ავტორი:

მეუღლის "სეხნია" მარწყვი და ჯარისკაცის ვაშლის ბაღები - 3 ქართველი ფერმერის წარმატების რეცეპტი

მეუღლის "სეხნია" მარწყვი და ჯარისკაცის ვაშლის ბაღები - 3 ქართველი ფერმერის წარმატების რეცეპტი

სოფლის მეურნეობა წლების მანძილზე დავიწყებული დარგი იყო, თუმცა ბოლო დროს ახალგაზრდებშიც პოპულარული გახდა. დღეს ბევრია ისეთი ფერმერი, რომლებიც სიძნელეების მიუხედავად არ ჩერდებიან, პრობლემებს არ უშინდებიან და შედეგებსაც აღწევენ.

გიორგი ლაცაბიძე ახალგაზრდა ფერმერია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევიდან. მის სახელს გიგანტური უეკლო მაყვლის მოყვანა უკავშირდება. მაყვლის ერთი მარცვალი, საშუალოდ, 15 გრამს იწონის...

25 წლის ფერმერმა გასულ წელს მაყვლის ღვინოც დაწურა, წელს კი მომხმარებელს სასიამოვნო ამბავი ამცნო: 5-წლიანი სამეცნიერო-სელექციური მუშაობის შედეგად, რამდენიმე განსხვავებული მარწყვის ჯიში მიიღო. აღნიშნული ჯიშები, როგორც ქართული სელექციით მიღებული ჯიშები, ისე დარეგისტრირდება.

"პირველი ჯიში, რომელსაც სახელიც დავარქვი და 2 წელია გამოცდის ქვეშაა, უჩვეულო თვისებით გამოირჩევა, რაც ვფიქრობ, საქართველოსთვის მრავალმხრივ პერსპექტიული იქნება. აღნიშნული ჯიში დღის ხანგძლივობის მიმართ ნეიტრალურია და ასევე იმითაც გამოირჩევა, რომ შეუსვენებლად იძლევა ნაყოფს, მუდმივად ივითარებს კოკრებს და მოსავალს უწყვეტად გვაძლევს.

ასევე არის მსხვილი, წითელი შეფერილობის, მკვრივი, ტრანსპორტაბელური, ლამაზი კონუსური ფორმის და ძალიან ტკბილი" - აღნიშნავს ფერმერი.

მთავარი თვისება რაც ამ პროდუქტს ახასიათებს და მარწყვის სხვა ჯიშებისგან გამოარჩევს, ისაა, რომ ერთ-ერთს ანანასის გემო და სუნიც აქვს, თუმცა ანანასზე გაცილებით გემრიელი და ტკბილია. გიორგი ლაცაბიძეს აღნიშნული ჯიშის გამოყვანისას, არანაირი გენური ინჟინერია არ გამოუყენებია და მხოლოდ სელექციური მუშაობის წესების დაცვით და ხელოვნური გადარჩევით მიიღო.

"მესმის, რომ ანანასს თავისი განსაკუთრებული ფორმა აქვს და სუფრაზე მისი ფორმისა და სილამაზის გამო გამორჩეულ ადგილს იკავებს, თუმცა ის ფაქტი, რომ უკვე გვაქვს მისი გარკვეულწილად შემცვლელი მარწყვის ჯიში, რომლის წყალობით მთელი წლის განმავლობაში შეგვეძლება ვაწარმოოთ ქართული ანანასი, მიღწევაა სოფლის მეურნეობასა და სამეცნიერო სივრცეში.

თუმცა, რეალური მიღწევა მაშინ იქნება, როცა მისი ბაღები გაშენდება და მყიდველიც პოზიტიურად შეხვდება მას. მე ამ პროდუქტს "მარიანასი" დავარქვი. ეს სახელი ჯერ კიდევ ჩემს მომავალ მეუღლესთან შეყვარებულობის პერიოდში მის პატივსაცემად შევურჩიე, რადგან ჩემს მეუღლეს მარი ჰქვია და ინიციალებიც შესაბამისია", - დასძენს ფერმერი.

გიორგი ბოჭორიშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდადანაა. ფერმერობას ხელი რამდენიმე წლის წინ მიჰყო, თუმცა, 2006 წლიდან შეიარაღებულ ძალებში ირიცხება. 18 წლისა ჯარში გაიწვიეს და იმავე წელს ერაყში გაემგზავრა. 2010-ში ავღანეთში წავიდა, სამი თვის ჩასული კი მძიმედ დაიჭრა, რის გამოც, ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსი გერმანიაში გაიარა. 10 ოპერაცია აქვს გაკეთებული.

სამშობლოში დაბრუნებულმა მეომარმა ბრძოლა იარაღით ვერა, მაგრამ თოხითა და ბარით განაგრძო და უკვე წარმატებული ფერმერია... სოფელში მუშაობა მისთვის უცხო არასდროს ყოფილა. ავღანეთიდან დაბრუნების შემდეგ, მშობლების დაწყებულ საქმიანობაში აქტიურად ჩაერთო. მოჰყავს პომიდორი, კომბოსტო, სიმინდი, ლობიო, ქერი, უვლის ვაშლის ბაღებს. მომავალში მეურნეობის გაზრდა-გაფართოებასაც აპირებს.

