კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის ლიცენზიის ოდენობა - 25 ათასი ლარი იქნება. მთავრობის ინიციატივით, საქართველოს ტერიტორიაზე კანაფის დათესვა, მოყვანა, კულტივირება, გადამუშავება, გადაზიდვა და ექსპორტი, ასევე კანაფის შემცველი პარფიუმერულ-კოსმეტიკური და ფარმაცევტული პროდუქციის წარმოება და ექსპორტი სალიცენზიო საქმიანობა ხდება.
ამ მიმართულებით ცვლილებები “სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ კანონში ხორციელდება, რომლითაც დგინდება აღნიშნული საქმიანობებისათვის სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა.
კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის ლიცენზიები 25 ათასი ლარის ოდენობით არის განსაზღვრული. კერძოდ: სამედიცინო მიზნით მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების ლიცენზია - 25 000 ლარი;
სამრეწველო მიზნით მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების ლიცენზია - 25 000 ლარი;
სამედიცინო მიზნით მცენარე კანაფის გადამუშავების ლიცენზია - 25 000ლარი;
სამრეწველო მიზნით მცენარე კანაფის გადამუშავების ლიცენზია - 25 000ლარი
მცენარე კანაფის/გადამუშავებული მცენარე კანაფის ან/და მისგან დამზადებული პროდუქციის გადაზიდვის ლიცენზია - 25 000 ლარი;
მცენარე კანაფის შემცველი პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის წარმოების ლიცენზია - 25 000 ლარი;
მცენარე კანაფის შემცველი ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების ლიცენზია - 25 000 ლარი;
სამედიცინო მიზნით გადამუშავებული მცენარე კანაფის ან/და მცენარეკანაფის შემცველი ფარმაცევტული პროდუქციის ექსპორტის ლიცენზია - 25 000ლარი;
სამრეწველო მიზნით გადამუშავებული მცენარე კანაფის ან/და მცენარეკანაფის შემცველი პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის ექსპორტის ლიცენზია - 25 000 ლარი;
სამრეწველო ან/და სამედიცინო მიზნით მცენარე კანაფის თესლის ან/დანერგის იმპორტის ლიცენზია - 25 000 ლარი.
საკანონმდებლო პაკეტი შს სამინისტრომ მოამზადა.
კანაფის კონტროლის სააგენტო - ასე ეწოდება სახელმწიფო უწყებას, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, სააგენტოს მიზანია მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგულირება და კონტროლი.
სააგენტოს ექნება ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდებით, ასევე საკუთარი სიმბოლოები.
პროექტის მიხედვით, სააგენტოს ამოცანებია: მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფა; მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე სალიცენზიო და სარეგისტრაციო საქმიანობის განხორციელება; კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად მცენარე კანაფის ბრუნვასთან დაკავშირებული სამართალდარღვევების პრევენციის, მათი გამოვლენის და მათზე რეაგირების უზრუნველყოფა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ნარკომანიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საინფორმაციო კამპანიების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და სხვა პრევენციულ ღონისძიებათა განხორციელებაში მონაწილეობის მიღება.
ამასთან, საქართველოში სამედიცინო/სამრეწველო მიზნებისთვის კანაფის მოყვანა-წარმოების დაწყების ინიციატივა და ამ საქმიანობის რეგულირების მიზნით სპეციალური სააგენტოს შექმნა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 000 ლარიან ხარჯს იწვევს.
შს სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურდიული პირის - კანაფის კონტროლის სააგენტოს შექმნას ითვალისწინებს. აღნიშნული სსიპ-ის თანამშრომელთა სახელფასო ფონდისთვის 500 000 ლარია განსაზღვრული, რომლის გამოყოფაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება.
“სსიპ იქმნება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში, რამაც შესაძლოა გაზარდოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარჯები და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების ნაწილში გამოიწვიოს დამატებითი ხარჯების გამოყოფის საჭიროება. 2018 წლის განმავლობაში გასაწევი ხარჯები განხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
რაც შეეხება გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ამ მიმართულებით კონკრეტული ციფრი დასახელებული არ არის და მხოლოდ ის არის აღნიშნული, რომ ახალი სალიცენზიო საქმიანობის შემოღება ბიუჯეტის შემოსავლებზე გავლენას მოახდენს და ბიუჯეტს გაზრდის.
“მცენარე კანაფთან დაკავშირებულ საქმიანობაზე ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით. აუქციონში მონაწილეობის საფასურისა და სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდა ბიუჯეტის შემოსავლებს გაზრდის. ასევე სალიცენზიო პირობების დარღვევა იწვევს საჯარიმო სანქციებს. აღნიშნული ასევე გაზრდის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს. აღნიშნულის წინასწარ ზუსტი გაანგარიშება შეუძლებელია“, - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.