ავტორი:

ვინ იყო რიჩარდ ლუგარი, ვის სახელსაც საქართველოში ცნობილი ლაბორატორია ატარებს

ვინ იყო რიჩარდ ლუგარი, ვის სახელსაც საქართველოში ცნობილი ლაბორატორია ატარებს

რიჩარდ ლუგარი, ამერიკელი სენატორი და არასამთავრობო ორგანიზაცია „ლუგარის ცენტრის“ პრეზიდენტი, 87 წლის ასაკში 2019 წელს გარდაიცვალა.

გარდაცვალებამდე 87 წლის სენატორი ინდიანას უნივერსიტეტის პროფესორად მუშაობდა, ასევე იყო - ისტორიისა და პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტის საპატიო ლექტორი. ინდიანაპოლისის უნივერსიტეტში კი ხელმძღვანელობდა რიჩარდ ლუგარის სიმპოზიუმს მომავალი ლიდერებისთვის.

მისი არასამთავრობო ორგანიზაცია საკვების უსაფრთხოებაზე, ბიოლოგიური იარაღის გავრცელების პრევენციასა და სხვა საკითხებზე მუშაობს.

აშშ-ს სენატში ყოფნის დროს ლუგარი მუშაობდა ისეთი გლობალური მნიშვნელობის საკითხებზე, როგორიცაა კვების უსაფრთხოება, ბირთვული იარაღის გავრცელების პრევენცია, ენერგოდამოუკიდებლობა, თავისუფალი ვაჭრობა... რიჩარდ ლუგარი 46 საპატიო წოდებას ფლობს სხვადასხვა კოლეჯსა და უნივერსიტეტში.

სენატორს საკუთარი მეურნეობა ჰქონდა, მოჰყავდა სიმინდი, სოიო, ხეხილი.

რიჩარდ ლუგარი 1956 წელს დაქორწინდა. მასა და ჩარლინს 4 შვილი და 13 შვილიშვილი ჰყავთ.

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი საქართველოში სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ლუგარის ცენტრი, მთელი აღჭურვილობით, სრულად გადმოცემულია საქართველოს მთავრობის საკუთრებაში, ხოლო 2018 წლიდან ლუგარის ცენტრის და ლაბორატორიული ქსელის სრულ დაფინანსებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა.

ლუგარის ცენტრი აერთიანებს თანამედროვე დონეზე აღჭურვილ ბიოუსაფრთხოების მე-2 და მე-3 დონის ლაბორატორიებს, რომელთა მიზანია ადამიანისა და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დროული აღმოჩენა და იდენტიფიკაცია "ერთიანი ჯანმრთელობის" პრინციპით.

ცენტრში ფუნქციონირებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ აკრედიტირებული 3 ვირუსოლოგიური ლაბორატორია (პოლიომიელიტის, გრიპის, წითელა–წითურას), გარდა ამისა, ფუნქციონირებს გარე, საერთაშორისო ხარისხის კონტროლით ლაბორატორიები: როტა ვირუსების, ინვაზიური მენინგიტების, მალარიის, ანტიბიოტიკორეზისტენტობის, დიფთერიის და სალმონელოზების დიაგნოსტიკაში, რაც საშუალებას იძლევა ცენტრმა წარადგინოს განაცხადი ჯანმოს მოთანამშრომლე ცენტრის სტატუსის მოსაპოვებლად.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციითვე, ორგანიზაციის შესაძლებლობებს ფართოდ იყენებენ მაგისტრანტების და დოქტორანტების მოსამზადებლად და სამეცნიერო კვლევებისათვის სხვადასხვა უნივერსიტეტები, მათ შორის მეზობელი ქვეყნებიდან.

საქართველოს თანამედროვე კლასიფიკაციით მესამე დონის ლაბორატორიას კორონავირუსის დიაგნოსტირებაც შეუძლია, რაც ამ ინფექციის დროულად გამოვლენისა და მართვის შესაძლებლობას იძლევა.

ლუგარის ცენტრის აშენების მიზანი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გაფანტული სახიფათო ბიოლოგიური მასალის სამედიცინო მიზნით გამოყენება იყო. ცენტრი უმაღლესი სტანდარტებით არის მოწყობილი და ბიოუსაფრთხოების მესამე დონე აქვს მინიჭებული, რაც ნიშნავს, რომ აქ თითქმის ყველა სახის მიკრობს იკვლევენ. სეროლოგიურ ლაბორატორიაში უამრავი დასახელებისა და თვისების ვირუსი და ბაქტერიაა, მიკროორგანიზმების კვლევა კი ადამიანის ჯანმრთელობას ემსახურება.

აქ ასევე თავმოყრილია ბრუცელოზის, ლეპოსპიროზის, ლეიშმანიოზის, ყივანახველას, დასავლეთ ნილოსის ცხელების ვირუსი, ასევე ბორელიოზი, დენგეს ცხელების ვირუსი, რომელიც კოღოებით გადადის. პასუხი ცნობილია რამდენიმე საათში. რეგიონში უნიკალურ ბიოუსაფრთხოების კიდევ ერთ, მესამე დონის ლაბორატორიაში თანამედროვე აპარატურით კლინიკებიდან შემოსულ ინფექციებს ადგენენ (მაგალითად, ჯილეხს, ყირიმ-კონგოს და სხვ.). ყველა ლაბორატორიაში უარყოფითი წნევაა, რაც გაჟონვას გამორიცხავს, ანუ ჟანგბადი გარედან შეიწოვება, იქმნება სპეციალური "ჰაერის ფარდა" და მისი საშუალებით შექმნილ სივრცეში შიგნით ცირკულირებს წაიკითხეთ ვრცლად ლაბორატორიის შესახებ