დღეს საქართველოში არაერთი ადამიანი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად. ოფიციალური ინფორმაციით, ყველაზე ხშირად 25-დან 45 წლამდე ასაკის ადამიანები იკარგებიან. ამ ეტაპზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 1020 ადამიანი იძებნება, რომლებიც სხვადასხვა წელს არიან დაკარგულნი.
კობა ბაკურიძეს ოჯახის წევრები ერთი წელია უშედეგოდ ეძებენ. 45 წლის მამაკაცი ბათუმში ზღვაზე გავიდა, რის შემდეგაც სახლში აღარ დაბრუნებულა. ბაკურიძე ყოფილი სპორსტმენი და ძალოვანი უწყების თანამშრომელია. წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე, ძირითადად სამართალდამცავ სტრუქტურებში, ასევე ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო დაცვის სამსახურში პირველი პირის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა.
როგორც დაკარგულის ძმა, თამაზ ბაკურიძე ამბობს, სააკაშვილის ხელისუფლების დროსაც შესთავაზეს თანამდებობა, მაგრამ უარი თქვა და ამის შემდეგ საჯარო პირი აღარ ყოფილა, თავისუფალ სპორტულ ცხოვრებას ეწეოდა. ოჯახის წევრები მისი ზღვაში დახრჩობის ვერსიას გამორიცხავენ.
"ვერაფრით დავიჯერებ და არც შევეგუები ვერსიას, თითქოს ზღვაში დაიხრჩო. ამას ოფიციალურად არ ამბობენ, მაგრამ პირად საუბრებში პოლიციელები ამ ვერსიას განიხილავენ. ჩემ ძმას ყველა იცნობდა და ადამიანი ისე დაიხრჩოს, ოჯახს არავინ შეატყობინოს ეს ხომ გამორიცხულია. ჩვენ მისი დაკარგვის შესახებ მეორე დღეს გავიგეთ, როცა მეუღლემ დარეკა და გვითხრა სახლში არ მოსულაო. დავიწყეთ ძებნა, ყველგან მოვიკითხე და შემდეგ მანქანა აღმოვაჩინეთ ბულვარში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე.
დაიწყეს ზღვაში ძიება, ჩაერთნენ მყვინთავები, მაგრამ უშედეგოდ. მესამე დღეს გამოჩნდა პიროვნება, რომელმაც გვითხრა, რომ ჩემი ძმა ნახა. ანბანის კოშკის მიმართულებით მოდიოდა და არ ეცვა მაისურიო, რაც მართალია, რადგან მაისური მანქანაში ჰქონდა. აღწერილობა ნამდვილად დაემთხვა. ვუთხარით რომ პოლიციისთვის ეთქვა დეტალები, სად როგორ დაინახა. შემდეგ შეცვალა ჩვენება და გვითხრა, რომ ვითომ დღეები შეეშალა და ის დღე არ ყოფილაო.
შემდეგ ეს დღეები გადავამოწმეთ, აღმოჩნდა, რომ კობა მაშინ სარფში იყო და ბულვარში საერთოდ არ ყოფილა. ერთი სიტყვით, დღემდე გაურკვეველ ვითარებაში ვართ. ზღვაში დაღუპული ყველა პირის ცხედარია გამორიყული ჩემი ძმის გარდა. შსს-მ საქმე პროკურატურას გადასცა და ახლა პროკურატურა იძიებს, თუმცა რას აკეთებენ უცნობია, ჩემთვის ერთხელაც არ დაურეკავთ", - უთხრა AMBEBI.GE-ს დაკარგულის ძმამ, თამაზ ბაკურიძემ.
უკვე 5 წელია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიაშია დარეჯან დიასამიძე. გოგონა 17 წლის იყო, როცა დაიკარგა და ოჯახის წევრები მას ამ დრომდე ეძებენ.
დაკარგულის მამა ამირან დიასამიძე შემთხვევის დეტალებს იხსენებს:
"დარეჯანი 2013 წლის 7 აგვისტოს ბათუმში, დილის 11 საათიდან დაიკარგა. ბიძისგან მოდიოდა სახლში, რომელიც 500-600 მეტრზეა ჩვენი სახლიდან. 4 წელი გამოძიება მიმდინარეობდა, თუმცა დაზარალებულად ამ დრომდე არ მცნობენ. 10 დღის წინ დავურეკე გამომძიებელს, შეხვედრა მინდოდა სამმართველოს უფროსთან, მაგრამ არ შემახვედრა, რა ხდება არ ვიცი.
თავიდან ამბობდნენ, თურქეთში წაიყვანესო, მაგრამ 5 წელი გავიდა და რაღაცას გავიგებდი. არანაირი ვერსია არ მაქვს და ხელსაც ვერავის დავადებ. აქაურმა გამომძიებელმა მითხრა, თბილისში უნდა წახვიდე აქ ვერ გამოიძიებენო. თბილისში კი ყურადღება არავინ მომაქცია... ღარიბაშვილი იყო მაშინ შს მინისტრი მივწერე წერილი ივანიშვილსაც, მაგრამ არანაირი პასუხი არ მომსვლია.
პოლიციის მოვალეობა იყო ის, რომ მე მიმეწოდებინა მათთვის რამე ვერსია, და გამოეძიებინათ, თორემ პლაკატებიც მე გავაკარი, ათი ათასი ლარი მაქვს ამაში დახარჯული. განა მარტო ჩემი შვილია დაკარგული, ძალიან ბევრი ადამიანია და რას აკეთებს პოლიცია არ ვიცი", - გვითხრა დაკარგული დარეჯან დიასამიძის მამამ ამირან დიასამიძემ.
ის, რომ უზგო-უკვლოდ დაკარგულად ნამვილად ბევრი ადამიანი ითვლება, ამაზე შს სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციაც მოწმობს.
როგორც AMBEBI.GE-ს უწყებისგან გამოთხოვილ ინფორმაციაში აცნობეს, მთელი ქვეყნის მაშსტაბით სულ 1020 ადამიანი იძებნება, რომლებიც სხვადასხვა დროს დაიკარგნენ.
შსს-ს მონაცემების მიხედვით, უფრო ხშირად მამაკაცები იკარგებიან, მაგალითად ამჟამად 1 020 ძებნილიდან 217 არის ქალი და 803 მამაკაცი.
6 თვის განმავლობაში მარტო თბილისში დაკარგულად 390 ადამიანი ითვლებოდა, საიდანაც 66 ადამიანზე შეწყდა ძებნა.
თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი ადამიანი დაიკარგა იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - სულ 161 ადამიანი და ძებნა მხოლოდ 14 პირზე შეწყდა.
შიდა ქართლში 125 პირი დაიკარგა, მათგან 13 ადამიანზე შეწყდა ძებნა. შემდეგ მოდის აჭარა, სადაც გასულ წელს უგზო-უკლოდ 67 ადამიანი გაქრა და ამავე პერიოდში 5 ადამიანზე შეწყდა ძებნა.