Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიაში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ითხოვს, რუსეთმა და ირანმა სირიაში, იდლიბის პროვინციაში ჰუმანიტარული კატასტროფა აღკვეთონ... მისი თქმით, იდლიბში სირიის სამთავრობო ძალების სამხედრო ოპერაცია ჰუმანიტარულ კატასტროფას გამოიწვევს და თურქეთისა და ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის.
ერდოღანმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, რეალურად შეხედონ იდლიბში არსებულ ვითარებას, რადგან სხვა შემთხვევაში მსოფლიო მძიმედ აგებს პასუხს. თურქეთის პრეზიდენტი რამდენიმე დღის წინ თეირანში ვლადიმერ პუტინსა და ჰასან ჰურანს შეხვდა და სთხოვა, რომ იდლიბში ჰუმანიტარული კატასტროფის შეწყვეტაზე პასუხისმგებლობა აიღონ.
სირიის პროვინცია იდლიბი, რომელიც ახლა მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია, თურქეთის საზღვართან მდებარეობს და მას პრაქტიკულად ბაშარ ასადის მოწინააღმდეგე შეიარაღებული ოპოზიცია აკონტროლებს. თავის მხრივ, ვიდრე ბაშარ ასადის სამთავრობო ძალები მასშტაბური შეტევისთვის ემზადებიან, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, ირანის სამთავრობო ძალების დახმარებით იდლიბის სხვადასხვა რაიონი რამდენჯერმე უკვე დაბომბეს... საქმე ის არის, რომ სირიის ჩრდილოეთში, თურქეთს თავისი სამხედრო ძალები ჰყავს განლაგებული და ადგილობრივ მეამბოხეებს მხარს უჭერს.
საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, გამოცანას არასდროს წარმოადგენდა, რომ სირიის, უფრო სწორედ ბაშარ ასადის რეჟიმის შენარჩუნებას რუსეთისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა და მის გამო, რუსეთის მთავრობას ბევრი რამის დათმობაც უღირს; მაგალითად, საყოველთაო სანქციების ფონზე დაწყებული უკმაყოფილების ტალღა, რომლის ჩასახშობად მცირეწლოვნების დაკავებასაც კი არ ერიდებიან... თუმცა, არსებობს "მედლის მეორე მხარეც" - სირიაზე გავლენის შენარჩუნება პუტინს აღმოსავლეთ რეგიონში ხელ-ფეხს უხსნის და საერთაშორისო არენაზე მისი თამაშის მასშტაბებსაც ზრდის.
დასავლური მედიის ცნობით, დღემდე უცნობია ბოლომდე ვინ აკლონტროლებს სირიის ჩრდილოეთით მდებარე იდლიბის პროვინციას და საერთოდ, აკონტროლებს თუ არა ვინმე... სირიის სამთავრობო მედიის ცნობით, იდლიბს ახლა 100 ათასამდე ტერორისტი აფარებს თავს. მათივე ინფორმაციით, აქედან 40 ათასამდე "გამოწრთობილი რადიკალი" და რუსი გენერალია, ხოლო იდლიბის ტერიტორიის 70% ტერორისტების კონტროლქვეშ არის.
"სირიაში გაეროს სპეციალური წარმომადგენელი სტეფანი დე მისტურა აცხადებს, რომ იდლიბში 10 ათასზე მეტი მებრძოლი "ალ-ქაიდასთან" არის კავშირში და მათ შორის ძალიან ბევრი უცხოელია. ბოლო მონაცემებით, იდლიბის პროვინციაში 3 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და რუსი გენერლები ირწმუნებიან, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ათასობით ადგილობრივი ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა... იდლიბში მებრძოლ დაჯგუფებებს შორის არიან, "ჰაიატ ტახრირ ალ-შამია", რომელსაც "ალ ნუსრას ფრონტის" რეინკარნაციად მიიჩნევენ; ასევე, "ეროვნულ გამანთავისუფლებელი ფრონტი", რომელსაც თურქეთი უჭერს მხარს, "ხურას ალ-დინი", რომელიც ცნობილია, როგორც "ალ ქაიდას" მოკავშირე და თურქისტანის ისლამური პარტია, რომელიც ჯიჰადისტების დაჯგუფებად ითვლება და ჩინელი მეომრებით არის დაკომპლექტებული.
ახლო აღმოსავლეთის საკითხებზე ამერიკელი ანალიტიკოსი ჩარლზ ლისტერი აცხადებს, რომ იდლიბში მთლიანობაში, სავარაუდოდ, 20 ათასამდე მეომარია, თუმცა, ეს არ არის რუსეთის, ირანისა და სირიის მთავრობების სადარდელი, თუნდაც იმიტომ, რომ მათი ავიაიერიშები ბევრად მეტ ზიანს აყენებენ იქაურობას, ვიდრე ის შეიარაღებული დაჯგუფებები, რომლებიც ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობისგან არის დაკომპლექტებული და ბაშარ ასადის რეჟიმს ებრძვის.
სირიელი დეპუტატი ფარეზ შეჰაბი როგორც რუსულ, ისე დასავლურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, იდლიბში მეომრების რაოდენობის შესახებ გაზვიადებულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ "იქ მთლიანობაში სულ რამდენიმე ათასი მეომარია, თუმცა მათ შორის არიან როგორც ჩინელები, ასევე, ჩეჩნები, დაღესტნელები, უზბეკები და რუსებიც.
bbc.com-ის ინფორმაციით, იდლიბის პროვინციის დაბომბვის შემდეგ, უმძიმეს მდგომარეობაშია მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელთა დიდი ნაწილი სირიის სხვადასხვა რაიონიდან ლტოლვილია. "ახლა მათ წასასვლელი არსად აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰუმანიტარული კატასტროფა გარდაუვალია", - წერს გამოცემა.
2017 წლის მაისში თურქეთი, რუსეთი და ირანი შეთანხმდნენ, რომ იდლიბი "დეესკალაციის ზონა" უნდა ყოფილიყო, სადაც ლტოლვილები შეაფარებდნენ თავს და უსაფრთხოდ იქნებოდნენ. გაერო შიშობს, რომ იდლიბის დაბომბვის შედეგად ლტოლვილთა რიცხვს 800 ათასამდე ადამიანი შეემატება, რაც მსოფლიოში უკვე არსებული სირიელი ლტოლვილების ნაკადს ნახევარზე მეტით გაზრდის... ამჟამად მათი რაოდენობა, ოფიციალური მონაცემებით, 2 მილიონზე მეტია.