კანაფი და სელი, როგორც მცენარე, ისტორიულად საქართველოში ოდითგანვე მოჰყავდათ, თუმცა მარიხუანას, ამ სახელწოდების კულტურას, როგორც სოფლის მეურნეობის სპეციალისტები ამბობენ, არავინ იცნობდა.
რა ისტორია აქვს კანაფს ჩვენს ქვეყანაში და რისთვის გამოიყენებნენ მას ძველად საქართველოში - ამაზე ცოტნე სამადაშვილი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის, მარცვლოვანი კულტურების სამსახურის უფროსი გვესაუბრება:
"მარიხუანა - ამ სახელწოდებით მცენარე საქართველოში არასდროს ყოფილა გავრცელებული. იყო კანაფი, რომლის სამი სახეობა არსებობდა - სართავი, საზეთე და სარეველა. არსებობს ასევე კანაფის ერთი მიმართულებაც "ინდური", რომელიც ნარკოტიკული თვალსზრისით გამოიყენება, თუმცა ჩვენთან არ ყოფილა გავრცელებული. კანაფის სახეობიდან ერთი სართავ კულტურებს მიეკუთვნებოდა, რასაც ჩვენი წინაპრები სელთან ერთად, უძველესი დროიდან, დაახლოებით, XII-XIII საუკუნეებიდან მოყოლებული იყენებდნენ.
XVII-XVIII საუკუნეში მან დიდ წარმატებას მიაღწია, ევროპაშიც გადიოდა. თუმცა, ვიმეორებ, ამ კულტურას მარიხუანასთან არანაირი საერთო არ ჰქონდა. მისგან არაჩვეულებრივი ქსოვილი მზადდებოდა, რომელიც ევროპაში იყო ცნობილი. გამოირჩეოდა იმით, რომ იყო რბილი, გამძლე და გრძელ ქსოვილს ართავდნენ, რომელსაც ჯვალო ერქვა. კანაფი შეტანილია ჩვენს ადრინდელ არაერთ სახელმძღვანელოში სწორედ იმ კუთხით, რომ მისგან საქართველოში მშვენიერი სართავი მასალა იქმნებოდა.
XIX საუკუნის შემდეგ აქ მისი კვალი დაიკარგა, რადგანაც უკვე შუა აზია იყო ძირითადი მწარმოებელი. კანაფს ასევე აწარმოებდნენ უკრაინაში, რუსეთში... თუმცა, ჩვენთან მეორე სახეობა - საზეთე გამოიყენებოდა, ხოლო მესამეს, სარეველას ებრძოდნენ, ისევე როგორც ზოგადად სარეველას.
- რადგან XIX საუკუნის ბოლოსთვის სხვა ქვეყნებმა დაიწყეს მისი წარმოება, საქართველოში ამიტომ დაივიწყეს?
- ამის გარდა, მრეწველობა სხვა წარმოებაზე გადავიდა, ხელოვნური მასალები შემოვიდა. თუმცა, სახელმძღვანელოებში დაახლოებით 1925-1940 წლამდე სართავი მიმართულებით ზოგიერთ რეგიონში მისი გამოყენება ეპიზოდურად მაინც ხდებოდა, იმისთვის, რომ ჯვალო მიეღოთ. ჯვალო უხეში ქსოვილია, რომელსაც თუნდაც ნამჯას ზემოდან აფარებდნენ, ან ტომრებს კერავდნენ... უბრალოდ, ახლა, XXI საუკუნეში კანაფის ქსოვილის დამზადება სირცხვილია და ამიტომაც შეწყდა მისი დამუშავება.
- სელზე რას გვეტყვით?
- ქვეყანა სელის და კანაფის წარმოებას აქტიურად მისდევდა და ცხადია, ორივე კულტურა კარგად იყო განვითარებული, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რამ იყო. კანაფისგან, როგორც ვთქვით, სართავი მასალა მიიღებოდა და ზეთი. სელიც ერთწლოვანი მცენარეა, ამზადებენ ნართს, ქსოვილს. ჩენჩოს საწვავად იყენებენ. ძველად სართავი სელი საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული, განსაკუთრებით, კოლხეთში. სელისგან ასევე მზადდება ზეთიც. მისი თესლისგან კი ლაქი, ოლიფა, საღებავი და სხვა. გამოიყენება ასევე საკვებადაც, მედიცინაში.
- საექსპორტო მარიხუანას საქართველოში წარმოების პერსპექტივაზე, როგორც სოფლის მეურნეობის სპეციალისტი, რას იტყვით?
- როგორც სოფლის მეურნეობის მუშაკს, მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია: ნარკოტიკული კანაფის წარმოება ნუ ჰგონიათ ადვილი და თან, ასე ხელმისაწვდომიც არ იქნება ყველასთვის. განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ჯერ ერთი, ჩვენთან არც არის და არც ყოფილა მისი წარმოება, ამიტომ არავითარი გამოცდილება არ არსებობს. მერე მის შემოტანას უამრავი დაავადება, მავნებელი მოჰყვება.
უკონტროლოდ და უეცრად შემოტანილი ნებისმიერი პროდუქტი, უზარმაზარ საშიშროებას წარმოადგენს გარდა იმისა, რომ ჩვენ ამ სფეროში უცოდინარები ვართ. არ ვიცით, როგორ შემოვა, ვინ გააკონტროლებს და ამ ყველაფერს ათასი საფრთხე შეიძლება მოჰყვეს. ამიტომ, როგორც სპეციალისტი, კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ისეთ ახალ კულტურას, რომელიც ჩვენს ქვეყანას უმეტესად სახელს გაუტეხს, ვიდრე ასახელებს. თუ არადა, რეფერენდუმი ჩაატარონ და ხალხმა თვითონ გადაწყვიტოს, ურჩევნია სახელი მოიპოვოს ეკონომიკის ასეთი გაძლიერებით და მსოფლიო გვაგინებდეს, მოგვშხამესო, თუ მოვიყვანოთ, უამრავი სასარგებლო კულტურაა, რომლებიც უამრავი გვაქვს. მხოლოდ ყურძენს და ღვინოს არ ვგულისხმობ სხვდასხვა კულტურის წარმოშობის ცენტრი ვართ. იცით, რომ ბალი ჩვენიდან არის მთელ მსოფლიოში წასული?! ჩვენ ვართ მისი პირველადი ავტორები. ამდენად, ასეთი მიდგომით, მეტი სარგებელის მიღება შეგვიძლია. მართალია ასაკოვანი ვარ, მაგრამ არ მინდა თქვან, იმ ქვეყნიდან არის, სადაც ნარკოტიკი მოჰყავთო.