ავტორი:

ულამაზესი ქართველი ქალების ტრაგიკული ბედისწერა და ცხოვრება სტატუსით "სამშობლოს მოღალატის ცოლი"

ულამაზესი ქართველი ქალების ტრაგიკული ბედისწერა და ცხოვრება სტატუსით "სამშობლოს მოღალატის ცოლი"

იყო პერიოდი, როდესაც ცხოვრებაში ჰქონდათ დიდი მიღწევები, წარმატებული კარიერა და დიდი სიყვარული, თუმცა ერთ დღესაც ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა - ისინი თითქოს გაქრნენ იმ საზოგადოებიდან, რომლის თვალსაჩინო წარმომადგენლებიც იყვნენ.


იკრძალებოდა მათზე საუბარი, დაიმალა და აიკრძალა მათ შემოქმედებასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი. ისინი რეპრესირებული ქალები იყვნენ, რომლებსაც ბრალად "სამშობლოს მოღალატეების ცოლობა" წარუდგინეს და გადაასახლეს. წარმოგიდგენთ 30-იან წლებში გადასახლებული სამი ქართველი ქალის ტრაგიკულ ისტორიას:

ნუცა ღოღობერიძე

ნუცა ხუციშვილი-ღოღობერიძე პირველი ქალი კინორეჟისორი იყო არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს საბჭოთა კავშირში. მამამისი ბართლომე ხუციშვილი საინგილოში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. 1917 წელს საინგილოში არეულობის დაწყების შემდეგ, ისინი კახეთში გადმოსახლდნენ. მრავალშვილიანი მამა შვილების განათლებაზე განსაკუთრებით ზრუნავდა, ნუცა 1923-25 წლებში სწავლობდა გერმანიაში, იენის უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე.


სამშობლოში დაბრუნებული ახალგაზრდა ქალი ძმის, რაჟდენის ოჯახში შეხვდა მის ცოლისძმას - ბოლშევიკური იდეებით შთაგონებულ ახალგაზრდა კაცს, ლევან ღოღობერიძეს. მათ შეუყვარდათ ერთმანეთი, თუმცა ამ ურთიერთობას კატეგორიულად ეწინაღმდეგებოდა რაჟდენი. ორ ოჯახს შორის ურთიერთობა იმდენად დაიძაბა, რომ რაჟდენი ბოლოს ცოლს, ლიზასაც კი გაშორდა.



ნუცა ღოღობერიძე 1928 წელს იწყებს თავისი პირველი ფილმის გადაღებას, მიხეილ კალატოზიშვილთან ერთად. ფილმ "მათი სამეფოს" გადაღების შემდეგ, კიდევ ორ კინოფილმზე მოასწრო მუშაობა - "ბუბა" და "უჟმური", რომლებიც უკვე დამოუკიდებლად გადაიღო.


1937 წლის 21 მარტს დახვრიტეს ლევან ღოღობერიძე, ამის შემდეგ ნუცა ღოღობერიძეს აეკრძალა ფილმების გადაღება. 1937 წლის ბოლოს ის ვორკუტის საკონცენტრაციო ბანაკში გადაასახლეს, სადაც სამშობლოს მოღალატეების ცოლებს ასახლებდნენ. რეჟისორმა ქალმა გადასახლებაში 10 წელი გაატარა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კინოს აღარ დაბრუნებია, თითქოს დაივიწყა რომ ოდესმე რეჟისორი იყო და ფილმებს იღებდა...


დედის გადასახლებიდან დაბრუნების ეპიზოდი, სრული სიზუსტით ასახა ლევან და ნუცა ღოღობერიძეების შვილმა, კინორეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ ფილმში - "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე".


სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ნუცა ღოღობერიძემ დაწერა მოთხრობები, სადაც ბანაკში გატარებული პერიოდი აღწერა:



"პატარ-პატარა სიხარული ჩვენც შეგვხვდებოდა ხოლმე ხანდახან. ერთ დილას ადრე გავედი გარეთ და მარტო დავხეტიალობდი ეზოში. უცებ ჩვენი ბანაკის ეზოში რაღაც უჩვეულო მომხვდა თვალში. ახლოს მივედი. ბარაკის ძირას, ქვიშაში, ერთი პატარა, უმწეო იაჟუჟუნა ამოსულიყო. ნიავს თუ შემოეტანა თესლი ღობის იქიდან. უცნაური გრძნობით, იაჟუჟუნა ჩემს პატარა შვილს დავუკავშირე. თვალებს თუ მივამსგავსე ქვეცნობიერად, მისი იისფერი ფოთლები მუქი წერტილით ძირში. მთელი კასრი წყალი მოვიტანე, მოვრწყე...


