დასავლეთ საქართველოში თხილის მოსავლის აღება დასულდა და ახლა ადგილობრივი ფერმერები სიმინდის მოსავლის ასაღებად ემზადებიან. თუ თხილის შემთხვევაში მოსავალს გარკვეული ზიანი სოკოვანმა, ბაქტერიულმა და სხვა დაავადებებმა მიაყენა, სიმინდისთვის წელს მთავარ საფრთხეს ფაროსანა წარმოადგენდა, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაც ამ დრომდე წარმატებით მიმდინარეობს. სიმინდი უკვე სიმწიფეშია შესული და მალე მოსავლის აღებაც დაიწყება.
გასული წლისგან განსხვავებით, წელს ფერმერები კარგ მოსავალს ელოდებიან. მთავარი საფრთხის - აზიური ფაროსანას წინააღმდეგ სახელმწიფოსა და მცირე ფერმერების მიერ ერთობლივად ჩატარებულმა სამუშაოებმა შედეგიც კარგი მოიტანა და ამ ეტაპზე სიმინდის მარცვალი მავნებლისგან გაფუჭებული არ არის. რამდენიმე ფერმერმა მოსავალი უკვე აიღო კიდეც, მოსავლის მასიური აღება ახლო მომავალში დაიწყება.
ამ ეტაპზე დასავლეთ საქართველოში სახელმწიფოს მიერ 111 500 ჰექტარი სიმინდის საყანე ფართობი და მისი მიმდებარე ტერიტორიაა დამუშავებული. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკა მესხი განმარტავს, ფაროსანას წინააღმდეგ რამდენიმე სახის შეწამვლითი სამუშაოები ჩატარდა. გამოიყენეს: 17 ერთეული სატრაქტორო შემასხურებელი აგრეგატი, 1 დიდი წარმადობის აეროზოლური გენერატორი და მაღალი გამავლობის ავტომანქანებზე დამონტაჟებული 50 ერთეული სპეციალური აგრეგატი.
"სიმინდის ყანების დიდ მასივებზე ქიმიური წამლობა სახელმწიფომ ჩაატარა, რაც საკმაოდ შედეგიანი გამოდგა. მავნებლის წინააღმდეგ ყველა საჭირო ღონისძება გავატარეთ. წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოხდა ყველაფერი. პოპულაციის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლისთვის საწყის ეტაპზე სიმინდის ყანების გარე ტერიტორიებზე დამონტაჟდა ფერომონები, რადგან დიდ მასივებში გავრცელება სწორედ ამ ადგილებიდან იწყება. შემდეგ კი საყანე ფართობების ქიმიური დამუშავებაც დაიწყო. ამ ეტაპზე მთავარი საფრთხე, ფაქტობრივად, გადალახულია. თუმცა, ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ, რომ თუ სადმე ფაროსანას პოპულაციის მატება დაფიქსირდება, შეწამვლითი სამუშაოები კიდევ ერთხელ ჩავატაროთ" - განმარტავს ნიკა მესხი.
სახელმწიფო შეწამვლით სამუშაოებს დიდ საყანე ფართობებზე ატარებს. თუმცა მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანია თითოეული ფერმერის აქტიური ჩართულობაც. მცირე ფართობების დამუშავება ფერმერებმა წელს თავად უზრუნველყვეს. სიმინდის ყანებში მიღებული კარგი შედეგიც სწორედ ადგილობრივი ფერმერებისა და სახელმწიფოს ერთობლივი აქტივობის შედეგია. მათ სათანადოდ დაამუშავეს საკუთარი საკარმიდამო ფართობები და მცირე მასშტაბებზე ფაროსანას დამარცხებით, მავნებელს უფრო დიდი მასშტაბებზე გასვლის საშუალება არ მისცეს.
როგორც ნიკა მესხი განმარტავს, აუცილებელია, რომ ფერმერებმა სწორ დროსა და სწორი პრეპარატებით შეწამლონ საკარმიდამო ფართობები. კულტურის სწორ დროს შეწამვლას კარგი შედეგის მისაღებად დიდი მნიშვნელობა აქვს. რეკომენდაციების მიღება კი მათ სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებისა და გარემოს დაცვისა სოფლის მეორნეობის სამინისტროს საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურებიდან შეუძლიათ. მოქმედებს ცხელი ხაზიც: 1501
ფოტოზე: მარცნივ სიმინდის მოსავალი წელს სამეგრელოში, მარჯვნივ - გასულ წელს ფაროსანასგან დაზიანებული მოსავალი