ბინადრობის უფლების მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქეები ე.წ. კარუსელს ატრიალებენ, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია კანონში არსებული ხარვეზები დროულად გამოსწორდეს.
"ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს უცხოელების მიერ საქართველოში ბინადრობის მიღების უფლებასთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი. კერძოდ, დღეს არსებული კანონმდებლობით, საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის მოწმობის მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქემ უნდა შეიძინოს 35 000 დოლარის ღირებულების უძრავი ქონება. აღნიშნული რეგულაციების მიხედვით, კანონის ხარვეზი მდგომარეობს იმაში, რომ თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიძენს საქართველოში 35 000 დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას, ის ღებულობს ერთწლიანი ბინადრობის უფლებას, მაგრამ თუ ამ საკუთრებას ის გადასცემს სხვას, ისიც მოიპოვებს ბინადრობის მოწმობას.
ძალიან ბევრია შემთხვევები, როდესაც ერთი ადამიანი ყიდულობს ბინას და შემდეგ ფიქტიურად გადააფორმებს სხვა პიროვნებებზე და ისინიც იღებენ ბინადრობის უფლებას, ატრიალებენ ე.წ. კარუსელს, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის. ჩვენ მივესალმებით და არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჩამოვიდნენ საქართველოში, აწარმოონ კანონიერი ეკონომიკური საქმიანობა, მიიღონ განათლება, მაგრამ კანონი და წესი უნდა იყოს ისეთი, როგორიც შესაბამისობაში იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან.
ამ თემაზე საუბარი მქონდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან, ასევე ვესაუბრე კანონის ინიციატორებს - ილია წულაიას და გოჩა ენუქიძეს. პარლამენტში უკვე მოხდა განხილვა და მინდა, მივმართო ჩვენს პარლამენტარებს, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ამ ცვლილების მიღება.
ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ცვლილება გვინდა განვახორციელოთ და 35 000 დოლარის ნაცვლად, ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად მოთხოვნილი იქნება 100 ათასი დოლარის ღირებულების უძრავი ქონება. ასევე, იმ შემთხვევაში თუ პირი, რომელმაც მიიღო ერთწლიანი ბინადრობის უფლება, გაასხვისებს ან გადასცემს სხვას თავის ქონებას, იგი დაკარგავს ბინადრობის უფლებას. ანუ შეუძლებელი იქნება ერთი უძრავი ქონებით სხვადასხვა პირისთვის ბინადრობის უფლების მინიჭება.
რაც შეეხება ინვესტიციის საფუძველზე ბინადრობის უფლების მიღებას, დღეს მოქმედი წესით თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე განახორციელებს 300 ათასი ლარის ოდენობის ინვესტიციას, მას ენიჭება განუსაზღვრელი ვადით ბინადრობის უფლება. აქაც გარკვეული ცვლილებები განხორციელდება. ჩვენი ინიციატივა არის 300 000 ლარი შეიცვალოს 300 ათასი დოლარით და მუდმივი ბინადრობის უფლება შეიცვალოს 5-წლიანი ბინადრობის უფლებით. მგონია, რომ ძალიან მნიშვნელივანია კანონში არსებული ხარვეზების გამოსწორება გამომდინარე ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან და ეროვნული უსაფრთხოებიდან. დარწმუნებული ვარ, პარლამენტიც მხარს აგვიბამს, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, რათა კანონში ეს ხარვეზი გამოსწორდეს", - განაცხადა კალაძემ.