სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის დედა მარინა მარტიაშვილი მისი შვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და მის გათავისუფლებას მოითხოვს.
აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს. როგორც მარტიაშვილი აცხადებს, მისი შვილი უდანაშაულოა.
"ჩემი შვილი დამნაშავე არ არის. დარწმუნებული ვარ, უდანაშაულოა, რადგან მე ვიცი, რაც არის ჩემი შვილი. ამ დანაშაულს იგი არ ჩაიდენდა", - განაცხადა მარტიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მალხაზ კობაურს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობა) აქვს წარდგენილი.
19 წლის მწყემსს, რომელსაც ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობა ედება ბრალად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
იხილეთ ვიდეო: მალხაზ კობაურის დედა - მე ვიცი, რაც არის ჩემი შვილი, ამ დანაშაულს არ ჩაიდენდა