ავტორი:

რა ცვლილებები იგეგმება სკოლებში ახალი სასწავლო წლიდან - სამინისტროს წარმომადგენელი სიახლეებზე

რა ცვლილებები იგეგმება სკოლებში ახალი სასწავლო წლიდან - სამინისტროს წარმომადგენელი სიახლეებზე

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი მარიამ ჩიქობავა "ინტერპრესნიუსთან" იმ ცვლილებების შესახებ საუბრობს, რომელიც 2018-2019 წლის სასწავლო წლისთვის სკოლებშია მოსალოდნელი.

ჩიქობავას განმარტებით, ერთ-ერთი, რასაც სამინისტრო გეგმავს, ელექტრონული ჟურნალის ფორმირება და მისი გამარტივებაა. როგორც რესპონდენტმა აღნიშნა, ელექტრონულმა ჟურნალმა სამაგიდო ჟურნალი მთლიანად უნდა ჩაანაცვლოს.

„ეს ჟურნალი მოსახმარად უნდა იყოს მარტივი, დაზოგოს პედაგოგის დრო. ეს აუცილებლად გადახალისდება. ვფიქრობ, რომ ელექტრონულ ჟურნალს ალტერნატივა არ აქვს, მისი გაუქმება არ იგეგმება. არ უნდა მოხდეს ისეთი შეცდომები, როგორიც ახლა საკმაოდ ხშირად გვაქვს, მაგალითად, იყო შემთხვევები, როდესაც მოსწავლე მედალზე წარადგინეს, თუმცა, შეფასება არასწორად იყო გამოყვანილი, შემაჯამებელი შეფასება აკლდა და ა.შ.

ათობით განაცხადის განხილვა გვიწევს იმის გამო, რომ მოსწავლე მედლის გარეშე დარჩა, ან „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ბენეფიციარი ვერ გახდა. ელექტრონულმა ჟურნალმა უნდა ჩაანაცვლოს სამაგიდო ჟურნალი, ორივე ერთად ვერ იქნება. ეს კარგი იქნება მშობლისთვისაც, რადგან მას ონლაინრეჟიმში, სახლიდან გაუსვლელად ექნება წვდომა, რას აკეთებს მისი შვილი სკოლაში, რა პრობლემები და მიღწევები აქვს.

საჯარო სკოლებში ოფიციალურად ახლა ასე არ არის. ელექტრონული ჟურნალის სისტემა კარგად არის დანერგილი კერძო სკოლებში. თუმცა, როდის ჩაანაცვლებს საჯარო სკოლებში ელექტრონული ჟურნალი სამაგიდო ჟურნალს, ამის თქმა გამიჭირდება“, - განაცხადა ჩიქობავამ.

რაც შეეხება გაკვეთილის ხანგრძლივობას, რესპონდენტის ინფორმაციით, დაწყებით კლასში გაკვეთილების ხანგრძლივობა მცირდება.

„გაკვეთილების ხანგრძლივობა მე-2 კლასში 5 წუთით შემცირდა და ნაცვლად 45 წუთისა, 40-წუთიანი გახდა; პირველ კლასში გაკვეთილის ხანგრძლივობა განსაზღვრულია 35 წუთით, მე-2 კლასში - 40 წუთით, ხოლო მე-3-მე-12 კლასებში - 45 წუთით. გარდა ამისა, პირველ კლასში აუცილებელია გაკვეთილის დაწყებიდან 15 წუთის შემდეგ, მასწავლებელმა ბავშვები ფიზიკური აქტივობით გაავარჯიშოს, რადგან პირველკლასელებს განსაკუთრებით უჭირთ დიდხანს ერთ ადგილას ჯდომა, ამიტომ მათთვის განსხვავებული ფორმის აქტივობების შეთავაზება აუცილებელია“, - დასძინა ჩიქობავამ.

ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის თქმით, კიდევ ერთი ცვლილება იქნება ის, რომ ქართული ენის გრამატიკის გაკვეთილები მე-5, მე-6 კლასებში ცალკე ჩატარდება.

