ლეგენდარული ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი US Open-ის ფინალის დროს ატეხილი სკანდალის გამო დაჯარიმდა, მას 17 ათასი აშშ დოლარის გადახდა მოუწევს, ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მატჩი შაბათს გაიმართა და უილიამსი ნაომი ოსაკას დაუპირისპირდა.
თამაშის დროს სერენა არბიტრს, კარლოს რამოსს ეკამათა, რომელმაც ჩოგბურთელს მწვრთნელის კარნახის გამო შენიშვნა მისცა და ქულა მოაკლო. უილიამსმა კარნახი უარყო და რამოსისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.
„მირჩევნია წავაგო, ვიდრე ვითაღლითო,“ - განუცხადა სერენამ არბიტრს.
რამოსმა უილიამსი მოგვიანებით კვლავ დააჯარიმა, როდესაც გაბრაზებულმა ჩოგანი ძირს დაახეთქა და გატეხა. ხოლო - მას შემდეგ, რაც სერენამ არბიტრს „ქურდი“ უწოდა, რამოსმა ლეგენდარული ჩოგბურთელი მთელი გეიმით დააჯარიმა.
17 ათასი დოლარიდან, რომელსაც უილიამსი ჯარიმის სახით გადაიხდის, 4 ათასი მწვრთნელის კარნახისთვის, 3 ათასი ჩოგნის გატეხვისთვის, 10 ათასი კი - არბიტრის შეურაცხყოფისთვის დაეკისრა.
US Open-ის ფინალში მონაწილეობისთვის ჩოგბურთელმა 1,85 მილიონი დოლარი უნდა მიიღოს.