"სახე" 20 წლის იუბილეს გრანდიოზული და დასამახსოვრებელი კონცერტით "ჩექ ინ ჯორჯიას" ფარგლებში, "ბლექ სი არენაზე" შეხვდა. 24 აგვისტოს, ძველი და ახალი ჰიტებით, "სახის" წევრებმა - დათო ხუჯაძემ, დათო ფორჩხიძემ და ბორიკო შხიანმა მთელი დარბაზი აამღერეს.
როცა ვწერთ, მთელი დარბაზი, აქ მართლაც იგულისხმება ყველა ის ადამიანი, ვინც იმ დღეს არენაზე მივიდა საყვარელი ჯგუფის მოსასმენად და ძველი, ნოსტალგიური დროის გასახსენებლად, ან უბრალოდ, იმისთვის, რომ სულ ახლახან მოსმენილი სიმღერები კიდევ ერთხელ მოესმინათ, დარბაზში უამრავი თინეიჯერი იყო, რომელთაგან არც ერთი იყო მაშინ დაბადებული, როცა "სახე" ქართული პოპის ისტორიას ქმნიდა. თან, ეს 20 წლის წინ იყო...
ჯგუფს დიდი პაუზა ჰქონდა, მაგრამ ამჟამად მაინც შეძლეს დიდ არენაზე უამრავი გულშემატკივრის შეკრება და ეს იმის დამსახურებაა, რომ ისინი ყოველთვის ცდილობენ, ფეხი აუწყონ სიახლეებს, რაც დღევანდელ მუსიკალურ ბაზარზე ტრიალებს. დიჯეის რიტმებზე მათ ბენდის წევრების ცოცხალი შესრულება დამიქსეს და ბექებისა და საკუთარი ვოკალების შერწყმით, ისეთი მდიდრული ჟღერადობა მიიღეს, რომელიც ნებისმიერი მუსიკოსისთვის სასურველია. ახალი სიმღერებიდან თითქმის ყველა ჰიტია.
და დარბაზმა ისინი ძალიან კარგად მიიღო, მაგრამ სიმღერებიდან რასაკვირველია, ძველს და ნაცნობს აჰყვნენ. მათ შორის, ძალიან შთამბეჭდავი იყო "წვიმად გადავიქეცი", "დიდხანს გელოდი", "ჰეა, ვეა" და რა თქმა უნდა, შუა აგვისტოში შესრულებული "თოვლი მოსულა", რომლის მღერაც დარბაზმა მთლიანად საკუთარ თავზე აიღო. არენის სცენიდან იმდენი ნაცნობი მელოდია გადმოიღვარა, რომელმაც უამრავი ადამიანი ააცეკვა და შესანიშნავ ხასიათზე დააყენა.
კონცერტის შემდეგ დათო ხუჯაძემ აღნიშნა:
"პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო "ჩექ ინ ჯორჯიას" და "ბლექ სი არენას" ამ შესაძლებლობისთვის. არენის ტექნიკურ ჯგუფს ცალკე მადლობა ეკუთვნის, რადგან ასეთი დახმარება, რაც მათ გაგვიწიეს, არსად გვქონია. ასეთი არენაც არ მინახავს არსად და ეს დარბაზიც სხვანაირ დონეს ითხოვდა. ჩემი აზრით, ჩვენ ეს შევძელით და საუკეთესო კონცერტი ჩავატარეთ".
დათო ფორჩხიძის თქმით, მისთვის ყველაზე სასიამოვნო იყო, როცა ამდენი ხალხი მღეროდა მათ სიმღერებს, "თანაც, ჩვენზე უკეთ", დასძინა მომღერალმა ღიმილით ჟურნალისტებთან საუბრისას.
არენის აღფრთოვანებას ვერ მალავდა "ფოეთრი ენ მოუშენის" სოლისტი, რომელმაც სოციალურ ქსელში ბლექ სი არენის საგრიმიოროებიდან და დარბაზიდან ჩართვაც კი გააკეთა. მაიკლ უილიამსის თქმით, მისთვის "სახესთან" თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. "ჩემო თბილის-ქალაქოზე" მისი და სახის სტუდიის ბავშვების გამოსვლა ძალიან ეფექტური აღმოჩნდა...
კონცერტმა საათნახევარზე მეტ ხანს გასტანა. შემდეგ მსმენელები საყვარელ მომღერლებთან ფოტოების გადასაღებად მიიჩქაროდნენ...
ქართული ზაფხული არენაზე, "სახის" გრანდიოზული კონცერტის შემდეგ, 28 აგვისტოს "ჩხიკვთა ქორწილის" განახლებულ ვერსიას მასპინძლობს.
ფოტო: დათუნა აგასი