ავტორი:

ლეგენდარული მიუზიკლის დაბრუნება წლების შემდეგ - "ჩხიკვთა ქორწილის" ანშლაგი "ბლექ სი არენაზე"

ლეგენდარული მიუზიკლის დაბრუნება წლების შემდეგ - "ჩხიკვთა ქორწილის" ანშლაგი "ბლექ სი არენაზე"

წლების შემდეგ, ლეგენდარული ქართული მიუზიკლი "ჩხიკვთა ქორწილი" განახლებული სახით დაბრუნდა "ბლექ სი არენას" სცენაზე.

წარმოდგენის დილას, 28 აგვისტოს, საიტზე, სადაც განახლებული მიუზიკლის ბილეთები იყიდებოდა, არცერთი ბილეთი აღარ იყო დარჩენილი. ანსამბლ “ივერიისგან”, რომელიც წელს 50 წლის გახდა, ანშლაგები არავის უკვირს, თუმცა რამდენიმეათასიანი არენის შევსება თავად მისი ხელმძღვანელობისთვისაც საამაყო აღმოჩნდა.

განახლებული შეფუთვა, კოსტიუმები და რაც მთავარია, ძველი ივერიელები ახალ მონაწილეებთან ერთად - ქეთევანის და ზაქარას როლებზე, ნუცა ბუზალაძე და ანდრია გველესიანი არიან დაკავებულნი. როიალთან, რასაკვირველია, გია ბაღაშვილი იჯდა, ანსამბლის მთავარი მამოძრავებელი ძალა, ჯემალ ბაღაშვილი კი კულისებიდან ადევნებდა თვალს იმას, რაც გრანდიოზულ სცენაზე ხდებოდა.

მიუზიკლის 37 მონაწილე, მათ შორის უცვლელი არწივი - თემურ წიკლაური, მაყურებლისთვის საყვარელი ვახტანგ ტატიშვილი და ნუგზარ კვაშალი, მანანა თოდაძე და სხვა ცნობილი სახეები სიამოვნებით ასრულებდნენ როლებს, რომლებიც მათთვის ასეთი ძვირფასია…

დადგმა საქართველოში სულ მცირე, რვაასჯერ არის განხორციელებული და “ივერიის” კიდევ ერთი წარმატებული პროექტია, რომელმაც ამჯერად უფრო დიდი მასშტაბი შეიძინა შეკვეთილში მდებარე "ბლექ სი არენას" სცენაზე.

განსაკუთრებული მომენტი იყო ეკრანზე ალექსანდრე ბასილაიას კადრების გამოჩენა… მისი ერთ-ერთი ბრწყინვალე შესრულება ერთი ნომრის გაგრძელება გახლდათ და მაყურებლისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა, მისი დასრულების შემდეგ დარბაზში მსხდომებმა კომპოზიტორის ხსოვნას პატივი ფეხზე წამოდგომით და ხანგრძლივი აპლოდისმენტებით მიაგეს.

ალექსანდრე ბასილაიას მუსიკა კიდევ ერთხელ გაცოცხლდა და მსმენელმა გაიხსენა ის კომპოზიციები, რომლებიც რამდენიმე ათეული წელია, არ კარგავს პოპულარობას და აქტუალურობას.

მიუზიკლის ბოლოს მონაწილეებს ხანგრძლივი აპლოდისმენტები ხვდათ წილად. გია ბაღაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა “ბლექ სი არენას” ხელმძღვანელობის წვლილი და შენატანი საიუბილეო დადგმის წარმოდგენაში ასეთ მასშტაბურ სივრცეში და მადლობა გადაუხადა მთლიან ჯგუფს გაწეული დახმარებისთვის.

მიუზიკლი მხოლოდ ერთი დღით იყო წარმოდგენილი “ბლექ სი არენაზე”. ამ კონცერტით დაიხურა “ქართული ზაფხული არენაზე”, რომლის ფარგლებშიც, Check in Georgia-ს ეგიდით, 5 ქართული კონცერტი გაიმართა, უცხოელი ვარსკვლავების მონაწილეობით.

იხილეთ ვიდეო: "ბლექ სი არენაზე" განახლებული "ჩხიკვთა ქორწილის" პრემიერა გაიმართა

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს