ავტორი:

"ახლა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, წინა ხელისუფლებიდან გადმობარგებულმა მაფიოზურმა დაჯგუფებამ უნდა შეარჩიოს"

"ახლა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, წინა ხელისუფლებიდან გადმობარგებულმა მაფიოზურმა დაჯგუფებამ უნდა შეარჩიოს"

საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი მართლმსაჯულებისთვის მნიშვნელოვან პროცესს წყვეტს და ფარ-ხმალს გაუგებარი მოტივით კიდევ ერთხელ ყრის - გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას პარლამენტს აღარ წარუდგენს.

სანამ მარგველაშვილი დუმს და საზოგადოებას არ განუმარტავს, რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, როგორც მმართველი პარტია, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები მას ისევ უსუსურ და უპასუხისმგებლო ფიგურად მოიხსენიებენ. მთავარი კი საზოგადოებას წინ ელოდება - კონსტიტუციის ახალი რედაქციით, თუ მოქმედი პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პარლამენტს არ წარუდგენს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ძალაში ქვეყნის შეცვლილი მთავარი დოკუმენტი შევა, რომლის თანახმადაც, პირველ მოსამართლეს იუსტიციის საბჭო აირჩევს და შერჩეულ კანდიდატურას დასამტკიცებლად პარლამენტს თავადვე წარუდგენს.

რატომ გადაულოცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პრეროგატივა მარგველაშვილმა იუსტიციის საბჭოს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც იუსტიციის საბჭო მწვავედ არაერთხელ გაუკრიტიკებია, "კვირის პალიტრა" ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაუბრა:

- როგორც ამბობენ, სამოქალაქო სექტორი პრეზიდენტს მხოლოდ კრიტერიუმებს სთავაზობდა, რომლის მიხედვითაც კანდიდატი უნდა შერჩეულიყო, თუმცა პერსონების დასახელებისგან სამოქალაქო სექტორმა თავი შეიკავა და ეს პრეროგატივა პრეზიდენტს მიანდო.

- ამაზე თავად იმ პირებმა უნდა ილაპარაკონ, რომლებიც კონსულტაციებში მონაწილეობდნენ, თუმცა ეს მაინც არ ამართლებს მარგველაშვილის გადაწყვეტილებას. გასაგებია, რომ შესაძლოა საპარლამენტო უმრავლესობას პრეზიდენტის კანდიდატისთვის მხარი არ დაეჭირა, თუმცა ერთია წარდგენა, მეორე - მაღალი საზოგადოებრივი ყურადღების კონცენტრირება ღირსეული კანდიდატისა და მთლიანად პროცესის გარშემო.

"ქართული ოცნება" საზოგადოებრივ მონიტორინგს ჯერ კიდევ უწევს ანგარიშს, ნაცვლად ამისა, მარგველაშვილმა საბოლოოდ დაუსვა წერტილი თუნდაც იმ მცირე შანსს, რომელიც არსებობდა - იუსტიციის საბჭოში არსებულ კლანს საზოგადოება დაჰპირისპირებოდა.

არ არსებობს განმარტება, რომელიც მარგველაშვილის ამ უცნაურ ნაბიჯს აგვიხსნის. "ქართული ოცნებისგან" რა ეწყინა, თავად პროცესი მოსწყინდა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს გაუბრაზდა, გულწრფელად ვერ გამიგია".

- ახლა მის ნაცვლად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს იუსტიციის საბჭო აირჩევს, ანუ საბჭო, რომელთანაც საზოგადოებასა და მათ შორის, პრეზიდენტს მწვავე კითხვები დიდი ხანია აქვთ...

- დიახ, მარგველაშვილი ამ გადაწყვეტილებით სახიფათო ზონაში შევიდა - ახლა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე წინა ხელისუფლებიდან გადმობარგებულმა მაფიოზურმა დაჯგუფებამ უნდა შეარჩიოს. ეს კლანი კიდევ უფრო დაასნეულებს ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ მართლმსაჯულებას და საზოგადოებას წაართმევს ბოლო შანსს, რომ სასამართლო სისტემა ერთხელ და სამუდამოდ გაჯანსაღდეს. უახლოეს მომავალში მივიღებთ ჩაბეტონებულ და დამარხულ მართლმსაჯულებას, საბოლოოდ კი ეს ისევ ხელისუფლებას დაუჯდება მძიმე პოლიტიკურ ფასად - სამართლის პოვნის იმედდაკარგულ საზოგადოებას ვითარება რევოლუციურ რეჟიმში გადაჰყავს - თუ არ არის სამართალი, არ იქნება მშვიდობა.

თუ მმართველ გუნდს აქვს ილუზია, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის მართვას შეძლებს, მწარედ ცდება, რადგან როდესაც ურჩხული წამოიზრდება, ის მშობელს აუცილებლად შეჭამს. ეს ცხოვრებისა და პოლიტიკის დაუწერელი კანონია. თუ ჩინჩალაძე ამჯერად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს ჩაიგდებს ხელში, კლანს კიდევ მეტი ამბიცია გაუჩნდება. თუ სააკაშვილის დროს ისინი პოლიტიკურ დაკვეთაზე მუშაობდნენ, ახლა შეეცდებიან თავად უკარნახონ თამაშის წესები ხელისუფლებას. მურუსიძე-ჩინჩალაძის ტყვეობაში ყოფნა "ქართულ ოცნებას" პოლიტიკურად დაასრულებს წაიკითხეთ ვრცლად

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები