ავტორი:

აფხაზეთის ახალი თავსატეხი - სოჭიდან შემოსული ინვაზიური მავნებელი მწერი ზღვისპირა ქალაქებს უტევს

აფხაზეთის ახალი თავსატეხი - სოჭიდან შემოსული ინვაზიური მავნებელი მწერი ზღვისპირა ქალაქებს უტევს

ჯერ კიდევ დაუმარცხებელი აზიური ფაროსანას კვალდაკვალ, ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი ინვაზიური მავნებელი ფიქსირდება - ე.წ. გრძელნისკარტა. მწერი, რომელიც კონკრეტულად პალმებს უტევს და ზღვისპირა ქალაქებში უამრავი მარადმწვანე მცენარე გაახმო.

აფხაზური მედიის ცნობით, აფხაზეთის ტერიტორიაზე მავნე მწერი 2016 წელს დაფიქსირდა და მას პალმის გრძელცხვირას უწოდებენ. ის ზაფხულობით აქტიურდება და მცენარის გახმობა ერთ სეზონზე შეუძლია. ბოლო ხანებში ადგილობრივმა სპეციალისტებმა ათობით გამხმარი პალმა აღმოაჩინეს.

საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ Апсабара-მ, ადგილობრივ ეკოლოგებთან ერთად მონიტორინგი დაიწყო, რათა სიტუაცია უფრო დეტალურად შეეფასებინა. როგორც გაირკვა, ვითარება საკმაოდ საგანგაშოა.

ე.წ. ეკოლოგიის ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტის მიხეილ ქირიას შეფასებით, "პალმის გრძელცხვირა" ძალიან სწრაფად ვრცელდება და თუ შესაბამისი უწყებები ყურადღებას არ გამოიჩენენ, შესაძლოა ყველაფერი რამდენიმე თვეში კი არა, ერთ სეზონში განადგურდეს. ინვაზიური მწერი მცენარეს ერთ კვირაში სპობს.

ekhokavkaza.com-ის ინფორმაციით, ეს მწერი მცენარეში სამი-ოთხი თვის განმავლობაში ისე "ცხოვრობს", რომ გარედან არ ჩანს. იგი მცენარის რბილობით იკვებება და მხოლოდ "ფინალურ სტადიაში" ჩნდება, ანუ მაშინ, როდესაც ხე ხმობას იწყებს... ასეთი ხის შველა კი უკვე შეუძლებელია და ერთადერთი გამოსავალი მისი მექანიკური განადგურებაა, რათა შემდგომ მწერის გავრცელება არ მოხდეს.

"პალმის გრძელცხვირა" აფხაზეთში პირველად 2016 წელს დაფიქირდა, თუმცა აზიურ ფაროსანასთან ჭიდილში ამ მწერის არსებობა არავის გახსენებია. არადა, გაგრის რაიონში, ცანდრიპშის დასახლებაში პალმები მასობრივად "კვდებოდნენ". მისი გავრცელების ყველაზე მასშტაბური კერა Холодная речка იყო და ამას მოსახლეობაც აპროტესტებდა, ვიდრე სოხუმამდე, ბიჭვინთამდე და ცენტრალურ უბნებამდე არ მიაღწია.

"ამ კვირაში რეგიონში უმძიმესი ფოტოები გავრცელდა... ერთ ხეივანში, მიჯრით ოცზე მეტი პალმა გახმა, თითქოს ცეცხლი წაუკიდესო. დაზიანებულია ფინიკის პალმები. პრობლემა ადგილობრივებმა ეზოებშიც შენიშნეს, 30-ზე მეტი პალმა უბრალოდ, მოსაჭრელია... ეს კი იმას ნიშნავს, რომ მავნებელი ძალიან სწრაფად ვრცელდება. ჯერჯეობით მათი მკურნალობის გზებიც და პრეპარატები არ არსებობს, უფრო სწორად, ამაზე არავის უფიქრია.

არსებული ცნობებით, ამ მხრივ მძიმე ვითარებაა გაგრაში, გაგრის პანსიონატებშიც და პრიმორსკში, სადაც პალმის ხეები დამწვარივით გამოიყურება. არც ერთი მათგანი მკურნალობას არ ექვემდებარება... რაც შეეხება სოხუმს, მიყოლებით გახმა სოხუმის სკვერში, "რეპატრიაციის კომიტეტის" წინ ახლად დარგული პალმებიც", - ამბობს ქირია გამოცემასთან საუბარში.

აფხაზი სპეციალისტის თქმით, მავნებლის გავრცელების არეალი რამდენიმე ათეული კილომეტრია, რაც ენგურსაქეთ საქართველოს მოსახლეობას სულაც არ გვაძლევს მშვიდად ყოფნის საფუძველს, მით უფრო, რომ აზიური ფაროსანაც, დანარჩენ საქართველოში სწორედ აფხაზეთიდან გადმოვიდა. მაშინ როდესაც რუსეთის ხელისუფლებამ იქ ინფრასტრუქტურის ასაშენებლად ხე-ტყის მასალა აზიიდან ჩაიტანა.

მიხეილ ქირიას ცნობით, აფხაზეთში გრძელცხვირაც სოჭიდან გავრცელდა ოლიმპიური თამაშების დროს, როდესაც იქ ახალი დროებითი "დასახლებები" შექმნეს, იქიდან კი მისთვის მისაღები კლიმატური პირობების გამო, აფხაზეთში გავრცელდა.

რუსეთსა და ევროკავშირში ფიტოსანიტარული კონტროლის მუშაობით უკმაყოფილოები არიან და უკეთესი სურთ, აფხაზეთში კი ეს სამსახური საერთოდ არ არსებობს, ისევე როგორც ლაბორატორია, სადაც ამ ინვაზიურ მავნე მწერს გამოიკვლევდნენ და პრევენციულ ზომებზე იმუშავებდნენ.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მათ კარგა ხანია არავის, მით უფრო, "ხელისუფლების" იმედი არ აქვთ და ღმერთის იმედად არიან დარჩენილნი... აფხაზები წერენ, რომ თუ რეგიონში მწვანე მასა განადგურდა, ეს ტურიზმის სეზონის კიდევ უფრო გაუარესებასა და "ეკონომიკის განადგურებას" გამოიწვევს.

მთავარი ფოტო: ekhokavkaza.com

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი