ავტორი:

რას საქმიანობენ დღეს 2000-იანების ცნობილი მოდელები, რომელთა ცხოვრებაც პოდიუმის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა

რას საქმიანობენ დღეს 2000-იანების ცნობილი მოდელები, რომელთა ცხოვრებაც პოდიუმის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა

90-იანი წლები და 2000-იანი წლების დასაწყისი საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და რთული პერიოდი იყო, ხალხი უკიდურეს გაჭირვებას ებრძოდა, თუმცა ქართული კულტურა ამ მძიმე პერიოდშიც ცდილობდა თავის წარმოჩენას, ხშირად ტარდებოდა სხვადასხვა კულტურული ღონისძიებაც. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიური იყო 90-იანი წლების მიწურული, როცა ქართულ პოდიუმზე არაერთი უმშვენიერესი მოდელი გამოჩნდა. ბევრი მათგანი დღემდე სამოდელო სფეროშია, თუმცა არიან სახეები, რომლებიც წარსულიდან გვახსოვს, თუმცა წლებია მათი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და პოდიუმზე აღარ გამოჩენილან.

VIDEO: როგორ გამოიყურებიან და რას საქმიანობენ 2000-იანი წლების ქართველი მოდელები

მოდელი ნინო შეყრილაძე მაყურებელმა გადაცემა „აერობიკით“ გაიცნო, რომელიც პირველი არხის ეთერში გადიოდა. მისი სამოდელო კარიერაც სწორედ აქედან დაიწყო. დღეს ის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია.

- მე ვიყავი მხატვრული ტანმოვარჯიშე, როდესაც სკოლაში შევედი დავიწყე ტანვარჯიშზე სიარული. პროფესიულად მივდევდი სპორტის ამ სახეობას, აქედან მოვხვდი გადაცემაში „აერობიკა“. ერთ-ერთი რეპეტიციის დროს "ნატალის" დამფუძნებელმა, ქალბატონმა ნატა სამადალაშვილმა აღმომაჩინა და მთხოვა სააგენტოში მეცადა ბედი. ჩემი პირველი ჩვენება შედგა მაკა ასათიანთან, როდესაც მაღაზია გახსნა აბაშიძეზე. ეს იყო პირველი ჩვენება, სადაც პერსონალური დიზაინერის ჩვენებაზე გამოვედი, მანამდე კი ლაგუნა ვერეზე მოწყობილ პოდიუმზე გამოვედი, სადაც სხვადასხვა დიზაინერების სამოსის ჩვენება იყო. ის პერიოდი ძალიან კარგად მახსენდება, განსაკუთრებით ფოტოგადაღებები მენატრება, პოდიუმზე დგომა ნაკლებად, რადგან ახლა ამის ასაკიც არ მაქვს.

- დღეს რას საქმიანობთ?

- მყავს ქალიშვილი 4 თვის თამარი, მისი აღზრდით ვარ დაკავებული. ვმუშაობ საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჩემი ლექტორი იყო ბატონი მიხეილ უკლება, როცა გამოცდა ჩავაბარე, მკითხა, ხომ არ დავინტერესდებოდი დიპლომატიური სამსახურით. 2004 წელს გავიარე კონკურსი საგარეო საქმეთა სამინისტროში და ამჟამად ვარ გაეროს სამმართველოს უფროსი.

სოფი ხუბერაშვილი პირველი ქართველი მოდელი იყო, რომელმაც ერთ-ერთი ჩვენებისთვის თმა გადაიპარსა. ეგზოტიკური გარეგნობის მოდელი, უამრავი ადამიანის ყურადღებას იქცევდა და მისი პლაკატები არც მეტი, არც ნაკლები პოლიტიკოსების კაბინეტებშიც კი იყო გამოკრული. სოფი დღეს ორი შვილის დედაა და საკუთარი კომპანია აქვს.

- ჩემი სამოდელო კარიერა თავდაპირველად საზღვარგარეთ დაიწყო, სკაუტმა გამაჩერა ქუჩაში და იქ გავიარე სამოდელო საქმის შესწავლა. როდესაც გერმანიიდან დავბრუნდი, მეგობარს გავყევი „მის გლობუსის“ კასტინგზე, სადაც ვნახე მაკა ასათიანი და მან შემომთავაზა მეც მიმეღო მონაწილეობა მის ჩვენებაში. ასე დაიწყო ჩემი სამოდელო კარიერა საქართველოში. პირველი ვიყავი ვინც თავი გადავიპარსე გადაღებისთვის და ეს ყველას მონტაჟი ეგონა.

ასევე, მე მივიღე პირველმა მოწვევა „ელიტ მოდელ ლუქიდან“, მაგრამ დედა და თბილისი მინდოდა, ამიტომ არ წავედი. ასევე ორჯერ გამოვედი ორსული პოდიუმზე. გოგა ნიქაბაძის და გიორგი შაღაშვილის ჩვენებაზე მივიღე მონაწილეობა რვა თვის ორსულმა.

ამჟამად მაქვს საკუთარი უძრავი ქონების კომპანია, რომელიც ისტორიულ შენობებს ყიდის. მე თვითონ ვაკეთებ ამ ყველაფერს, ისევე როგორც თითოეული თანამშრომელი.

ლაშა ჯაფარიძე, პირველი მამაკაცი მოდელი იყო საქართველოში, რომელიც წლების განმავლობაში სხვადასხვა დიზიანერების ჩვენებებში აქტიურად იღებდა მონაწილეობას.

