ავტორი:

იცეკვებს თუ არა გიორგი გილიგაშვილი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" - "მე ვეწევი ჰანტელებს სპორტდარბაზში და შემოქმედებით ცხოვრებას, სხვას არაფერს"

იცეკვებს თუ არა გიორგი გილიგაშვილი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" - "მე ვეწევი ჰანტელებს სპორტდარბაზში და შემოქმედებით ცხოვრებას, სხვას არაფერს"

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გიორგი გილიგაშვილი, რომელსაც საყვარელი ფრაზის გამო ბევრმა "ჩემმა მზემ" შეარქვა, ისეთ პოპულარულ პროექტში მიიწვიეს, როგორიც "ცეკვავენ ვარსკვლავებია" და მაყურებელი შოუში ახალ ამპლუაში იხილავს. თავად გიორგიმ ამაზე სიცილით გვიპასუხა: "სად მივწვდები მე ცაში ვარსკვლავებს, მე მოკრძალებით მზის შვილი ვარ..."

ამის შემდეგ მასთან საუბარი ბლიცინტერვიუს სტილში გავაგრძელეთ. კითხვაზე, თუ რითი ხსნის ბოლო დროს მისი პიროვნების ასეთ პოპულარობას, გვპასუხობს:

- ჩემს ცხოვრებაში დიდი დოზით განსხვავება არ მომხდარა, ადრეც, როდესაც ქუჩებში დავდიოდი, ღიმილიანად მხვდებოდა ჩემი ქალაქი, სულ მიღიმოდნენ და მგონი, ახლაც ასეა. ისე, სოციალური ქსელით რომ არ ვსარგებლობ, ვერ ვხვდები და ვგრძნობ, ჩემმა ცნობადობამ მოიმატა, თუ არა. "მე იგივე ვარ მარად და მარად, არ ვსდევ ჟამთასვლას".

- ღიმილი ახსენეთ. დღეს საზოგადოებას, ადამიანებს მგონი, ღიმილი აკლია...

- სიცოცხლე ტკივილნარევი ღიმილია. ადამიანს ღიმილი თან უნდა სდევდეს. ღიმი სინათლესთან, იმედიანობასთან, სარწმუნოების სიყვარულთან მოიაზრება, სასოწარკვეთილი მდგომარეობა არ არსებობს. ამდენად, უფალი ამბობს, "გიხაროდენ ყოველთა და ყოველთვის, რამეთუ მე თქვენთანა ვარ". ჰოდა, მახსოვს უფალი რომ ჩემთან არის და რაზედ მომიწყენია? - ჩემი პასუხიც ეს არის.

- გარდა სახასიათო მეტყველებისა, იმიჯიც განსხვავებული გაქვთ... არ მეთანხმებით?

- ყველა კაცს აქვს ამის საშუალება ატაროს წვერი, უბრალოდ, ვფიქრობ, რომ წვერი კაცის სამშვენისია. ამასთან, ქრისტეს უნდა ვემსგავსოთ... კაცი კაცს უნდა ჰგავდეს და მშვენიერი - მშვენიერს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი როცა გაუკუღმართდება, "მზე იტირებს და ჩაქრება".

- რა არის თქვენთვის მთავარი?

- კაცობა. ჩემი დევიზი ბავშვობიდან ეს არის. კაცობაში მოიაზრება ადამის მოდგმის უპირველესი დასტური, ღვთის სიყვარული, მშობლების - დედის და მამის პატივისცემა, სამშობლოს სიყვარული, მისთვის თავდადება. ეს არის კაცობა და ამაშია ადამისეული ადამიანის აზრი... რომ უფალმა შექმნა ადამიანი, მამაკაცად, ქალი დედაკაცად და კაცური საწყისი არის ქალშიც და კაცშიც.

- თქვენი სახასიათო ფრაზას - "ჩემმა მზემ", თუ გახსოვთ, საუბარში როდიდან იყენებთ?

- ის სათავეს იმ პერიოდიდან იღებს, როდესაც მზე ამოვიდა ცაზე. ჩემმა მზემ, ჩემი მოკრძალებული ფიქრით, ასე მგონია. ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ ჩემი დიდი შოთა, ილია და არაერთი გენიალური ავტორი მას თავის ნამუშევარში სერიოზულად იყენებს. ასე რომ, ეს ფრაზა ჩემი საკუთრება არ გახლავთ.

