ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის დედა, ნათია გაბოძე ამტკიცებს, რომ ვეფხია ბაქრაძემ მისი შვილი ბავშვების თვალწინ მოკლა და ბავშვების დაწვასაც აპირებდა.
როგორც გაბოძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ამის დამტკიცებას სასამართლოშიც აპირებს. მოკლულის დედის თქმით, ყველას შეეწინააღმდეგება, ვინც იტყვის, რომ ბაქრაძეს მისი შვილი ბავშვების თვალწინ არ მოუკლავს.
"ბავშვები ესწრებოდნენ დანაშაულის ჩადენას რა თქმა უნდა. მაგის უარყოფა არაფრით არ შეიძლება. მაგაზე მოვთხოვ აუცილებლად პასუხს. სერიოზულ წინააღმდეგობას გავუწევ ნებისმიერს, ვინც დამისვამს კითხვას - იყვნენ თუ არა იქ ბავშვები. ბავშვებმა თავისი თვალით უყურეს ყველაფერს და მათი თვალიდან არ ამოდის ეს ყველაფერი. ბენზინიც ჰქონდა სახლში და ბავშვების დაწვასაც აპირებდა, მაგრამ ვეღარ მოასწრო. ტანსაცმელი იყო ბენზინიანი და ტყუილად არ დაასხამდა იმ ბენზინს", - განაცხადა ნათია გაბოძემ.
მისივე თქმით, ვეფხია ბაქრაძე მასზეც ძალადობდა და ამიტომ იყო მასთან ცხოვრების წინააღმდეგი.
"ის ჩემზე ძალადობდა. ის არამარტო მკვლელი, არამედ მოძალადეცაა. ყველაზე უკანასკნელი და აღვირახსნილი ადამიანია. ჩემზე რომ ძალადობდა, იმიტომ ვიყავი მასთან ცხოვრების წინააღმდეგი", - განაცხადა ნათია გაბოძემ.
თამარ გამრეკელაშვილის დედა დღეს პროცესზე, მოწმის სახით იკითხება. საქმის სასამართლო განხილვა დაიხურა. სხდომების დახურვის შუამდგომლობა პროკურორმა დააყენა.
პროკურორ გიორგი შაიშმელაშვილის განმარტებით, მოცემული საქმე სენსიტიურია, ეხება ოჯახურ დანაშაულს და შესაბამისად, სასამართლოზე პირადი ინფორმაციები გაჟღერდება. აქედან გამომდინარე, პროკურორმა ყველა სასამართლო პროცესის დახურვა იშუამდგომლა.
სახელმწიფო ბრალდების აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე და ბრალდებულებიც ვეფხია ბაქრაძე და თემურ ბაქრაძეც დაეთანხმნენ.
შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.
გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი თემურ ბაქრაძე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 15 აპრილს დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.