„ქართულ ენასა და ლიტერატურაში გვაქვს სიახლე. ცალკე გამოიყო ენის კომპონენტი მე-5, მე-6 კლასებში. აქამდე ქართული ენა და ლიტერატურა გვქონდა და ცალკე ენის კომპონენტი გამოყოფილი არ იყო. მასწავლებლის გადასაწყვეტია, რამდენ საათს დაუთმობს ენის გაკვეთილს, მაგრამ ენის გრამატიკული ასპექტი აუცილებლად უნდა იყოს გამოყოფილი. მაგალითად, კვირაში თუ 5 საათია ენასა და ლიტერატურაზე გამოყოფილი, აქედან მასწავლებელმა თვითონ უნდა განსაზღვროს რამდენი საათი იქნება ენის გაკვეთილი.

შესაძლებელია ინტეგრირებული იყოს ლიტერატურის გაკვეთილთანაც, თუმცა, შესაძლებელია ცალკე საათიც დაუთმოს, როგორც ამას საჭიროება მოითხოვს. ამის თხოვნა თვითონ მასწავლებლებისგანაც მოდიოდა, რომ ცალკე ჩაეტარებინათ ენის გაკვეთილები მოსწავლეებისთვის; ამას აქამდეც არავინ უშლიდათ, მაგრამ მკაფიოდ გამოკვეთილი არ იყო“, - განაცხადა მარიამ ჩიქობავამ.

ამასთან, სიახლეები ელით მცირეკონტინგენტიან სკოლებს, სადაც შესაძლოა, ორ კლასს ერთი დამრიგებელი ჰყავდეს. როგორც სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი აღნიშნავს, მცირეკონტინგენტიან სკოლებში სამინისტროს რეკომენდაციაა, რომ ერთ დამრიგებელს არანაკლებ 10 მოსწავლე ჰყავდეს.

„კლასს აუცილებლად უნდა ჰყავდეს დამრიგებელი და ის აუცილებლად უნდა იყოს იმავე სკოლის პედაგოგი. თუმცა, შესაძლებელია მცირეკონტინგენტიან სკოლებში ორ კლასს ერთი დამრიგებელი ჰყავდეს. ასეთ სკოლებში ერთადერთი რეკომენდაციაა, რომ ერთ დამრიგებელს არანაკლებ 10 მოსწავლე ჰყავდეს“, - განაცხადა მარიამ ჩიქობავამ.

მისივე განმარტებით, ამ ტიპის სკოლებში რამდენიმე საგანში, შესაძლოა, ორ კლასს ერთი გაერთიანებული გაკვეთილი ჩაუტარდეს. ჩიქობავას ინფორმაციით, მაღალმთიანი რეგიონების სკოლებში 1-ელი ან მე-3 და მე-2 და მე-4 კლასის მოსწავლეებით კლასკომპლექტები შეიქმნება.

„კლასკომპლექტში შესაძლებელია იყოს მაქსიმუმ 10 მოსწავლე და შესაძლებელია გაერთიანდეს ორი კლასის მოსწავლეები. მაგალითად, 1-ელი და მე-3 ან მე-2 და მე-4 კლასის მოსწავლეები ერთ კლასში. არ არის აუცილებელი, რომ ყველა საგანში ეს ბავშვები გაერთიანდნენ. მაგალითად, ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შესაძლებელია ასეთი კლასკომპლექტის შექმნა და აქ შესაძლებელია ორზე მეტი კლასის გაერთიანებაც კი. ან შესაძლოა, ხელოვნების გაკვეთილზე მოხდეს დაჯგუფება. ეს თვითონ სკოლამ უნდა გადაწყვიტოს, როგორ დაგეგმავს და რას გააკეთებს.

თუ კარგად მოხდება დარეგულირება, ვნახავთ, რომ უფროსკლასელები საკმაოდ კარგი მასწავლებლები არიან უმცროსკლასელებისთვის, კარგად არიან ჩართულები ამ სასწავლო პროცესში. რაც შეეხება მათემატიკის საგანს, აქაც კი შესაძლებელია 1-ელი და მე-3 კლასის მოსწავლეებისთვის ერთი გაკვეთილის ჩატარება, რადგან თავ-თავიანთი სასწავლო პროგრამით ჩაუტარდებათ მათ გაკვეთილი. მერწმუნეთ, ასეთ კლასკომპლექტში გაცილებით მეტ ცოდნას მიიღებენ მოსწავლეები, ვიდრე, 35-მოსწავლიან ჯგუფში“, - განაცხადა ჩიქობავამ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