- ბავშვობაშიც ამბობდით?

- სავარაუდოდ, ვიტყვოდი. როგორც მამა მეუბნება და მეც მახსოვს, ჩემი უსაყვარლესი პაპა ამბობდა. წინაპრებს საუბრის დროს ახასიათებდათ ასეთი მეტყველება, ასევე მამაჩემის თაობასაც.

- როგორია თქვენი მზე?

- ახლა ავხედე და საოცრად საოცარია!

- ბავშვობაში ჭირვეული ხომ არ იყავით?

- რაღაც ნიუანსებში პატარა გიორგი ჰგავს დღევანდელ გიორგის, რაღაცაში - არა. მნიშვნელოვანია, არ ჰგავდეს... იმიტომ, რომ ეს მრავალფეროვნება ადამიანის სიცოცხლის მთავარი ნაწილია. თუ შენი ცხოვრება მრავალი ფერისგან არ შედგება, მოიწყენ. აუცილებელია ბევრი ლამაზი ფერი და ჩემს ბავშვობაშიც სხვადასხვა ფერია. ამასთან, უნივერსიტეტი სხვა ფერია, სკოლა - სხვა და ა.შ. კი, სხვადასხვა ფერთა გამაა ჩემ წინ გადაშლილი... ყოველი მზეც ახალია, ძველი მზე არ არსებობს.

- რამდენი ფერია სამყაროში?

- ეს აღუწერელია, ისე, რომ ვერასდროს მოიწყენ და ვერ იტყვი, ვაჰ, ეს ფერი ხომ ნანახი მაქვს და მომბეზრდაო.

- რას მიიჩნევთ თქვენს ტრადიციად?

- მინდა, ჩემი ტრადიცია თავისუფლება იყოს და ამ ტრადიციის მატარებლობას ყველაზე მეტად ვისურვებდი.

- ბოლო დროს სიტყვა "მარიხუანა" ხშირად ისმის. რა ემოციას იწვევს თქვენში?

- მარისაც ვიცნობ, ხუანსაც და ანასაც... სინდისს ვფიცავარ, არ ვიცი, რა არის. მე ვეწევი ჰანტელებს სპორტდარბაზში და შემოქმედებით ცხოვრებას, სხვას არაფერს.

- არასოდეს მოგიწევიათ და გაგისნჯავთ?

- სიგარეტს თავი 4 წლისამ დავანებე...

- რას ამბობთ?

- მამაჩემის ძმაკაცები ვახშმობდნენ, მივედი მათთან, უკითხავად და უტიფრად ხელში ავიღე სიგარეტის ღერი. უნდა მომეკიდებინა, მაგრამ სანთებელა ვერ ავანთე. რას აკეთებ? - გადმომხედა მამას მეგობარმა. სიგარეტი უნდა მოვწიო-მეთქი. რას ამბობ, ბიჭოო, თუ მოსწევ, ცოლი გაგშორდება, მე მასე დამშორდაო. ამან ჩემზე გაუცნობიერებლად იმოქმედა. იმის მერე არ გავკარებივარ. ასე რომ, ჩემს აზრს საკუთარი ცხოვრების წესით ვადასტურებ.

მე ქრისტეში ვარ და იმ მოძღვრებაში, რაშიც თავისუფლების სისავსე მიწიდან ზეცამდეა. ვფიქრობ, ადამიანმა ყველაფერი ღმერთამდე სავალ გაზაში რაც ხვდება, უნდა მოიშოროს, რადგანაც ხელს შეუშლის. ესაა სამოსისმოყვარეობა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება, ქედმაღლობა, მემთვარეობა... ეს მიწიერი მრწამსია. ზეციური მრწამსი კი ისაა, რომ ადამიანი უპირატესად ზეცის მოქალაქედ შეიქმნა... ასე რომ, ეს საღმრთო მრწამსი ადამიანს საოცრად საღმრთოს ხდის, მას შეეძლება ღმერთამდე მისვლა, მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით შემოსილს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