ავტორი:

მწვანედ გავლილი გზა თბილისიდან ბათუმამდე - როგორ ჩახვალთ თბილისიდან ბათუმამდე ელექტრომობილით?

მწვანედ გავლილი გზა თბილისიდან ბათუმამდე - როგორ ჩახვალთ თბილისიდან ბათუმამდე ელექტრომობილით?

ელექტრომობილები მათი ეკოლოგიურობისა და მცირეხარჯიანობის გამო, თანდათან იკრებს პოპულარობას მსოფლიოში. საქართველოში ელექტრომობილები შედარებით ახალი ხილია და ჯამში 5 000-მდე ელექტრომობილია. თუმცა, ქვეყანაში ასეთი მანქანებისთვის უკვე არის შექმნილი ხელსაყრელი პირობები - მათი დამუხტვა უფასოდ არის შესაძლებელი სპეციალურ სადგურებზე. ასევე, მომსახურების ნაწილშიც არის კომპანია, რომელიც ელექტრომობილების სერვისს გვთავაზობს.

არის თუ არა შესაძლებელი თბილისიდან ბათუმში ელექტრომობილის საშუალებით ჩასვლა? - ამის დასადასტურებლად კომპანია Socar-მა მედიატური მოაწყო და ჟურნალისტებთან ერთად გაიარა „მწვანე გზა“ დედაქალაქიდან ზღვისპირა ქალაქამდე.

ტური ორი მოდელის ელექტრომობილით შედგა: Hyundai-ის ახალი ელექტრომობილი Ionic და Tesla Model S. ტური დილის 09:30 საათზე თბილისში „სოკარის“ ავტოგასამართი სადგურიდან დაიწყო. ელექტრომობილების დამატებითი დამუხტვა ერთ საათში გორის „სოკარის“ გასამართ სადგურზე მოხდა, რასაც მაქსიმუმ 45 წუთი დასჭირდა. ამასობაში ჟურნალისტებმა შესვენება და წახემსებაც მოვასწარით.

ამის შემდეგ ელექტრომობილებისა და მედიის „კოლონამ“ გზა გააგრძელა. შემდეგი გაჩერება ქუთაისში, სოკარის სადგურზე. ამჯერადაც, ავტომობილების დასამუხტად 45 წუთი დაგვჭირდა. ბათუმში საღამოს ჩავედით, ეს კი როგორც დამუხტვის დრომ, ასევე გზის გადატვირთულობამ გამოიწვია.

„მწვანე ტურმა“ დაამტკიცა და გვაჩვენა, რომ ელექტრომობილებით საქართველოში შორ მანძილზე გადაადგილება შესაძლებელია და ამისთვის შესაბამისი პირობები, საქართველოს რეგიონებშიც არსებობს.

კითხვაზე რა პერსპექტივა აქვს საქართველოში ელექტრომობილების მიმართულების განვითარებას, სოკარ ჯორჯიას დირექტორი ლევან გიორგაძე გვპასუხობს:

„ელექტრომობილები ჯერ გლობალურად არის სასტარტო პოზიციებზე და ძირითადი გამოწვევად რჩება დამტენების უკმარისობა და დროის ხანგრძლივობა, რომელიც ავტომობილების დამუხტვას სჭირდება. თუმცა ყოველ წელს გვესმის, რომ თანამედროვე ავტომობილები გამოჩნდა, რომლებიც ბევრად უფრო სწრაფად იტენება. თუ მოხდება სტანდარტიზაცია კარგი იქნება, ვინაიდან იაპონურ და ამერიკულ ელექტრომობილებს სხვადასხვა სტანდარტები აქვთ, საქართველოში კი უფრო იაპონური და ევროპული ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი სტანდარტია მორგებული.

ამავდროულად მსოფლიო წამყვანი კომპანიები სულ უფრო მეტად ხვეწენ ავტომობილებსაც, მათ უკვე უფრო დიდი მანძილის დაფარვა შეუძლიათ, მათთვის დატენვის სიხშირეც მცირდება და გადაადგილებაც მეტად კომფორტული ხდება“ - გვპასუხობს გიორგაძე

მისივე თქმით კომპანია „სოკარი“ ამ ეტაპზე აფართოებს ქსელს და ამატებს ე.წ. „სწრაფ დამტენებს“, რომელიც ნახევარ საათამდე ამცირებს დატენვის დროს. შესაბამისად, შესაძლებელია ორჯერ ნახევარსაათიანი დატენვა გახდეს საჭირო თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობისას.

„ეს არის უფრო სტარტეგიული ხედვის ნაწილი და ინვესტიცია მომავალში, რომელიც ჩვენც გვასწავლის, როგორ მოვიქცეთ ამ სეგმენტში სამომავლოდ, რა გეგმები დავსახოთ. მე ვფიქრობ, რომ თვითონ ელექტრომობილების დამუხტვის ამონაგებზე მეტად, კომერციული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იქნება ის დამატებითი სერვისი, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ ავტომფლობელს მისი ავტომობილის დამუხტვის დროს“ - აცხადებს ლევან გიორგაძე.

კითხვაზე მომხმარებლისთვის რამდენად მომგებიანია ყავდეს ელექტრომობილი, გიორგაძე გვპასუხობს:

„გარდა საწვავის ეკონომიურობისა, მისი პლიუსია, რომ მას არ სჭიდება არანაირი საპოხი მასალა, რაც თავის მხრივ ამცირებს დანახარჯებს. შესაბამისად, ერთჯერადად შეიძლება მეტის გადახდა მოგვიწიოს ავტომობილის შეძენისას, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოგებული დავრჩებით, მითუმეტეს, რომ ბაზარზე შემოდიან სხვა მოთამაშეებიც, რაც თავისთავად ელექტორმობილების ფასის დაწევას გამოიწვევს“, - ამბობს სოკარ ჯორჯიას დირექტორი ლევან გიორგაძე.

რა გვაჩვენა „მწვანე ტურმა“? - დაამტკიცა, რომ თბილისიდან ბათუმამდე ელექტრომობილებით გადაადგილება შესაძლებელია, თუ ამის სურვილი და ჯანსაღი გარემოს ინტერესი გაქვთ.

ავტორი: კოკა კვირკველია

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის