რუსეთის საპატრიარქო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ევქარისტიული კავშირის გაწყვეტით იმუქრება, თუკი მსოფლიო საპატრიარქო უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიასმიანიჭებს, - ამის შესახებ რუსეთს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელმა, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა განაცხადა.
„როდესაც ასეთი თავხედური და ცინიკური სახით ერევიან ადგილობრივი ეკლესიის საქმეებში, ამას არა მხოლოდ ჩიხში შეყავს მდგომარეობა, არამედ მთლიანად მსოფლიო მართლმადიდებლობას უქადის განხეთქილებას. კანონიკური ეკლესია ამ ავტოკეფალიას არ მიიღებს. ჩვენ, რუსეთის ეკლესიაში ამ ავტოკეფალიას არ ვაღიარებთ. ჩვენ არაფერი დაგვრჩენია იმის გარდა, რომ კავშირი გავწყვიტოთ კონსტანტინოპოლთან“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა „რასია 24“-ის ეთერში საუბრისას.
მისივე თქმით, უკანასკნელი ქმედებებით კონსტანტინოპოლის საპატრიარქო საკუთარ თავს კანონიკური ველის მიღმა აყენებს.
მიტროპოლიტ ილარიონის განცხადებით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მიიჩნევს, რომ კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან საეკლესიო დიპლომატიის საშუალებები ამოწურულია.
„კონსტანტინოპოლის მხარე, ჩვენი თვალთახედვით, მოიქცა უსინდისოდ და მოღალატურად“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა.
როგორც ცნობილია, კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების მომზადების ფარგლებში კიევში თავის ეგზარქოსებად დანიშნა არქიეპისკოპოსი დანიილ პამფილიევი აშშ-დან და ეპისკოპოსი ილარიონ ედმონტელი კანადიდან.