სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას ასაჯაროებს, რომლის მიხედვითაც, ადოკატის მტკიცებით, დგინდება, რომ შეუძლებელია რაიან სმიტის მკვლელი მალხაზ კობაური იყოს.
ადვოკატის თქმით, მნიშვნელოვანია ექსპერტიზით დადგენილი გარემოება, რომ რაიან სმიტს გარდაცვალებამდე აქვს მიყენებული ფიზიკური დაზიანებები, რაც როგორც მამულაშვილი აცხადებს, გამორიცხულია მალხაზ კობაურის მიერ იყოს მიყენებული, „თუ გავითვალისწინებთ მალხაზ კობაურის ფიზიკურ მონაცემებს“.
ადვოკატის მტკიცებით, ექსპერტიზის დასკნით დგინდება, რასაც ამბობს კობაური, რომ რაიან სმიტს უცხო პირებმა ესროლეს და მას დანაშაულთან შემხებლობა არ აქვს.
"მოგვივიდა მნიშვნელოვანი დასკვნა. ამან აჩვენა, რომ რაიან სმიტს სამი ჭრილობა აქვს მიყენებული. გასროლები განხორციელებულია ახლო მანძილიდან, დაახლოებით, 1 მეტრიდან. რაიან სმიტს სიცოცხლეში მიყენებული აქვს რამდენიმე დაზიანება ანუ მდგომარეობა ასეთი იყო - გარკვეულმა პირმა თუ პირებმა სმიტს ჯერ დაზიანება მიაყენეს და შემდეგ მოკლეს. ექსპერტიზის დასკვნა მიუთითებს, რომ მას დაზიანებები აქვს სიცოცხლეში მიყენებული. საზოგადოებამ იცის მალხაზ კობაურის ფიზიკური აღნაგობა და შეუძლებელია, მას ფიზიკური დაზიანება მიეყენებინა რაიან სმიტისთვის. ექსპერტიზით დგინდება, რომ კობაური რასაც ამბობს, რომ რაიამ სმიტთან მოხდა ფიზიკური დაპირისპირება უცხო პირების მიერ, ამის შემდეგ დაჩოქილ მდგომარეობაში ზურგის არეში ესროლეს და დაცემის შემდეგ მოხდა საკონტროლო გასროლა, მართალია. ამით დგინდება, რომ კობაურს ამ დანაშაულთან არანაირი შემხებლობა არ აქვს და სხვა ადამიანებმა ჩაიდინეს", - აცხადებს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ მალხაზ კობაურს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობა) აქვს წარდგენილი.
19 წლის მწყემსს ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობა ედება ბრალად.