- 16 წლის ვიყავი, როდესაც მაღაზიაში შემხვდა პირველი ბილბორდის გოგონა საქართველოში, ეკა არჩვაძე და მირჩია, სამოდელო სფეროში მეცადა ბედი. ვერც გავიაზრე რას მეუბნებოდა, მაგრამ მივხვდი რომ გართობის კარგი საშუალება იყო. ასე მოვხვდი ქალბატონ ნატალი სამადალაშვილთან. პირველი კასტინგი ჩემს დაბადების დღეზე გავიარე და მოვხვდი კიდეც სამოდელო სფეროში. ისევე როგორც მაშინდელი თაობის ყველა მოდელის, ჩემი პირველი ჩვენებაც მაკა ასათიანს უკავშირდება. ამ ქალს ჰქონდა არაჩვეულებრივი უნარი, ზუსტად აღმოეჩინა საინტერესო ადამიანები და საინტერესო შოუებს აკეთებდა.

ის დრო ტკბილად მახსენდება, მართალია ერთ-ერთი პირველი ვიყავი, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი სხვა ბიჭებიც ყოფილიყვნენ პოდიუმზე...

მახსოვს, ნიუ-იორკში „პრადას“ ჩვენებისთვის შერჩეულ 25 საუკეთესო მამაკაც მოდელს შორის მოვხვდი, მართალია მე ვერ გავიაზრე მაშინ, ეს რა წარმატება იყო - ეს გახლდათ საკუთარი ცხოვრების შეცვლის უნიკალური შანსი, მაგრამ მოწვევის მიუხედავად, ორჯერ მითხრეს უარი ვიზაზე. ჩვენი თაობა სულ სხვა თაობა იყო, ეს გახლდათ ნატა სამადალაშვილის დამსახურება. ის ცდილობდა ჩვენს მიერ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი, სიკეთის მომტანი ყოფილიყო ყველასთვის.

- ამჟამად რას საქმიანობთ?

- ახლა მყავს ოჯახი. პატარა ალექსანდრე და მეუღლე ანი, რომელიც თავადაც მოდელია და არაერთ წარმატებულ პროექტში იღებს მონაწილეობას, როგორც თბილისში ასევე, ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ჩემს საქმიანობას რაც შეეხება, მაქვს საუთარი უძრავი ქონების კომპანია, ასევე ვარ ქასტინგის მენეჯერის მრჩეველი კინოს და სარეკლამო ვიდეოების გადაღებისას.

თამუნა გაბრიელაშვილი 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოდელია. ულამაზეს ქართველ მოდელს ხშირად ადარებდნენ ლიკა ქავჟარაძეს. თამუნა მრავალი წელია სამოდელო საქმიანობას ჩამოშორდა.

- სამოდელო სფეროში შემთხვევით მოვხვდი, ჩვენ დროს იყო კლუბი „ბერიკონი“, სწორედ იქ აღმომაჩინა ბატონმა ზაზა ტყემალაძემ - „ნატალის“ მენეჯერმა და ასე მოვხვდი სამოდელო სფეროში. ჩემი თაობის გოგონები ოცნებობდნენ მოდელობაზე, მაგრამ მე ამაზე არასდროს მიფიქრია. ძალიან მენატრება ის პერიოდი, ჩემი ცხოვრების საუკეთესო ეტაპი, მაგრამ ჩავთვალე რომ იქ აღარ იყო ჩემი ადგილი და სამოდელო სფეროდან წამოვედი.

- ამჟამად რას საქმიანობთ?

- როცა გადავწყვიტე მოდელობისთვის თავი დამენებებინა და ახალი თაობისთვის დამეთმო ასპარეზი, ვისწავლე სულ სხვა საქმე - 2013 წლიდან ვმუშაობ "საქართველოს ფოსტაში", IT დეპარტამენტში. ხუთი წელია უკვე ამ სფეროში ვარ და ძალიან საინტერესო საქმეა ჩემთვის. სამსახურთან ერთად, ჩემი მთავარია საზრუნავია ჩემი ოჯახი.

დაშა ფირსანოვა 2000-იანი წლების დასაწყისში პირველი მოდელი იყო საქართველოდან, რომელიც ფრანგულმა სააგენტო „ფორდ მოდელსმა“ მიიწვია. დაშა საფრანგეთში მოდელ თიკა სიხარულიძესთან ერთად გაემგზავრა და საკმაოდ წარმატებული კარიერაც ჰქონდა.

- ჩემი პირველი ნაბიჯები პოდიუმზე სოფო ჭყონიას უკავშირდება, მისი სააგენტო „ამსას“ მოდელი ვიყავი. პატარა ვიყავი, როდესაც ფრანგულმა სააგენტო „ფორდ მოდელსმა“ მიგვიწვია მე და თიკა სიხარულიძე საფრანგეთში. ათი წელი დავრჩი იქ და ვაკეთებდი ჩემს საყვარელ საქმეს. ვთანამშრომლობდი ტორონტოს და ტოკიოს სააგენტოებთან. როდესაც 28 წლის გავხდი, მივხვდი უკვე ოჯახის შექმნის დრო იყო და საქართველოში დავბრუნდი.

- ახლა რას საქმიანობთ?

- ახლა ფოტოგრაფიით ვარ დაკავებული, სანამ მოდელობას დავიწყებდი ფოტოგრაფობა მინდოდა, ნინო ცქიტიშვილის სააგენტოში ვმუშაობ და მოდელების პორტფოლიოებს ვამზადებ. მყავს ოჯახი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი