიპარა. დილით ნათიამ ქმარი რომ ვერსად ნახა, მობილურზე დაურეკა. გამორთული ჰქონდა. მერე მეგობრებთან მოიკითხა და მათაც არაფერი იცოდნენ. საღამომდე რომ არ გამოჩნდა, ტაქსი გამოიძახა და ფულის ასაღებად მისულმა აღმოაჩინა, რომ ადგილზე ერთი თეთრიც აღარ იყო. მერე ოქროულს დაუწყო ძებნა და ვერც ამას მიაგნო...
ლევანს გარეუბანში, სადაც ლომბარდები და ბანკებია, უკვე გონდაკარგულს მიაგნეს. ექიმებმა მიზეზად მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია დაასახელეს... მეორე დღეს გონზე მოსულმა ყველაფერი აღიარა.
ნათიამ ქმრის მობილურში ინტერნეტკაზინო ნახა გახსნილი და იმ დღესვე დაბრუნდა მშობლების სახლში, თუმცა იმდენად კეთილშობილი გოგონაა, ყოველდღე მიდიოდა საავადმყოფოში ლევანის სანახავად და სანამ შინ არ გამოწერეს, თავს დასტრიალებდა. მას შემდეგ ახლოს აღარ გაჰკარებია. თვალებიდან არ ამომდის კლინიკაში ნათიას გაფითრებული სახე... წაიკითხეთ ვრცლად