რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გავრცელდა ფოტოები, რომელზეც ასახულია, როგორ დაიწია წყალმა სიონის ტბაზე და ფსკერზე საფლავის ქვები გამოჩნდა.
ფოტოებზე, რომლებიც ალექსანდრე კვატაშიძემ გადაიღო, სავარაუდოდ, საუკუნის წინანდელი საფლავებია გამოსახული. ერთ-ერთ მასიურ ქვაზე ასეთი წარწერა იკითხება: "ნიკო დავითის ძე ჩეკურაშვილი გარდაიცვალა ომში, 29 იანვარს 1916 წ. სამშობლოს გულისათვის სისხლი..."
ცნობილია, რომ საქართველოს წყალსაცავების უმეტესობა ნასოფლარებზე, ნატაძრალებსა თუ სამარხებზეა აშენებული. ამიტომ, ადამიანების უმეტესობას სიონის ფოტოების ხილვა დიდად არ გაჰკვირვებია, თუმცა კითხვები მაინც გაჩნდა.
სანამ სპეციალისტებს მოვუსმენდეთ, შეგახსენებთ, რომ სიონის წყალსაცავი ივრის შუა წელში მდებარეობს, რომელსაც სიონის ქვაბულის ფსკერი უკავია. წყლის საერთო მოცულობა 325,4 მლნ კუბური მეტრია, განკუთვნილია მდინარე ივრის ჩამონადენის მრავალწლიური რეგულირებისთვის და სარწყავად.
იქ გასული საუკუნის 60-იან წლებში სოფლები დაიტბორა, მათ შორის ტაძარიც, ფეოდალური პერიოდის ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ადრეული პერიოდის ძეგლი. სიონის წყალსაცავში ჩაძირული ტაძრის იდენტური მაკეტი ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება. ამ ეკლესიის რამდენიმე მცირე მასშტაბის ნანგრევი ჯერ კიდევ შემორჩენილია, თუმცა მათი დანახვა წყლის დონის აწევისას შეუძლებელია.
ქეთევან დიღმელაშვილი, არქეოლოგი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსი სპეციალისტი გვიდასტურებს, რომ სიონის წყალსაცავი XX საუკუნის 60-იან წლებში გაშენდა. მის გასაშენებლად კი საჭირო გახდა იმ ტერიტორიაზე არსებული 8 სოფლის გასახლება, რომელთა მცხოვრებნიც სხვადასხვა მიმართულებით გადაასახლეს და ტერიტორიები წყალსაცავისთვის დაიტბორა.
ქეთი დიღმელაშვილი გვეუბნება, რომ სანამ წყალსაცავის მშენებლობა დაიწყებოდა, ტერიტორია არქეოლოგებმა შეისწავლეს. იქ, სადაც დამბასა და კაშხალს აშენებდნენ, სამუშაოების დაწყებას აღმოჩენები მოჰყვა: ტერიტორიაზე IV-V საუკუნეების ბაზილიკა გაითხარა, თავისი აკლდამით. ბაზილიკა და აკლდამა იმის გამო, რომ უნიკალური და მნიშვნელოვანი ძეგლი იყო, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გადმოიტანეს და მისი ნახვა დღეს ყველას შეუძლია.
როგორც რესპონდენტი ამბობს, ტერიტორიაზე ჰორიზონტის სხვა მხარეს ასევე მოსალოდნელი იყო ძველი ნასოფლარების, სამარხების არსებობა, სადაც კვლევა აღარ ჩატარებულა, თუმცა იყო დაზვერვები და არქეოლოგებმა დაადასტურეს, რომ ასეთი არქეოლოგიური ზონები იქ არსებობდა, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანი იყო სიონის წყალსაცავის აშენება, რომ პრიორიტეტი წყალსაცავის მშენებლობისკენ გადაიხარა.
წლის იმ დროს კი, როცა მდინარეების დონე იწევს, წვიმის დროს წყალი მატულობს, წყალსაცავის დაშვება ხდება, წყლის დონე დაბლა იწევს და სანაპირო ზოლში მდებარე, უკვე დატბორილი ნასოფლარები ჩნდება. ვინაიდან სილოვანი მიწაა, სხვადასხვა დროს გარკვეულ ადგილას არქეოლოგიური ზონები იკვეთება, თუნდაც, სამარხები ა.შ.
დიღმელაშვილი დასძენს, რომ შარშან მსგავსი სამარხები სიონის სამხრეთ სანაპიროზე წყლის დაშვებისას გამოჩნდა. მოხდა მათი კვლევა, გაითხარა მასალა, დამუშავდა და თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს გადაეცა. ბუნებრივია, მსგავსი სამარხების, ნასოფლარების გამოვლენის ფაქტები კვლავაც მოსალოდნელია და საქმე რაიმე უცნაურთან და განსაკუთრებულთან არ გვაქვს.
"ფოტოზე აღბეჭდილი საფლავი თავისი ქვითა და წარწერებით XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის სამაროვანია. ტრადიციული სამარხია და არა რაიმე განსაკუთრებული, უცნაური. XIX საუკუნის საქართველოსთვის ტიპური სამარხებია, როცა სამარხებზე ზემოდან ქვები იდებოდა და ეს იყო იდენტიფიკაციის ჩვეულებრივი ნიშანი", - განმარტავს დიღმელაშვილი.
- ფოტოზე აღბეჭდილი საფლავი შესწავლას არ საჭიროებს?
- კონკრეტულად რომელი ნაწილიდან არის აღებული და სად არის გადაღებული, ეს კითხვა დავსვი და არავინ მიპასუხა. ჯერჯერობით უცნობია, რომელ ნასოფლარს განეკუთვნება. მაგრამ ის სოფლები, რომლებიც იქიდან გადაასახლეს, ყველა აღწერილია და ყველას მდებარეობა ვიცით. ამიტომ, თუ მოგვაწვდიან ინფორმაციას, პასუხსაც გავცემთ.
რაც შეეხება ამ სამაროვანთან დაკავშირებულ კვლევის ჩატარებას, მიზანშეწონილი არ არის იმიტომ, რომ იქ ქვების გარდა არაფერია დარჩენილი.
ვიმეორებ, სიონის წყალსაცავის შექმნას წინ უძღოდა კვლევა სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კვლევები არ იყო, სრულფასოვანი და თავიდან ბოლომდე ამოწურული, რადგანაც იმ ყველაფერს დიდი პერიოდი დასჭირდებოდა. ყოველ შემთხვევაში, ინფორმაცია გვაქვს - სად რა უნდა იყოს და ეს წიგნებშიც არის დაფიქსირებული.