ამის მერე დილაადრიანად გავრბოდი შესახედად და მოსარწყავად. იაჟუჟუნა ჩემი ნამდვილი სიხარული გახდა. ყვავილსაც მოუხდა ყურადღება და სიყვარული, ძალა მოიკრიბა, იისფერი ფოთლებიც გამონათდნენ და გაბრწყინდნენ. მესამე თუ მეოთხე დილას იაჟუჟუნასთან რომ მივედი, ერთი ახალგაზდა რუსი ქალი დავინახე მის წინ ჩაჩოქილი. ქვიშაც ახალი მორწყული იყო, შევდექი. მინდოდა უკან დავბრუნებულიყავი, მაგრამ ქალმა შემნიშნა, მერე ადგა - "უცნაურია", მითხრა დარცხვენილი ღიმილით, - "ეს იაჟუჟუნა რაღაცით ჩემს მარინას მაგონებსო. მე არ ვუთხარი, რომ მე ლანას მაგონებდა იაჟუჟუნა. შემეშინდა, რომ ორივე ავტირდებოდით და სიხარული ჩაგვიქრებოდა..." - წერდა ნუცა მოგონებებში.


კირა ანდრონიკაშვილი

კირა ანდრონიკაშვილის მშობლები - იტალიური წარმოშობის პოლონელი ეკატერინე სლივიცკაია და გიორგი ანდრონიკაშვილი, ერთმანეთს ვარშავაში შეხვდნენ, სადაც განლაგებული იყო ის სამხედრო პოლკი, სადაც ანდრონიკაშვილი მსახურობდა. მათ ვარშავაში პირველი შვილი ნატო შეეძინათ, რომელიც საზოგადებისთვის ცნობილია არა მამის, არამედ პირველი მეუღლის გვარით - ვაჩნაძე. ნატოს შემდეგ ანდრონიკაშვილების ოჯახში იბადება კირა. ამ პერიოდში მამამისი გიორგი ანდრონიკაშვილი თერგის ოლქის უფროსად ინიშნება და ოჯახით საქართველოში გადმოდის საცხოვრებლად.



1923 წელს ფილმებით "არსენა ყაჩაღი" და "მამის მკვლელი" ნატო ვაჩნაძის სამსახიობო კარიერა იწყება და ის მალე მუნჯი კინოს კინოვარსკვლავი ხდება, კირა უფროსი დის გზას მიყვება - მსახიობი და რეჟისორი ხდება, ამთავრებს საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტს. 1928 წელს კი ის თამაშობს როგორც მის ფილმოგრაფიაში, ისე ქართული მუნჯი კინოს ისტორიაში უმნიშვნელოვანეს როლს ნიკოლოზ შენგელაიას ფილმში "ელისო". კირა ანდრონიკაშვილი ათამდე ფილმში გადაიღეს, თუმცა მის მთავარ როლად, სიცოცხლის ბოლომდე ლეგენდარული ელისო დარჩა...



1928 წელს, "ელისოს" გადაღებებზე კირა ანდრონიკაშვილი გაიცნობს გერმანული წარმოშობის რუს მწერალს, ბორის პილნიაკს, რომელსაც ცოლად მიჰყვება. ბორისს 1937 წელს, მათი მესამე, მცირეწლოვანი შვილის - ბორის ანდრონიკაშვილის (მომავალში მწერალი და მსახიობი, ასრულებს არჩილის როლს ფილმში "ოთარაანთ ქვრივი") დაბადების დღეზე აპატიმრებენ და ხვრეტენ სამშობლოს ღალატისთვის.


თავად კირა ანდრონიკაშვილი, მეუღლის წაყვანიდან ერთი თვის თავზე დააპატიმრეს და გადაასახლეს. 40-იანი წლების დასაწყისში კირა ანდრონიკაშვილი მოულოდნელად გაათავისუფლეს - ნატო ვაჩნაძემ მოსკოვში, ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე ყოფნისას, თვით სტალინს სთხოვა დის გათავისუფლება და კირა მართლაც მალე გაათავისუფლეს. როგორც ამბობენ, საქართველოში ჩამოსული არასოდეს ჰყვებოდა იმ მძიმე წლებზე, რომელიც გადასახლებაში გაატარა... კირა ანდრონიკაშვილი 1960 წელს გარდაიცვალა, 52 წლის ასაკში.


ქეთევან (ქეთუსია) ორახელაშვილი

ქეთევან ორახელაშვილი ცნობილი ქართველი ბოლშევიკის, პარტიული მუშაკის მამია ორახელაშვილის ქალიშვილი იყო. 19 წლის იყო, როცა უნიჭიერესი დირიჟორი, ქართული სიმფონიური ორკესტრის ფუძემდებელი ევგენი მიქელაძე გაიცნო და ცოლად გაჰყვა.



როგორც ჰყვებიან, ლავრენტი ბერიამ განუზომელი ძალაუფლების ფლობის დროს, ქეთუსია ორახელაშვილის მშობლებს ძველი წყენა გაუხსენა და სამაგიეროს გადახდა გადაწყვიტა - მარიამ და მამია ორახელაშვილები დააპატიმრეს და სამშობლოს ღალატისთვის გადაასახლეს.


სწორედ ამის შემდეგ, ჯერი ევგენი მიქელაძეზე მიდგა. როგორც ამბობენ, ევგენი მიქელაძე ავტორიტეტებს არ აღიარებდა და ოპერის თეატრში შესული ნებისმიერი ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ მსმენელი იყო მისთვის, როდესაც ბერიამ ოპერის თეატრში ერთ-ერთ რეპეტიციაზე დასწრება მოინდომა, მას ევგენი მიქელაძემ დარბაზი დაატოვებინა, იმ არგუმენტით, რომ ის უცხო პირი იყო, რომელიც რეპეტიციაზე არ დაიშვებოდა. ბერიას მიქელაძისთვის პასუხი არ გაუცია, თუმცა 1937 წლის 4 ნოემბერს "ლატავრას" გენერალური რეპეტიციის შემდეგ, მიქელაძე დააპატიმრეს.


ეროვნულ არქივში დაცულია ქეთევან ორახელაშვილის მოგონება ევგენი მიქელაძის შესახებ:


„გამოვედით თეატრიდან. იმ ღამეს იმელის შენობას ხარაჩოებს ხსნიდნენ. "წამოდი, ვნახოთ იმელი"- ვუთხარი, "არა, ხვალ“ - მიპასუხა. მე ვუთხარი: - „თუ გვაქვს ეს ხვალ..." აი, ეს სიტყვები ვთქვი უცნაურად. მართლაც, არ გვქონდა ის ხვალ და კიდევ კარგი, რომ მოვასწარი მისი ნახვა. სახლში არ დაბრუნებულა. რომ გავახილე თვალები, სამი კაცი იყო ჩემს ოთახში და მკითხეს სად არისო. ვუთხარი: თეატრშია-მეთქი, არ უნდა მეთქვა, მაგრამ დავიბენი. რომ არ მეთქვა, შეიძლება მოესწრო სახლში მოსვლა. ეს სამუდამოდ დამრჩა“.



ევგენი მიქელაძე დაპატიმრების შემდეგ სასტიკად აწამეს და რამდენიმე დღეში დახვრიტეს. მაშინ დირიჟორი მხოლოდ 35 წლის იყო. 1938 წლის 7 იანვრის დადგენილებით ქეთევან ორახელაშვილს, როგორც სამშობლოს მოღალატის ცოლს, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და ყაზახეთში აკმოლინსკის ბანაკში მოათავსეს. სწორედ ამ ბანაკში იხდიდა სასჯელს კირა ანდრონიკაშვილიც.


გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, ქეთევან ორახელაშვილმა ითამაშა დედის როლი ლანა ღოღობერიძის ფილმში - "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე". ფილმში ქეთევან ორახელაშვილი ლანა ღოღობერიძის დედის პროტოტიპია და სურათში სრული სიზუსტით შევიდა სცენა ლანა ღოღობერიძის ცხოვრებიდან, როცა ნუცა ღოღობერიძე დაბრუნდა გადასახლებიდან.


2017 წელს გრიბოედოვის თეატრში რეჟისორმა ავთო ვარსიმაშვილმა დადგა სპექტაკლი "ალჟირი" (აკმოლინსკის ბანაკი სამშობლოს მოღალატეთა ცოლებისათვის), სადაც მხატვრულადაა გააზრებული ის პერიოდი, როცა სრულიად უდანაშაულო ადამიანები იხდიდნენ სასჯელს მხოლოდ იმიტომ, რომ სამშობლოს მოღალატეების ცოლები იყვნენ.


საბოლოო ჯამში ამ კონკრეტულ ბანაკში 8 ათასი ქალი იმყოფებოდა, საიდანაც სამასი საქართველოდან იყო. კირა ანდრონიკაშვილთან და ქეთევან ორახელაშვილთან ერთად ამ ბანაკში იმყოფებოდნენ მწერალ ბულატ ოკუჯავას დედა, აშხენ ნალბანდიანი, მწერალ ნოდარ დუმბაძის დედა, ალექსანდრა დუმბაძე და მამიდა თამარ დუმბაძე...



ავტორი: ზაურ მირიანაშვილი


ფოტოები: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; დამანა მდივნიშვილი



"აღსრულდა სამართალი... დავრჩი აბსოლუტურად უსახლკაროდ!" - რატომ დაკარგა ბესო ზანგურმა საცხოვრებელი და რას წერს მსახიობი "ფეისბუქზე"?

"ტბაზე ბანაობა აკრძალულია, რადგან ძალიან დამრეცი ნაპირები აქვს... თუმცა ტერიტორიას არავინ აკონტროლებს" - რა გახდა გარდაბანში ტრაგედიის მიზეზი?

2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულიდან ორი თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მასწავლებელია