უკვე ერთ თვეზე მეტია, ამერიკასა და ჩინეთს შორის პროტექციონისტული ომი მიმდინარეობს. 18 სექტემბერს ამერიკამ ჩინეთის ეკონომიკაზე შეტევის კიდევ ერთი ახალი ტალღა განახორციელა, რა დროსაც ტრამპმა განაცხადა, რომ “იმედია ჩინეთი შეჩერდება”. ორმხრივ დაპირისპირებაში უკვე ჩართული არიან მექსიკა, კანადა, რუსეთი და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა.
საქმე ის არის, რომ ტრამპი მათ ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს შეჰპირდა, რომ "ორი გიგანტი სახელმწიფოს შორის ეკონომიკური ურთიერთობის გადახედვა გარდაუვალი იქნებოდა." თავის მხრივ, ჩინეთის ლიდერმა ამერიკის პრეზიდენტს "შეშლილი" უწოდა... Deutsche Welle-სთან დასავლელი ექსპერტები ამბობენ, რომ ამ სავაჭრო ომით, შესაძლოა, ამერიკა უფრო მეტად დაზარალდეს, ვიდრე სხვა ქვეყნები.
ამერიკული საინვესტიციო ბანკის Morgan Stanley-ის შეფასებით, სავაჭრო ომს ჩინეთზე გარკვეული გავლენა აუცილებლად ექნება, თუმცა, ეს აზიურ ქვეყანას დიდ დარტყმას არ მიაყენებს. ევროპელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს დაპირისპირება ჩინეთის ეკონომიკის ზრდას 0.2 %-ით შეანელებს და 2020 წლისთვის შესაძლოა, გარკვეული ზარალიც განიცადოს, თუმცა, ეს საგრძნობი არ იქნება.
თეთრი სახლი უკან დახევას არ აპირებს და ჩინური 200 მილიარდი დოლარის საქონლის იმპორტზე 10-პროცენტიან ტარიფს დააწესებს. ცოტა ხნის წინ პეკინმა განაცხადა, რომ თავადაც დაუწესებდა ამერიკული წარმოების 60 მილიარდი დოლარის საქონელს საპასუხო ტარიფებს, თუ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მუქარას შეასრულებდა და ახალ ტარიფებს დააწესებდა.
კომპანია JP Morgan Chase-ს ბიზნესის ჩინური მიმართულების ხელმძღვანელის მარლ ლენის შეფასებით, ბიზნესის წარმოების კუთხით ჩინეთთან დაკავშირებით არსებული პრობლემები, საშუალო ვადაში იჩენს თავს და ამით, დაინტერესებული მხარეების გარდა, ვერც ერთი ქვეყანა ვერ იხეირებს.
"რადიო თავისუფლების" ცნობით, დაბეგრილი პროდუქციის ნუსხაში შედის სახლის სიგნალიზაციის მოწყობილობები და ველოსიპედები. თუმცა, ამ სიაში ვერ მოხვდა, ბავშვთა უსაფრთხოების პროდუქცია და პოპულარული ელექტრონული მოწყობილობები, რომლებიც მომხმარებელს ვარჯიშსა და კალორიების თვლაში ეხმარება... შეზღუდვა სულ 6 ათასი დასახელების პროდუქციას შეეხო, მათ შორის: ქალის ჩემოდნებსა და ჩანთებს; გაყინულ ხორცსა და თევზს; სხვადასხვა სახეობის მარცვლეულს, ბრინჯს და ხილს.
"რადიო თავისუფლების" რესპონდენტი, მერილენდის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი პიტერ მორიჩი აცხადებს, რომ პეკინს ტარიფებზე საპასუხო ბევრი ბერკეტი აქვს, როგორიც არის: ვალუტის კურსით მანიპულირება, ხარჯების მწარმოებელზე გადანაწილება და სხვა.
საერთაშორისო ეკონომისტების აზრით, თუ დაპირისპირება დიდხანს გაგრძელდა, ეს "მიწოდების ჯაჭვის რღვევას" გამოიწვევს, თუმცა, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ექსპერტები ერთხმად ამბობენ, რომ ჩინეთი უკან არ და ვერ დაიხევს. ჩინეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ომი მხოლოდ ამ ორ სახელმწიფოს არ ეხება და გლობალური ეკონომიკისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს", - აცხადებს CNBC-სთან ინტერვიუში ამერიკული საინვესტიციო ბანკის JPMorgan Chase-ის ხელმძღვანელი ჯეიკობ ფრენკელი, რომელიც მსოფლიოს 1931 წლის კატასტროფას ახსენებს, რა დროსაც, ამერიკაში სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად დაწყებული ქმედებები დიდი დეპრესიის წინაპირობა გახდა.
ამერიკა-ჩინეთის დაპირისპირების ფონზე, დასავლელი ექსპერტები რუსეთის და ჩინეთის 100 მილიარდი დოლარის ღირებულების საერთო პროექტზე აკეთებენ აქცენტს, რაც ამერიკის მიმართ ჩინეთს საკმაოდ უხეში ნაბიჯების წინაპირობა გახდა. CNBC-ის ცნობით, ჩინური და რუსული ბიზნესების გაერთიანება 73 საერთო საინვესტიციო პროექტს განიხილავს.
"როგორც რუსეთს, ასევე ჩინეთს აშშ-სთან დაძაბული ურთიერთობა აქვს და შეიძლება ითქვას, რომ ამერიკის წინააღდეგ მათი გაერთიანება შემთხვევითი ვერ იქნებოდა. სხვა საკითხია, ვინ უფრო მეტს იზარალებს ამ ომით," - წერს დასავლური მედია.
მთავარი ფოტო: The New Yorker