სერიულ მკვლელს, რომელმაც რუსეთში 19 ქალი მოკლა და შემდეგ ცხედრები დაანაწევრა, სამუდამო პატიმრობა გაუუქმეს.
„სასჯელი გაუქმდა, საქმე ხელახლა განსახილველად გადაიგზავნა“ - ამბობს საოლქო პროკურორი ანჟელიკა ეგოროვა.
RT-ს ინფორმაციით, სამუდამო პატიმრობა ყოფილ მილიციელს ევგენი ჩუპლინსკის 6 მარტს ნოვოსიბირსკის სასამართლომ მიუსაჯა. პროკურორმა განმარტა, რომ გამამტყუნებელი ვერდიქტი ძალაში რჩება და მკვლელობებში ჩუპლინსკის მონაწილეობა ეჭვქვეშ არ დგება, თუმცა სერიული მკვლელის საქმეს სასამართლო ახალი შემადგენლობით განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს.
ჩუპლინსკი 1998 წლიდან 2005 წლამდე 19 ქალის მკვლელობაშია ბრალდებული.
52 წლის ყოფილი სამართალდამცველი პირველად 2006 წელს დააკავეს, თუმცა გამოძიებამ მისთვის ბრალის დამტკიცება ვერ შეძლო. მეორედ ჩუპლინსკი 2016 წელს დააკავეს, როდესაც უფრო მეტი მტკიცებულება გაჩნდა. ქალაქში მილიციელს კარგად იცნობდნენ და ვერავინ დაიჯერა, რომ სწორედ ის იყო მანიაკი, რომელიც სექსმუშაკებს ხოცავდა.
დანაწევრებულ ცხედრებს ქალაქის სხვადასხვა ნაწილში პოულობდნენ - მკვლელი მოკლული ქალების სახეებზე მჭრელი საგნებით პენტაგრამებს ხაზავდა.
სასამართლოს სამედიცინო ექსპერტების ვერსიით, ჩუპლინსკის ფსიქიკური აშლილობა არ აქვს და საკუთარი ქმედების სიმძიმეს კარგად აანალიზებდა. თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ ის ნეკროსადიზმისკენ (სექსუალური პერვერსიის ფორმა, როდესაც სქესობრივ დაკმაყოფილებას აღწევენ გვამების დამახინჯებით) არის მიდრეკილი.
1990-იანი წლების ბოლოს ჩუპლინსკი ნოვოსიბირსკში, კიროვის რაიონში მუშაობდა. ტერიტორია, სადაც სექსმუშაკები იკრიბებოდნენ, მისი პატრულირების მარშრუტი ხშირად იყო. მოგვიანებით ჟურნალისტებთან ინტერვიუში ყოფილმა მილიციელმა განაცხადა, რომ ყველა გოგონას კარგად იცნობდა და ისინი სხვადასხვა დანაშაულის გახსნაში ეხმარებოდნენ.
1998-დან 2005 წლამდე ნოვოსიბირსკის ოლქში, მიტოვებულ ადგილებში ქალების დანაწევრებულ გვამებს პოულობდნენ. გამოძიებამ დაადგინა, რომ ყველა მსხვერპლი თითქმის ერთი ასაკის იყო და ვიზუალურადაც ერთმანეთს ჰგავდნენ. ყველა მათგანი სექსმუშაკი იყო.
ადგილობრივი მედია წერდა "სატანისტ მანიაკზე", რომელიც ქუჩაში გოგონებს ეცნობოდა და სთავაზობდა, დრო ერთად გაეტარებინათ. მანიაკს ისინი მიტოვებულ ადგილებში მიჰყავდა, სექსის შემდეგ სხეულს ანაწევრებდა და ქალაქის სხვადასხვა რაიონში ტოვებდა.
მკვლელობის ადგილას კი მანიაკი სხვადასხვა ამულეტს ტოვებდა, გაურკვეველი ნიშნებით. სხეულის ერთ ნაწილს მკვლელი თავად იტოვებდა და მხოლოდ მაშინ აგდებდა, როდესაც ახალ მსხვერპლს მოკლავდა.
სასამართლო სხდომებზე გაირკვა, რომ ჩუპლინსკი მოკლული ქალების უმეტესობას არც იცნობდა.
ყოფილი მილიციელი მკვლელობების ბრალდებით კვლავ ციხეში რჩება, მისი საქმის ხელახალ განხილვას კი ნოვოსიბირსკის სასამართლო უახლოეს მომავალში დაიწყებს.