"მთავარი მონდომებაა და ყველაფერი გამოვა. თუმცა არის შემთხვევები, როცა სეტყვა ან სხვა გარე ფაქტორი მოსავალს გიფუჭებს და ასეთ დროს ხელის ჩაქნევა გინდა, მაგრამ ფარ-ხმალი არ უნდა დაყარო და იმედი არ დაკარგო. დამიჯერეთ, მთავარი შემართებაა. საჭიროა მეტი განათლებაც, რათა პირად გამოცდილებას თეორიული ცოდნაც შევმატოთ.

არაერთხელ შემქმნია საკითხის არცოდნით გამოწვეული პრობლემა. პროდუქტის შეწამვლას, მოყვანას, მის გაყიდვას, შესაბამისი უნარი და ცოდნა სჭირდება და მხოლოდ მამა-პაპისეული გამოცდილება საკმარისი აღარ არის. პროფესიულ სასწავლებელშიც იმიტომ ჩავაბარე, რომ იქ მიღებული ცოდნით დაშვებული შეცდომები გამოვასწორო", - აღნიშნავს გიორგი.

ახალგაზრდა ფერმერი კრივში საქართველოს ჩემპიონია. მონაწილეობა აქვს მიღებული დაჭრილთა შორის ტურნირებში. სამჯერ გახდა შეიარაღებული ძალების ჩემპიონი, ფლორიდის შტატში გამართულ "ძლიერთა თამაშებში" მეორე ადგილი დაიკავა. ფერმერულ საქმიანობასთან ერთად, გიორგი ვარჯიშს განაგრძობს. მარათონზეც 42 კილომეტრი ირბინა.

"ამერიკაში პირველად 2015 წელს ვიყავი, ქალაქ სან-დიეგოში, კალიფორნიის შტატში, სადაც მჯდომარე ფრენბურთში გუნდმა პირველი ადგილი დავიკავეთ. 2016-ში პრინც ჰარის პატივსაცემად გამართულ ტურნირში ქალაქ ორლანდოში, ფლორიდის შტატში, სირბილში პირველი ადგილი მერგო. მჯდომარე ფრენბურთში ის ადამიანები მონაწილეობენ, რომლებიც მძიმედ არიან დაჭრილი. ერთადერთი ქართველი ვარ, ვისაც "ძლიერთა თამაშებზე" მედალი აქვს აღებული. პირადად პრინცმა ჰარიმაც დამაჯილდოვა", - გვიყვება ფერმერი.

თენგიზ ბერიძე აჭარიდან ლაგოდეხში ჩასახლებული ეკომიგრანტია, მეუღლე - აფხაზეთიდანაა დევნილი. ოჯახი სოციალურ დახმარებას იღებდა, რაზეც უარი თქვა და 2016 წელს სათბური ააშენა. მოჰყავს კიტრი და იმაზე ბევრად მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე სახელმწიფო წლიდან წლამდე უხდიდა. თენგიზ ბერიძე მეორე ჯგუფის ინვალიდია - ცალი ხელის მაჯა არ აქვს.

"2016 წელს ევროკავშირის დახმარებით, ლაგოდეხის განვითარების ჯგუფი პროექტს ახორციელებდა, რომლის პირობებს გადავხედე, მომეწონა და ვიფიქრე, ხომ არ ჩავერთო-მეთქი. მანამდე სოციალურად დაუცველი ვიყავი და სახელმწიფო მეხმარებოდა. პროექტი დავწერე, იდეამ გაიმარჯვა, დამაფინანსეს და სოციალურ დახმარებაზეც უარი ვთქვი" - აღნიშნავს ფერმერი. ახლა საკუთარი შრომით შემოსავალი გამოუჩნდა. 800 კვმ-ზე სათბური ააშენა. საოჯახო ბიზნესი აქვს. მოჰყავს კიტრი და პომიდორი. მოსავალს წელიწადში ორჯერ იღებს.

როდესაც თავისი შრომის შედეგებს აფასებს, ასეთი მაგალითი მოაქვს: "ბაყაყი რძით სავსე ქილაში ჩავარდა და ისე იფართხალა, რომ რძეში კარაქი "მოვიდა". აქედან დასკვნა - ისე და იმდენი უნდა იმოძრაო, რომ გადარჩე! ვინც გაინძრევა და საქმე არ დაეზარება, მოიგებს. ყოველდღიურად ვფუსფუსებ, თოხსა და ბარს ხელიდან არ ვაგდებ... სათბურს გავაფართოებ - სხვა ბოსტნეული შეიძლება მოვიყვანოთ, მაგალითად, ბადრიჯანი. თან, შემდეგი სათბური, რომელსაც გავაკეთებ, მინდა, მზის ენერგიაზე იყოს", - გვიმხელს ლაგოდეხელი ფერმერი.

კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევიდან, 6 ე.წ. დონას კლასტერია, 8 პაციენტს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს - მარინა ეზუგბაია

"მდგომარეობა მძიმეა" - რას ამბობს ექიმი 8 წლის ბავშვზე, რომელსაც ახალციხეში მოტოციკლი დაეჯახა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა