პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავათბილისში ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ მთავარ გამომწვევ პრობლემად გაუმართავ ავტოპარკს ასახელებს.
როგორც კუჭავამ ჟურნალისტებს განუცხადა, აქედან გამომდინარე, შესაძლოა, გამკაცრდეს ტექდათვალიერების მოთხოვნები, მათ შორის სავალდებულო გახდეს ე.წ. კატალიზატორი.
"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც ამ მიმართულებით გამოვლინდა, არის გაუმართავი ავტოპარკი. რაც არ უნდა კარგი ხარისხის საწვავი შემოდიოდეს, თუ ავტოპარკი არ არის გამართული, ძალიან სავალალო შედეგს ვიღებთ. ამას ემატება სამშენებლო მტვერი და სხვა პატარა დეტალები.
არის შემთხვევები, როდესაც ე.წ. კატალიზატორებს აყენებენ ტექდათვალიერების წინ, შემდეგ კი ისევ ხსნიან. კატალიზატორების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გამონაბოლქვი შემცირდეს ან საერთოდ არ იყოს. დღეს ამ საკითხს გავივლით ექსპერტებთან", - განაცხადა კუჭავამ.
კუჭავა კომიტეტთან ერთად ამ წუთებში თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების საკითხზე არასამთავრობო სექტორთან შეხვედრას მართავს.
"საკომიტეტო განხილვა დავიწყეთ იმ საკითხზე, რაც ყველას აწუხებს - ეს არის თბილისში ჰაერის მდგომარეობა. სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს კონკრეტული ვადა მიეცათ თავისი მოსაზრებების და რეკომენდაციების წარმოსადგენად. გამოიკვეთა 15 საკანონმდებლო ინიციატივა და რეკომენდაცია, რომელსაც განვახორციელებთ წლის ბოლომდე", - განაცხადა კუჭავამ.