ავტორი:

"ვერ ვახერხებ სიმართლის დამტკიცებას..." - რაში ადანაშაულებს "პალიტრანიუსის" ოპერატორი პოლიციის თანამშრომლებს

"ვერ ვახერხებ სიმართლის დამტკიცებას..." - რაში ადანაშაულებს "პალიტრანიუსის" ოპერატორი პოლიციის თანამშრომლებს

„პალიტრანიუსის“ ოპერატორი ბექა მშვილდაძე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში და საქმის ფალსიფიცირებაში ადანაშაულებს.

როგორც მშვილდაძე აცხადებს, 13 აგვისტოს ღამით ის და მისი მეგობარი მანქანით გადაადგილებისას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გააჩერა. "პალიტრანიუსის“ ოპერატორი დააკავეს პატრულის თანამშრომლისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით, თუმცა მშვილდაძე აცხადებს, რომ მას საერთოდ არ უთქვამს ის სიტყვა, რასაც პოლიციელები ედავებიან.

მისი თქმით, ამას ადასტურებს თავად პატრულის სამხრე კამერის ჩანაწერი, რომელზეც საერთოდ არ ისმის უწმაწური სიტყვა. ამასთან, მშვილდაძის განცხადებით, სამხრე კამერის ჩანაწერი წყდება დაკავების მომენტზე, რაც საეჭვოა, რადგან სწორედ ამ დროს მიაყენეს მას პატრულის თანამშრომლებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

ოპერატორის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით გაიმართა, მთავარი მოწმე იყო ის პოლიციელი, რომელმაც ის დააკავა. მიუხედავად იმისა, რომ მშვილდაძის თქმით, სასამართლოზე წარდგენილ სამხრე კამერის ჩანაწერში არ ისმის მისი მხრიდან წარმოთქმული უწმაწური სიტყვა, მოსამართლემ გაიზიარა პატრულის თანამშრომლის ჩვენება.

ამასთან, როგორც ის აცხადებს, პარალელურად, პოლიციელების მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე რეაგირების მიზნით მიმართა შსს-ს გენერალურ ინსპექციას, თუმცა პასუხად მიიღო, რომ პოლიციელების მოქმედებაში დისციპლინარული გადაცდომის ფაქტი არ დადასტურდა.

„მე ვერ ვახერხებ ჩემი სიმართლის დამტკიცებას. დღემდე ვერ გამირკვევია, რატომ დამაკავეს. დიახ, ნასვამი ვიყავი, მაგრამ არც საჭესთან ვმჯდარვარ და მშვიდად ვესაუბრებოდი პატრულს. ასევე ძალიან მკაფიოდ მახსოვს ჩემი ნათქვამი ყოველი სიტყვა.

ვინც დამაკავა, ის იყო მთავარი მოწმე სასამართლოზე და მოსამართლე მას ენდო და არა მე. შსს არ მაძლევს სამხრე კამერების სრულ ჩანაწერს, სადაც უნდა ჩანდეს, როგორ მირტყამენ პოლიციელები და შემდეგ ბილწ სიტყვებს მეუბნებიან. როდემდე უნდა იყოს ასე, რომ როცა პრეტენზია არის პარტულის მიმართ - მაინცდამაინც მაშინ ფუჭდება სამხრე კამერა და ჩანაწერი არ არსებობს. მთელი სისტემა გადაეფარება პოლიციელს, პატრული ყოველთვის მართალია და რიგითი მოქალაქე ყოველთვის მტყუანი“, - განუცხადა ბექა მშვილდაძემ „ინტერპრესნიუსს“.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს