წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში მოწამლულთაგან 11 აღსაზრდელი საავადმყოფოში რჩება. ისინი სტაციონარულ მკურნალობას ქუთაისში, კლინიკა "მედიქალ სითიში" გადიან. მათგან ნაწილს უკვე დაუდგინდა კვებითი ინტოქსიკაცია. ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ინტოქსიკაცია სავარაუდოდ, რძის ნაწარმის და ბოსტნეულის მიღებას უკავშირდება.
დღეს საავადმყოფოში ბავშვები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თავმჯდომარის მოადგილემ პაატა იმნაძემ მოინახულა. მისი თქმით, მცირეწლოვანი ბავშვების ინტოქსიკაციის მიზეზს გამოძიება დაადგენს.
შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 6 საბავშვო ბაღში 25-მდე აღსაზრდელი მოიწამლა. მშობლების ინფორმაციით, ბავშვებს მუცლის ტკივილი, ღებინება და მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ.
ნახეთ ვიდეო: რამ გამოიწვია წყალტუბოს საბავშვო ბაღებში 26 აღსაზრდელის მოწამვლა?