ავტორი:

რა უნდა იცოდეს მარიხუანას მომხმარებელმა და რა ცვლილებებს იწვევს ის ორგანიზმში - ექიმის რეკომენდაციები

რა უნდა იცოდეს მარიხუანას მომხმარებელმა და რა ცვლილებებს იწვევს ის ორგანიზმში - ექიმის რეკომენდაციები

რა ცვლილებებს იწვევს ორგანიზმში მარიხუანას ხშირი და აქტიური მოხმარება? აზიანებს თუ არა რომელიმე ორგანოს მასზე დამოკიდებულება? რას ჰყვებიან მისი მომხმარებლები და ისინი, ვინც მარიხუანა ერთხელ გასინჯეს? - ამ საკითხთან დაკავშირებულ შეკითხვებზე ვებგვერდ mkurnali.ge-ს და ჟურნალ „ოჯახის მკურნალის“ მთავარი რედაქტორი, ექიმი თამარ მამაცაშვილი გვპასუხობს.

"პირველ რიგში, მინდა, როგორც ექიმი და როგორც მოქალაქე, იმ პროცესებს გამოვეხმაურო, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება: ყოვლად დაუშვებელია ის პროპაგანდა, რაც ასე დაუსრულებლად მოედინება მასმედიის საშუალებებიდან მარიხუანას აბსოლუტური უვნებლობისა და უფრო მეტიც, ორგანიზმისთვის მისი სარგებლიანობის შესახებ.

მივიღებთ ძალიან ცუდ შედეგებს და ამის დასაწყისს პირადად მე უკვე ვხედავ ვებგვერდზე mkurnali.ge, სადაც ყოველდღიურად მაქვს კომუნიკაცია ათასობით ადამიანთან. მაქვს ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათი ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ და შესაბამისად - იმ ტენდენციების შესახებ, რაც ამ მიმართულებით საზოგადოებაში არსებობს".

- რას გწერენ?

- მოგეხსენებათ, საიტზე გვაქვს კითხვა-პასუხის რუბრიკა, სადაც მომხმარებლები გვწერენ კითხვებს და ჩვენ უწყვეტ რეჟიმში ვპასუხობთ. მას შემდეგ, რაც მარიხუანასთან დაკავშირებული პროცესები გაღვივდა და მასმედია, მთავრობა, ხელმძღვანელი პირები, შეიძლება ითქვას, ერთხმად მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ მარიხუანა უვნებელია და თურმე მისი კულტივაციაც კი უნდა დავიწყოთ, თითქმის ყოველდღიურად შემოდის კითხვები, რომელთა ავტორები არიან თინეიჯერები. საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, არ შემოგთავაზებთ ამ კითხვებს სრულად, მაგრამ რამდენიმე მაგალითს მოგახსენებთ:

„მოვწიე მარიხუანა პირველად. გავხდი ძალიან ცუდად ისტერიკა დამემართა და შეურაცხადს ვგავდი, ვგრძნობდი უდიდეს ტკივილს და სპაზმს და მოკლედ, სიკვდილს ვებრძოდი იმდენად დიდი განცდა იყო. ახლა მაქვს მეხსიერების დაბინდვა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილიც. 8 დღე გავიდა, შეიძლება, რომ ამ სტრესის გამო თავში რამე დაზიანება მქონდეს? ძალიან მოდუნებული ვარ...“

„მოვწიე მოსაწევი, საერთოდ ისე არ ვეკარები, არც სიგარეტს ვეწევი, უბრალოდ რამდენიმეჯერ მოვწიე, დაახლოებით ხუთჯერ, ბოლოს როცა მოვწიე, ღამის სამი საათი იყო და მთელი ღამე გავათენე, დაბოლილი ვიყავი. მეორე დღეს გაბრუებული დავდიოდი. ჩემი ძმაკაცის დაბადების დღე მოდიოდა, იქაც დავამატე დიდი დოზით, ძალიან დავიბოლე. აი მეორე დღის შემდეგ ვარ გაბრუებული და მგონია დამტოვა, რომ ვერ გამოვედი მდგომარეობიდან. მგონია რაღაც მჭირს. ისე არ ვარ, როგორც ვიყავი. ყოველ შემთხვევაში, აზროვნების მხრივ ან რამე მსგავსი არანაირი პრობლემა არ მაქვს. უბრალოდ წონასწორობას ვერ ვიკავებ და გაბრუებული ვარ. გთხოვთ დამეხმაროთ“...

„გუშინ პირველად მოვწიე პლანი და ისე შემეშინდა, ახლაც ვერ გამოვდივარ მდგომარეობიდან. მეგონა, მოვკვდებოდი, ისე ცუდად ვიყავი. ორჯერ ვაღებინე და ბოლოს სისხლიც ამოვიღე. იმაში დარწმუნებული ვარ, რომ პლანი იყო და რას შეიძლება ჩემი ასეთი რეაქცია გამოეწვია?“...

ეს მხოლოდ მცირე ნაწილია საიტზე შემოსული კითხვებისა, საერთო სურათი გაცილებით უფრო მძიმეა. ახლა მარიხუანას მომხმარებელი ოპონენტები იტყვიან, მაგათ ეტყობა, სხვა რამე მოწიესო. არა, ბატონებო, სწორედაც რომ მარიხუანა მოწიეს და აი, ასეთი შედეგები მიიღეს!

- რატომ?

