გერმანელების მიერ შექმნილი საკონცენტრაციო ბანაკი ნამიბიაში, 1906 წელს, მეოცე საუკუნის პირველი გენოციდის ადგილი გახდა. მათი მიზანი იყო, - გაენადგურებინათ ეთნიკური ჯგუფის, ჰერეროს ყველა წარმომადგენელი.
ნამა და ჰერერო ეთნიკური ჯგუფებია, რომლის წარმომადგენლები ნამიბიაში ცხოვრობენ. მეოცე საუკუნის დასაწყისში ნამიბია გერმანიის კოლონია იყო. ოკუპაციის შემდეგ ტერიტორია, სადაც ნამასა და ჰერეროს მოსახლეობა ცხოვრობდა, დაპყრობილი აღმოჩნდა, მცხოვრებლებს კი მძიმე სამუშაოების შესრულებას ავალდებულებდნენ.
1904 წელს ნამა და ჰერერო აჯანყდა. პასუხად, მთავარმა სამხედრო ოფიცერმა გასცა ბრძანება, ორივე ეთნიკური ჯგუფი გაენადგურებინათ.
ოფიციალური მონაცემებით, ნამასა და ჰერეროს წარმომადგენელთა 80% მოკლეს, დანარჩენები კი საკონცენტრაციო ბანაკებში მოათავსეს.
ერთ-ერთი ბანაკი მეთევზეთა პატარა ქალაქ ლუდერიცში, ზვიგენის კუნძულზე ააშენეს, ადგილს „სიკვდილის კუნძული“ ეწოდა.
BBC-სთან ჰერერების შთამომავალი, გერსონ კააპეჰი ჰყვება:
„ზვიგენის კუნძულზე გადარჩენილი ერთ-ერთი პაპისგან ვიცი, რომ თუ ვინმე დაიჩივლებდა, გაროზგვით სჯიდნენ. პატიმრებს აიძულებდნენ, დახოცილებისთვის სკალპი აეძროთ და თავის ქალები გაესუფთავებინათ. ძვლები გერმანელებს გაურკვეველ ადგილას მიჰქონდათ“.
გერმანელი „მეცნიერები“ თავის ქალებს ევგენიკის დარგში სხვადასხვა კვლევაში იყენებდნენ.
გერმანიის ხელისუფლებამ მომხდარი გენოციდად მხოლოდ 2016 წელს აღიარა. ნამასა და ჰერეროს ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები ახლა გერმანიისგან ფულად კომპენსაციას მოითხოვენ.
გასულ კვირას ბერლინში ვიზიტად მყოფ ნამიბიის დელეგაციას გერმანელებმა 25 მსხვერპლის თავის ქალა გადასცეს.