2018 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3,1 პროცენტი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ინფლაციის ფორმირების გამო ფასები მომატებულია სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე, ტრანსპორტზე, ჯანდაცვაზე, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე, ასევე საცხოვრებელზე, წყალსა და ელექტროენერგიაზე.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 1,5 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,44 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:
ბოსტნეული და ბაღჩეული (16,4 %), ასევე რძე, ყველი და კვერცხი (4,8 %). ამასთან, ფასების 16,2 %-იანი კლება დაფიქსირდა ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე.
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 1,1 პროცენტით, რაც -0,04 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. აღნიშნულ პერიოდში ფასები შემცირდა როგორც ფეხსაცმლის (-1,3 %), ისე ტანსაცმლის (-1,1 %) ქვეჯგუფებზე.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 7,8 პროცენტიანი მატება, რაც წლიურ ინფლაციაზე 1,04 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (12,9 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-9,7 პროცენტი);
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 3,2 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,96 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე:
ბოსტნეული და ბაღჩეული (24,7%), ზეთი და ცხიმი (4,4 %), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4,3 %), თევზეული (3,3 %), რძე, ყველი და კვერცხი (2,0 %). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-17,1 %), ასევე შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე (-3,1 %);
ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 5,2 პროცენტით, რაც 0,44 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (10,0 %), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (2,9 %) და ავადმყოფოების მომსახურება (2,4 %);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 4,7 პროცენტით, რაც 0,33 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (8,0 %), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1,4 %);
საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი: ფასები გაიზარდა 3,4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0,29 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები მომატებულია წყალმომარაგებისა და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურების (7,7%), ასევე ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების (3,2 %) ქვეჯგუფებზე.