გარდაბნის გზატკეცილზე, 101-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნანგრევებში მოყოლილი ერთ-ერთი მოზარდის მდგომარეობაზე, რომელიც რეფერალურ ჰოსპიტალში იმყოფება, ექიმები პროგნოზს ვერ აკეთებენ.
მოზარდი ბავშვთა რეანიმაციის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისი მდგომარეობა კრიტიკულია, რაც თავის ტვინის დაზიანებით არის გამოწვეული.
ანესთეზიისა და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკოლოზ რთველიაშვილის განცხადებით, პაციენტს ასევე აღენიშნება სხვა დაზიანებებიც, კერძოდ, მენჯის ძვლის მოტეხილობაც.
„სიცოცხლისთვის საფრთხეს და სერიოზულ პრობლემას ქმნის თავის ტვინის ანოქსიური დაზიანება, არის უკიდურესად ღრმა კომაში. შემთხვევის მომენტში, როდესაც გული გაჩერდა და სუნთქვა არ ხდებოდა, 3-5 წუთით ტვინის გაჩერება საკმარისია იმისთვის, რომ თავის ტვინი შეუქცევადად დაზიანდეს“, - განაცხადა ნიკოლოზ რთველიაშვილმა.
გარდაბნის გზატკეცილზე, 101-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ ძველი ავტოფარეხის ჩამონგრევის დროს, ნანგრევებში მოყვნენ 2004 წელს დაბადებული ზ.ხ., 2003 წელს დაბადებული გ.მ. და 2010 წელს დაბადებული ნ.ქ. სამივე არასრულწლოვანი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.