რამდენიმე დღეა დასავლური და რუსული მედია საქართველოდან ამერიკაში ექსტრადირებული რუსი ჰაკერის, ანდრეი ტიურინის შესახებ წერს. BBC-ის ინფორმაციით, საქართველოში დაკავებულ 35 წლის რუსს ბრალად ედება JP morgan Ceizsa-სა და სხვა არაერთ ამერიკულ ფინანსურ დაწესებულებაზე კიბერშეტევის განხორციელება.
FBI-ის ცნობით, ის საქართველოში დააკავეს, 7 სექტემბერს კი ნიუ-იორკის აერპორტში დაფრინდა ავიალაინერი, რომელშიც ამერიკაში ექსტრადირებული კიბერდამნაშავე იმყოფებოდა. საიდუმლო სამსახური არ აზუსტებს, როგორ და რა ვითარებაში მოხვდა ის საქართველოში და არც დაკავების შესახებ არსებობს რაიმე ინფორმაცია. გამოცემის ცნობით, ტიურინი ეჭვმიტანილია გლობალურ ჰაკერულ შეტევაში მონაწილეობაში, რომლის სამიზნეც იყო მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტები, საბროკერო კომპანიები, საინფორმაციო სააგენტოები და სხვა. მის მიერ ჩადენილი კიბერდანაშაულის მასშტაბები აშშ-ის ფინანსური ინსტიტუტების ისტორიაში უპრეცედენტოა.
კონკრეტულად მას 83 მილიონი ადამიანის პირად ინფორმაციაზე მიუწვდებოდა ხელი. ამერიკის პროკურატურა ყველა მათგანს მსხვერპლად მიიჩნევს. საქმე ის არის, რომ ტიურნი მარტო არ მოქმედებდა - მასთან ერთად კიბერდანაშაულში მონაწილეობდა ისრაელის მოქალაქე გერი შალომი, იგივე გარი შალელაშვილი, ასევე, გაბრიელი, გაბი, ფილიპ მუსე, ქრისტოფერ ენგჰემი და ამერიკელი ჯოშუა აარონი, იგივე მაიკ შილდსი, რომელიც ამერიკაში, ისრაელსა და რუსეთშიც ცხოვრობდა და კიდევ ერთი, ასევე რამდენიმე გვარ-სახელის მქონე, ზივ ორენსტაინი, იგივე, ავივ სტაინე, ჯონ ავერი, რომელიც ჯერ კიდევ 2015 წელს ისრაელის შესაბამისმა სამსახურებმა დააკავეს და ერთი წლის შემდეგ ამერიკას გადასცეს.
აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურების ცნობით, რუსეთის სადაზვერვო სამსახურები ტიურინის გადაბირებას ცდილობდნენ, რის შესახებაც საჭირო ინფორმაცია ფედერალური გამოძიების სააგენტოს გადაეცა.
35 წლის მოსკოველი კიბერდამნაშავე დანაშაულს არ აღიარებს, თუმცა ის უკვე გადააგზავნეს მანჰეტენის ციხეში. მისი ადვოკატი, ფლორიან მიდელი ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. მხოლოდ იმას აცხადებს, რომ შემდეგი სასამართლო პროცესი 25 სექტემბერს არის ჩანიშნული.
"ბლუმბერგის" ცნობით, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლის ინფორმაციით, ამის შესახებ საქმის კურსში იყო როგორც ამერიკა, ასევე რუსეთი. FBI-ის მონაცემებით, მასშტაბური კიბერდანაშაულის მთავარი სტრატეგი და ორგანიზატორი ისრაელში დაკავებული შალონი და მისი მარჯვენა ხელი ორენსტაინი იყო.
2015 წელს საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი, ამერიკელი ენტონი მურჯინო დააკავეს, რომელმაც შალონთან ერთად, ფლორიდაში ბიტკოინების უმსხვილესი პარტია წარმოუდგენელი ოსტატობით გააქრო. ადგილობრივმა საგამოძიებო სამსახურებმა მაშინ მურჯინოს მხოლოდ 66 თვე მიუსაჯეს. თუმცა, მოგვიანებით, ასევე დააკავეს მისი კომპიუტერის პირადი სპეციალისტი, რუსეთში დაბადებული, უკრაინაში გაზრდილი და 16 წლიდან ამერიკაში მცხოვრები, იური ლებედევი. მანჰეტენის ციხეში ლებედევმაც მხოლოდ 16-თვიანი სასჯელი მოიხადა და ფინანსური დანაშაულებიდან საკმაოდ მალე და სუფთად გამოძვრა.
BBC-ის ინფორმაციით, შალონს ძალიან ბევრი ინფორმატორი და თანამოაზრე ჰყავდა, რომელთაც დიდი სიფრთხილით არჩევდა. ამერიკის პროკურატურის მტკიცებით, სწორედ ერთ-ერთი მათგანი იყო ტიურინი, რაც მისი კომპიუტერიდან ამოღებული ინფორმაციითაც დასტურდება. მის "განკარგულებაში" იყო 12 ამერიკული ფინანსური კომპანია, რომელთა სახელწოდებებიც გასაიდუმლოებული იყო, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ტიურინის გადაბირებას რუსეთის შესაბამისი სამსახურები აქტიურად ცდილობდნენ, დაზარალებული კომპანიების მასშტაბებზე ეს ფაქტიც აშკარად მიანიშნებს. კერძოდ, საუბარია, ისეთ კომპანიებზე, როგორიც არის Scottrade Financial Services Inc., Dow Jones და E-Trade Financial Services Corp; G2 Web Services LLC და სხვა. ასევე, ნიუ-იორკის გიგანტი კომპანია - JPMorgan Chase, რომელიც ამერიკაში ყველაზე დიდ ბანკად არის მიჩნეული, მისი ტენიკური სამსახური ჰაკერული შეტევების შედეგად, უპრეცენდენტო რაოდენობის ფასიანი ქაღალდების ზარალზე საუბრობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ტიურინს 30 წლამდე პატიმრობა ემუქრება. საქმე ის არის, რომ ამის გარდა ტიურინი არც სხვა დანაშაულებრივ საქმიანობაზე ამბობდა უარს და, დიდი ჰორორარის ფასად, ასევე მუშაობდა საიდუმლო ელექტრონული ფოსტის მიმოწერებზე. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ინტერნაციონალური ჯგუფი 200-ზე მეტი ყალბი პირადობის მონაცემებით სარგებლობდა, 16-ზე მეტი ქვეყნის, მათ შორის, ამერიკისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეობა ჰქონდათ და 75-ზე მეტი კომპანიიდან ახორციელებდნენ "ფულის გარეცხვას". ასევე სარგებლობდნენ ეგვიპტის, სამხრეთ აფრიკის, ბრაზილიის, თურქეთისა და სხვა ქვეყნების სერვერებით.
შალონი, როგორც ჯგუფის ხელმძღვანელი დანაშაულებრივ დოკუმენტაციაში მუდმივად ფიქსირდება როგორც აარონი, თუმცა იშიფრება, როგორც SS-2, ის არაერთი მსხვილი კომპანიის კლიენტი იყო. შემდეგ კი, მათ თავის მაღალკვალიფიციურ ჯგუფთან ერთად, "ძალიან უწყინარად" ძარცვავდა.