- იმიტომ, რომ მარიხუანა ნამდვილად არ არის ორგანიზმისთვის სასარგებლო და მით უმეტეს სამკურნალო ნივთიერება, როგორც ამაში არწმუნებენ ახალგაზრდებს. თუ ნერვული სისტემის გარკვეული სახის დარღვევა მაინც აქვს მოზარდს და ასეთი დარღვევების მთელი კასკადი აღენიშნებათ, ხშირ შემთხვევაში, დღეს თინეიჯერებს, შეიძლება მარიხუანის ერთჯერადმა მოხმარებამაც კი გამოუსწორებელი შედეგები მოიტანოს.

ნურავინ მოგატყუებთ, რომ მარიხუანა ნევროზის სამკურნალო საშუალებაა. ნევროზის და დეპრესიის დროს მისმა მოხმარებამ შეიძლება სწორედ ზემოთ აღწერილი სიმპტომები დაგიტოვოთ.

დაუშვებელია ტელევიზიიდან და პოპულარული ვებგვერდებიდან იმის მოწოდება, რომ ეს არის უვნებელი ნივთიერება. ეს სიცრუეა! ნიკოტინი რომ ნიკოტინია, მის კოლოფზეც კი არის მითითებული, რომ ვნებს ორგანიზმს და კლავს ადამიანს.

- რა უნდა იცოდეს ადამიანმა, როდესაც მარიხუანას მოიხმარს?

- უნდა იცოდეს, რომ შეიძლება, უკვე აღნიშნულ მდგომარეობებში აღმოჩნდეს, ასევე, თუ ნებისყოფა და ნერვული სისტემა სუსტი აქვს, სულაც არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული ხნის შემდეგ ნარკოდამოკიდებულების მსხვერპლიც გახდეს. ამისგან დაზღვევის გარანტიას ვერავინ მოგცემთ - ნურც ამ საკითხში მოატყუებთ ახალგაზრდებს!

ამდენს იმიტომ ვლაპარაკობ, რომ მინდა ახალგაზრდებმა, მოზარდებმა კარგად გაიაზრონ, რომ სიცრუის მსხვერპლნი არიან - ნარკოტიკებში, არც მსუბუქში და არც მძიმეში არაფერი ყრია ორგანიზმისთვის, მათი სიცოცხლისთვის სასარგებლო.

- საბოლოოდ რა ცვლილებებს იწვევს ორგანიზმში მარიხუანის ხანგრძლივი მოხმარება?

- რამდენიმე ფაქტს დავასახელებ მარიხუანის შესახებ იმ კვლევებიდან, რაც სამედიცინო საზოგადოებისათვის კარგად არის ცნობილი:

  • მარიხუანას ხანგრძლივი მოხმარება მამაკაცებში ცვლის ჰორმონულ ფონს, ამცირებს სპერმატოზოიდების რაოდენობას და აქვეითებს მათი მოძრაობის უნარს, ამდენად ის შეიძლება უშვილობის მიზეზად იქცეს.
  • ქალებში შეიძლება ოვულაციის დარღვევა გამოიწვიოს და შესაბამისად დაორსულების დამაბრკოლებელი გახდეს, ხოლო დაორსულების შემთხვევაში, ნაყოფზე ტოქსიკური ზემოქმედება მოახდინოს.
  • ფრედ ჰატჩინსონის კვლევით ცენტრში (აშშ) დაადგინეს, რომ მარიხუანას ხშირი და ხანგრძლივი მოწევა ზრდის სათესლე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს.
  • ადრეული ასაკიდან მარიხუანას რეგულარულ მომხმარებლებს დაავადების განვითარების ალბათობა, არამწეველებთან შედარებით ორჯერ მეტი აქვთ.
  • დადგენილია აგრეთვე უშუალო კავშირი მარიხუანის მოწევასა და სათესლე ჯირკვლის უკიდურესად საშიშ და სწრაფად მზარდ არასემინომურ კიბოს შორის, რომელიც უმთავრესად ახალგაზრდა, 20-დან 35 წლამდე ასაკის მამაკაცებს ემართებათ.

თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ მარიხუანას აქტიურად ნერგავენ, როგორც სამკურნალო საშუალებას, აინშტაინის სამედიცინო ცენტრის დასკვნა შემაშფოთებელია:

გამოვლინდა ერთმნიშვნელოვანი კავშირი მარიხუანასა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემებს შორის. თუმცა, მეცნიერებს არ შეუძლიათ თქვან, როგორი დოზირების შემდეგ ვლინდება ეს გადახრები და რატომ მოქმედებს მარიხუანა უარყოფითად გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.

ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, კუნთოვან უჯრედებში ზიანდება რეცეპტორები და ორგანო ეფექტურად შეკუმშვის უნარს კარგავს, შედეგად ვიღებთ გულის უკმარისობას. ასევე, სავარაუდოდ, მარიხუანა ზრდის თრომბის წარმოქმნის რისკს, რაც ინსულტის პირდაპირ საშიშროებას წარმოადგენს.

ჭარბი წონა და Covid-19 - რა ცვლილებები მიდის ინფიცირებულის ორგანიზმში სიმსუქნის დროს და რატომ არის მნიშვნელოვანი სითხე და C და D ვიტამინები

"ვაძლიერებთ კლინიკურ სასტუმროებს, სადაც ხდება, როგორც თერაპიული სერვისის მიწოდება, ასევე არის ჟანგბადის კონცენტრატორები" - ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი

რა ტიპის რეკლამებია ყველაზე აქტუალური დღეს ციფრულ სამყაროში (ინფოგრაფიკა)