მომღერალი, მუსიკოსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ნუგზარ ერგემლიძე, სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" მსახიობად მოგვევლინა და მისი გმირი გოგი კირვალიძე საკმაოდ პოპულარულიც გახდა. როგორც ერგემლიძე ამბობს, ეს გმირი ტრაგიკული ადამიანია, არადა მაყურებელი კომიკურ, გაშარჟებულ პერსონაჟად აღიქვამს.
ჟურნალმა "სარკემ" ნუგზარ ერგემლიძესთან ინტერვიუ ჩაწერა, საიდანაც ფრაგმენტებს გთავაზობთ:
- ბატონო ნუგზარ, თქვენი თაობის მამაკაცებიდან ალბათ ბევრი ჰგავს გოგი კირვალიძეს, ის გარკვეული კატეგორიის ადამიანების კრებითი სახეა... ზოგადად თქვენი თაობა რა ღირებულებებით, რა მისწრაფებებით ცხოვრობდა?
- ახლა მეტი თავისუფლებაა, მაგრამ ჩვენ ვახერხებდით მეგობრობას, შეხვედრებს, ლექსებს ვკითხულობდით, სიმღერებს ვმღეროდით სანთლის შუქზე, გვიყვარდა ეს ყოველივე, რადგან უფრო რომანტიკულია. ბუნებაში დავდიოდით - კოცონი, გიტარა…
მაშინ რთული იყო კომუნიკაცია, ახლა გვიკვირს, როგორ ვახერხებდით ურთიერთობას. ერთხელ სამი დღე არ ვიყავი სახლში - მეგობრებმა გადავაბით ქეიფი. სახლში დაბრუნებულს მითხრეს, რომ ქალაქ უფადან რეკავდა ვახტანგ კიკაბიძე და ბას გიტარისტად უნდოდა ჩემი მიწვევა "ორერაში". სანამ მე სახლში დავბრუნდი, სხვა იპოვეს. დღეს აუცილებლად მიპოვიდნენ და "ორერას" წევრი ვიქნებოდი...
- თქვენს ცხოვრებაში ყოფილა ფინანსური ჩავარდნები?
- იყო მომენტები, კაპიკი ფული არ მქონდა. ჩემი ნახატი გავიტანე ჭრელ აბანოსთან, მხატვრების გამოფენა რომაა და 50 მანეთად გავყიდე. სიხარულით მივედი სახლში, რადგან ეს უკვე საჭმლის ფული იყო, ეს იმაზე მეტი ფული იყო მაშინ, ვიდრე ახლა 300 ლარია. ახლაც ასე ვარ - თავი გაგვაქვს როგორღაც. ფული რომ არ მაქვს, ონლაინსესხს ვიღებ და მერე ჩავასესხებ ხოლმე.
წესიერ ქვეყანაში ბანკებით ცხოვრობს ხალხი, რადგან ბანკები ადამიანებს არ ახრჩობენ. ჩვენთან კი ბანკი გადასულია დახრჩობაზე, აქ უკუღმაა – ვისაც შემოსავალი აქვს, მას არ ასესხებენ და ვისაც არაფერი აქვს, გარდა სახლის, მას აძლევენ, რათა მერე ის სახლი წაართვან.
რაც შეეხება გოგის, ოპტიმისტი კაცია. ამაში და იუმორში მგავს, იმაშიც, რომ მღერის. ძალიან დიდი მადლობელი ვარ სცენარისტ ქეთი დევდარიანის, რომ მამღერა სერიალში. კიდევ თუ მამღერებენ, გადასარევი იქნება.
საახალწლო დღეებში ყველა ტელეკომპანია ყველაზე მეტს ჩემს სიმღერას უშვებს, რადგან ჩემი დაწერილია "ბაკურიანი", "თოვლი მოდის, არემარე ფანტელებით იფარება" და სხვა საახალწლო სიმღერები, რომლებსაც ატრიალებენ ხოლმე. ჩემი ლექსებია "გულმართალი კაცი მიყვარს", "ნატვრის ხეო, ნატვრის ხე" და ა. შ. ბევრმა არ იცის ეს, რადგან არ აცხადებენ. ჩემს ახალგაზრდობაში ეს ყველამ იცოდა, რადგან რადიო აცხადებდა – მუსიკა ამისი და ლექსი ამისა და ამისაო.
კანონები უნდა შემოვიღოთ, რომ ბიზნესი, რომელიც ფულს ჩადებს ხელოვნებაში, გათავისუფლდეს იმ რაოდენობის გადასახადისგან, 20%-ით ხომ იბეგრება გადასახადი, 2% თუ ჩადო ადამიანმა ხელოვნებაში, სახელმწიფომ უნდა აპატიოს ის 2%. ამით მოკვდება მათხოვრული დამოკიდებულება. კომპანია მოგცემს იმ 2%-ს, რადგან მას ურჩევნია, ფილმში ჩადოს, ვიდრე ბიუჯეტს გაატანოს, თუმცა ის ფული ბიუჯეტს მაინც უბრუნდება.
პოლიტიკური ნებაა საჭირო, რომ ხალხი მეტად დასაქმებული იყოს. გოგის სიტყვებს ვიტყვი, რის ანტი, რის ნიუტონი, მთავარი სიმღერა და ცეკვაა ამ ქვეყანაზე. გართობაა მთავარი!
რუსუდან ადვაძე, ჟურნალი "სარკე"