ავტორი:

"ტელეწამყვანმა თუ ემოცია გამოხატა, ამისთვის რატომ უნდა დავახრჩოთ?!" - თორნიკე კვერენჩხილაძის პოლიტიკური ინტერვიუ

"ტელეწამყვანმა თუ ემოცია გამოხატა, ამისთვის რატომ უნდა დავახრჩოთ?!" - თორნიკე კვერენჩხილაძის პოლიტიკური ინტერვიუ

მალე "იმედზე" მასშტაბური პროექტი "ცეკვავენ ვარსკვლავები" დაიწყება. როგორც შევიტყვეთ, მასში მონაწილეობას მიიღებს ჟურნალისტი თორნიკე კვერენჩხილაძე, რასაც თავად არც უარყოფს და არც ადასტურებს. არ სურს ამ თემაზე საუბარი, თუმცა საკუთარ პროფესიაზე ლაპარაკით არ იღლება. ამბობს, რომ პოლიტოლოგია, თუმცა მეორადი პროფესიით, ჟურნალისტი და ამჟამად ტელეკომპანია "იმედში" მუშაობს.

თორნიკე მოსიყვარულე და მზრუნველი მამაა, ჰყავს ორი გოგონა - 6 წლის ტასო და 2 წლის კატო, თუმცა თვითონ მიაჩნია, რომ მასზე ბევრად კარგი მამები არსებობენ.

"ვცდილობ, უკეთესი ვიყო, ამიტომ თავისუფალ დროს ერთად დავდივართ გასართობ ცენტრში. ის არის, რომ უდროობის გამო შვილებთან ყოფნის დეფიციტი მაქვს ხოლმე... როცა თავისუფალ დროზე ვსაუბრობ, აქ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მიყვარს ფეხბურთი, ველოსიპედით სეირნობა. დღის განმავლობაში უამრავ რაღაცას ვაკეთებ. აქტიური ტიპი ვარ, არ მიყვარს გაჩერება. გაჩერება, თუნდაც ჩემს პროფესიაში, უკან სვლას ნიშნავს" - ამბობს თორნიკე კვერენჩხილაძე.

ფიქრობს, რომ ჟურნალისტებს უამრავი რამის შეცვლა შეუძლიათ და თუ ჟურნალისტიკას სარგებელი არ მოაქვს, არაფრად ღირს.

"ამ პროფესიას რეალურად შეუძლია ქვეყნის განვითარებას და წინსვლას ხელი შეუწყოს, მაგრამ ამის სურვილია საჭირო... სწავლის გაგრძელებას პოლიტოლოგიის მიმართულებით ვაპირებდი, მაგრამ წლების წინ სამუშაოდ "აჭარის ტელევიზიაში" მივედი. ჰოდა, ამ ამბავში თავი ერთი თუ შეყავი, რთულია თავის დაღწევა..." - აღნიშნავს თორნიკე და აქვე ქართველ პოლიტიკოსებზე საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს.

"უმეტესად, მოწყვეტილები არიან რეალობას და კარგავენ განცდას, რა უნდა მოსახლეობას, რას ითხოვს მათგან. მოსახლეობის პოლიტიკური კულტურა ბევრად აღემატება ჩვენი პოლიტიკური ელიტის პოლიტიკურ კულტურას. პოლიტიკოსებს რატომღაც ხალხთან უშუალო კომუნიკაცია ავიწყდებათ, ზედმეტად წელში გაჯგიმული ტიპები არიან. 25 წელია გულზე მჯიღს ირტყამენ და განვითარებას და წინსვლას გვპირდებიან. ჯერჯერობით, მათი გულზე მჯიღის რტყმა და ჩვენი განვითარების ტემპი ერთმანეთს ვერ ემთხვევა, აცდენაა" - დასძენს ჟურნალისტი.

თორნიკე კვერენჩხილაძეს მიაჩნია, რომ ყველა ხელისუფალმა მაქსიმალური თავისუფლება უნდა მისცეს მოქალაქეებს, ბიზნესს, რაც განვითარებას თავისით მოიტანს.

"ბიზნესს მიშვება სჭირდება და ბაზარი ყველაფერს თავისით დაარეგულირებს. ხელისუფლება ბიზნესსა და მოქალაქეების თავისუფლებაში დიდი დოზით არ უნდა ერეოდეს, რაც მაგალითად, მარიხუანას თემასთან დაკავშირებით მოხდა, ამაზე ხომ წლების განმავლობაში ვლაპარაკობდით ჟურნალისტები თუ რიგითი მოქალაქეები?! თურმე, შესაძლებელი და მისაღები ყოფილა ეს ყველაფერი და ეს ახლა აღმოაჩინეს.

ერთ უცნაურობაზე შევჩერდები, დეპუტატი გუგული მაღრაძე, რომელმაც სიგარეტის მოწევა აკრძალა, ახლა გამოდის და ამბობს, მარიხუანა სოფლის მეურნეობის კულტურაა და დავთესოთო... თავს იტყუებენ, თვალებს იბრმავებენ. ამასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა ჩნდება და კარგია, რომ საკითხი ადგილიდან დაიძრა", - გვეუბნება ჟურნალისტი.

რაც შეეხება მარიხუანის ექსპორტზე გატანის მიზნით წარმოებას, ამაზე კვერენჩხილაძეს საინტერესო მოსაზრება აქვს:

"ქვეყანა დიდ ფინანსურ სარგებელს მიიღებს. ის თანხა კი განათლების სფეროში უნდა მივმართოთ და ვუთხრათ ბავშვებს, რა ცუდია მარიხუანა. ვაჩვენოთ ჯანსაღი ცხოვრების მიმართულება. თანხები სწორ განათლებას მოხმარდეს, რეალურ თავისუფლებაზე დაფუძნებულ განათლებას, რომელმაც შემდეგი თაობა უნდა მოგვცეს, ჭაობიდან ამოგვიყვანოს", - გვეუბნება ტელეწამყვანი.

"ქრონიკის" წამყვანი იუმორითაც გამოირჩევა და ძალიან აქტიურია სოციალურ ქსელში:

"თუ არ შეგიძლია გაიცინო საკუთარ თავზე, რაღაც ფაქტებზე, რაც რეალურად სასაცილოა, მაშინ არ ვიცი, რაზე უნდა გავიცინოთ? იუმორის გარეშე ძალიან გაგვიჭირდებოდა, იმიტომ, რომ ბევრ რაღაცას მოქალაქეები იუმორით ვუყურებთ... მართლა კომიკური სიტუაციები იქმნება, ასეთ დროს რობოტი ვერ იქნები. ის კი არა, ზოგჯერ რობოტსაც კი გაეცინება, ქვეყანაში ისეთი რაღაცები ხდება.

ამიტომ თუ ტელეწამყვანმა ემოცია გამოხატა, ამისთვის რატომ უნდა დავახრჩოთ?! ჩვენც ჩვეულებრივი ტიპები ვართ. რაღაცებზე, რაც სასაცილოა, გვეცინება და რაღაცებზე, თუ სატირალია, გვეტირება... უბრალოდ, ჟურნალისტიკაში მეტი ადამიანურობაა საჭირო და უფრო მეტად გაიგებენ შენს მოყოლილ ამბავს.

შარშან არჩევნებზე გურიაში ვიყავი, მთელი დღის განმავლობაში არაფერი ხდებოდა და უცებ მირეკავს ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი და მეუბნება - ბეჭედი, რომელიც უნდა დაარტყან შემაჯამებელ ოქმს, ეზოს ტუალეტში ჩაუვარდათ. წავედი გადასაღებად. როგორც აღმოჩნდა, ბეჭედი ლაბადაში ედო იმის გამო, რომ ეშინოდა, არ დაეკარგა, ან ვინმეს არ წაერთმია.

მოკლედ, მთელმა საქართველომ გაიგო, რომ ბეჭედი ტუალეტში შემთხვევით ჩავარდა. ადამიანი ისეთი შეწუხებული და ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ შეგვეცოდა. შემდეგ მოიტანეს მისი შემცვლელი... იყო გურიაში ამაზე დიდი ხალისი, ეთერში იმის განმარტებაც დამჭირდა, რომ ტუალეტში არა საიუველირო ნაწარმი, არამედ საარჩევნო კომისიისთვის სპეციალურად განკუთვნილი ბეჭედი ჩავარდა", - სიცილით იხსენებს რესპონდენტი.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